რისკები და ბიძინა ივანიშვილის ფასიანი ქაღალდები - კვირის პალიტრა

რისკები და ბიძინა ივანიშვილის ფასიანი ქაღალდები

აქციებისა და ობლიგაციების შეფასება პრემიერ-მინისტრის ოჯახის ქონებრივი დეკლარაციიდან

ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია (#044171) ახალი წლის წინა დღეებში გამოქვეყნდა. დოკუმენტში მოყვანილია ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშებისა და სხვადასხვა ხარჯის შესახებ. ნაღდი ფული განთავსებულია საქართველოს, რუსეთის, შოტლანდიისა და შვეიცარიის ბანკებში, ოცდაორ მიმდინარე ფულად ანგარიშზე. გასავლის ნაწილში მოყვანილია კომუნალური, საიჯარო და სხვა ხარჯები, გაცემული დახმარებებისა და სესხების ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრის ოჯახს საქართველოში რამდენიმე ათეული მიწის ნაკვეთი და შენობა ეკუთვნის - თბილისში, ბაკურიანში, საჩხერეში, საგურამოში, ნატანებში, საირმესა და შეკვეთილში, აგრეთვე ოთხი მიწის ნაკვეთი და შენობა რუსეთის ფედერაციაში - მოსკოვსა და ოდინცოვოს რაიონში. უძრავი ქონების ღირებულება მოყვანილი არ არის. არც დამატებით სხვა უძრავი ქონებაა მითითებული კიდევ რომელიმე მესამე ქვეყანაში.

რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს - ოჯახი ფლობს ათეულობით ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების აქციებს, მათ შორის "გუგლისა" და "სიმენსის", აგრეთვე საქართველოში მოქმედი ფრანგული "კარფურის" 30 ათას აქციას. არსად არის ნახსენები რუსული „გაზპრომის“ აქციები. საზოგადოებაში მოარული აზრით, ოჯახი ამ ენერგოგიგანტის 1%-ს აკონტროლებს ($1,2 მილიარდად შეფასებულს). თუ ეს მართალია, შესაძლოა, პაკეტს ერთ-ერთი ფონდი ან კომპანია მართავდეს, რომელიც დეკლარაციაში სხვა სახელით არის მოყვანილი. გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან დეკლარაციაში არ არის ნაჩვენები რეალური კაპიტალიზაცია ან საბაზრო ფასი. ამ მონაცემების მოძიება ღია ტიპის კომპანიებისთვის ადვილია, მაგრამ არ ხერხდება დახურული ტიპის საზოგადოებებისთვის - ისინი ბირჟებზე წარმოდგენილი არ არიან. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის "გაზპრომის" აქციებს აღარ ფლობს.

დეკლარაციაში აღნუსხული აქციების ნაწილი მიეკუთვნება მოქმედ წარმოებებს ("სიმენსი", "გუგლი", თელეკომუნიკაცჯა Polska S.A.) ან ბანკებს (JP Morgan Chase & Co, BANK PEKAO შ.A. ORD-ი, "პროგრესბანკი"), ნაწილი კი ე.წ. ჰეჯფონდებს, რომლებიც თვითონ ვაჭრობენ ბაზარზე აქციონერების თანხებით, ფასიანი ქაღალდებითა და სხვა აქტივებით (Standard Life Investments-ი, Goldman Sachs Structured Investment-ი, ACL Fund SICAV.-ი).

დეკლარაციაში მოყვანილი აქციების ნომინალური ღირებულება რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან აქციების საბირჟო შეფასებები ყოველთვის განსხვავდება ნომინალურისგან. მაგალითად, "გუგლის" ერთი აქცია დეკლარაციაში ნომინალით ღირს $745, რამდენიმე დღის წინანდელი კვოტირებით კი იგი "ნასდაქის" ბირჟაზე შეფასებული იყო მხოლოდ $700-ად. ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის მფლობელი წაგებაში იყო, თუ არ გავითვალისწინებთ აქციებზე დარიცხულ დივიდენდებს. საწინააღმდეგო მაგალითია კომპანია McKensson Corp.-ი, მისი აქციების ნომინალური ღირებულება ($86) გაიზარდა ათი დოლარით, ანუ $96-მდე და მფლობელმა მოგება ნახა.

ცნობისთვის, აქციები არის ქაღალდზე დაფიქსირებული დასტური, რომ აქციის მფლობელს ეკუთვნის ემიტენტი (გამომშვები) კომპანიის წილი. აქციის გამოშვებისას ეს წილი შესაბამის ვალუტაში ფასდება (აქციის ნომინალური ფასი). ბირჟებზე მუდმივად ბრუნავს ღია სააქციო საზოგადოებების აქციები და მათი ღირებულება ემიტენტი კომპანიის მდგომარეობის მიხედვით იცვლება. თუ კომპანია წარმატებული და მომგებიანია, აქციის ფასი იზრდება, თუ მას პრობლემები აქვს, აქციის ფასი ეცემა. ფასთა ეს ცვლილება მეორად ბაზრებზე აქციებით ვაჭრობის საშუალებასაც გვაძლევს.

ობლიგაციები კი არის ქაღალდზე დაფიქსირებული ფინანსური ვალდებულება, განსაზღვრული დროის შემდეგ, მოგებით დაუბრუნონ ობლიგაციის მფლობელს გადახდილი ნომინალური საფასური.

როგორც წესი, თანხების მობილიზებისთვის ობლიგაციებს სახელმწიფო ან მისი ნდობით აღჭურვილი კომპანია უშვებს. სახელმწიფო ობლიგაციის წლიური მოგება იცვლება საშუალოდ 3-დან 15%-მდე და ემიტენტის გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული. კრიზისული ქვეყნებისთვის ეს პროცენტი რისკების გამო იზრდება, წარმატებულ ქვეყნებში კი მოგების პროცენტი მინიმალურია. ინვესტორი ირჩევს ან დაბალპროცენტიან და გარანტირებულ მოგებას, ან მაღალპროცენტიან, მაგრამ რისკებთან დაკავშირებულ ინვესტიციას შორის.

ივანიშვილების ოჯახის დეკლარაციაში მითითებულია ამერიკული და ევროპული ათი ემიტენტის ობლიგაციები (საერთო ნომინალური ღირებულება - $1,070 მილიარდი და 850 ათასი ევრო). ყველა ეს ქაღალდი მიეკუთვნება ნაკლებად რისკიან და დაბალპროცენტიან კატეგორიას. მათზე, სავარაუდოდ, გარანტირებული 4-6%-იანი წლიური მოგება მოდის. ეს წარმოაჩენს ბიძინა ივანიშვილის მოქმედების სტილს საფინანსო ბაზრებზე: ის დაბალპროცენტიან და გარანტირებულ მოგებას ანიჭებს უპირატესობას და არა თანხის მაღალპროცენტიან, მაგრამ შედარებით სარისკო დაბანდებებს.

Admiral Markets-ის ჯგუფი