"უცხოური ბანკები საქართველოში მაღალი განაკვეთების გამო შემოდიან" - კვირის პალიტრა

"უცხოური ბანკები საქართველოში მაღალი განაკვეთების გამო შემოდიან"

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შემდეგ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საბანკო კრედიტებზე პროცენტების დაკლებას შეეცდებოდნენ, მოსახლეობაში იაფი ფულადი რესურსის ბუნებრივი მოლოდინი გაჩნდა. ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იკავებს თავს ბანკისგან ფულის სესხებისგან და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო შემცირებას ელოდება. ამ თემაზე ბანკებში საუბარი არ სურთ და აღნიშნავენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში განაკვეთები სესხებზე 2-3%-ით უკვე დაწიეს.

სამომავლოდ სესხებზე განაკვეთების შემცირებას არ გამორიცხავენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში და ფიქრობენ, რომ ეს პროცესი მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. ასოციაცია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა 2013 წელს საფინანსო ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რაც საბანკო სექტორში ვითარების გაჯანსაღებას გამოიწვევს.

სხვაგვარად ფიქრობენ დამოუკიდებელი ექსპერტები და ოპტიმისტური შეფასებების გაკეთებას, მიზეზთა გამო, არ ჩქარობენ.

ლია ელიავა (ექსპერტი საბანკო საკითხებში): "ვფიქრობ, წლეულს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები არ დაიწევს. 2012 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა იმყოფებოდა ღრმა რეცესიაში. დეფლაციის პირობებში კი მოხმარება, ჩვეულებრივ, მცირდება და მოსახლეობას უგროვდება დიდი ოდენობით ლიკვიდური სახსრები, რომლებიც ეკონომიკაში არ იხარჯება. წარმოიდგინეთ, ბანკებშიც არ მიაქვს მოსახლეობას ეს სახსრები, რაც დაეტყო კიდევაც ბანკებში დეპოზიტების მოცულობას. შარშან, წინა წლებთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები იზრდებოდა ძალიან მდორედ და ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით, 13-14%-ის ფარგლებში მერყეობდა. ასევე მდორედ იზრდებოდა ბანკების საკრედიტო პორტფელი, დაახლოებით, 12-13%-ით. აქედან გამომდინარე, ბანკებს მკვეთრად შეუმცირდათ მოგება და მან 2011 წლის შედეგის მხოლოდ 40% შეადგინა. მართალია, შარშან ბანკებს, დაახლოებით, 100 მილიონი ლარით გაეზარდათ შემოსავლები, მაგრამ ამავე დროს ხარჯები თითქმის 200 მილიონით გაეზარდათ.

აქ შესაძლოა ვიმსჯელოთ ბანკების მენეჯმენტის პრობლემებზე ან სისტემურ პრობლემებზე ეკონომიკაში. რატომ არ დაიწევს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები? ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია განვიხილოთ. პირველ რიგში, გასული წლის მიწურულს კრედიტებზე პროცენტების უმნიშვნელო კლებამ ბანკების წმინდა მოგების მოცულობა საგრძნობლად შეამცირა. გარდა ამისა, ბანკებს თანდათან უმცირდებათ რესურსული ბაზა, ანუ მოსახლეობას ფული არ მიაქვს კომერციულ ბანკებში, იქმნება ფულად რესურსების დეფიციტი და ამ დეფიციტის პირობებში მისი ფასი იზრდება. ერთ-ერთმა ბანკმა უკვე გამოაცხადა 12%-იანი განაკვეთი დეპოზიტებზე, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვა ბანკები. ბუნებრივია, როცა რესურსის ფასი იზრდება, შესაბმისად უნდა გაიზარდოს კრედიტის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემცირებულ მარჟას ბანკები ვერ აიტანენ.

გაისად თუ არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა (და ვვარაუდობ, რომ ის ძალიან მდორე იქნება), თუ ინფლაციის მაჩვენებელი არ გაიზარდება თუნდაც იმ ავადსახსენებელ 6%-მდე, რომლის დაცვასაც ცდილობს 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი, მაგრამ ვერ იცავს, არავითარი რეალური შესაძლებლობა, რომ საკრედიტო რესურსებზე პროცენტებმა დაიწიოს არ არსებობს. მეორე საკითხია, ეს თუ მოხდება დავალების, შეშინების, დამუქრების ან თითის დაქნევის ფონზე. მაგალითად, შარშან არჩევნების შემდეგ 2-3%-ით კრედიტებზე განაკვეთის დაწევა იყო ჟესტი ახალი ხელისუფლების მიმართ. ამას რეალურად ეკონომიკური საფუძველი არ ჰქონდა.

- ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოს საბანკო სექტორში შესაძლოა ახალი მოთამაშე შემოვიდეს და კონკურენციის ზრდამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა გამოიწვიოს...

- თუ ვინმე შემოდის საქართველოს საბანკო სექტორში, მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ საქართველოში მაღალია საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე. ევროპაში არსებულთან მიახლოებული დაბალი განაკვეთები რომ იყოს, მერწმუნეთ, აქ უცხოურ ბანკს ვერ ნახავდით. მოლოდინი, რომ ახალი ბანკების შემოსვლით საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენცია გაჯანსაღდება, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საბანკო სექტორის 80%-ს ორი მსხვილი ბანკი ფლობს. ამას უკვე მონოპოლია აღარ ჰქვია და საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან. ასეთ პირობებში სხვა წვრილი ბანკების ბაზარზე ყოფნა-არყოფნა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

- ამ შემთხვევაში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ოლიგოპოლიური სისტემა დაიშალოს?

- გამოსავალი სახელმწიფო რეგულირებაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფომ მთლიანად ხელი აიღო სახელმწიფო რეგულირებაზე და არა მხოლოდ საბანკო ბიზნესის, არამედ სხვა სექტორებიც მიუშვა და წარმოქმნა ველური ბაზარი. ეს ვითარება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს ბიზნესის საქმიანობას, ასევე საქართველომაც სხვა განვითარებულ ქვეყნებს უნდა მიბაძოს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას, რათა ნებისმიერმა ბიზნესმა, მათ შორის საბანკო სექტორმაც, იცოდეს, რის გაკეთება შეუძლია და რის არა.

- როცა ვადარებთ ევროპასა და საქართველოში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს, ალბათ ის მაღალი რისკებიც უნდა გავითვალისწინოთ, რითაც ჩვენი ბაზარი ევროპულისგან განსხვავდება და რაც ჩვენთვის საკრედიტო რესურსს აძვირებს.

- 1980 წელს, როცა აშშ-ში სესხებზე ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები იყო, ნობელიანტი ეკონომისტი პოლ კრუგმანი წერდა, რომ ამას განაპირობებდა მოთხოვნის არსებობა ასეთ განაკვეთებზე. ბიზნესი, რომელიც ამ ძვირი კრედიტებით სარგებლობს, ზემაღალ მოგებას იღებს და ამით ფარავს ძვირი სესხით გამოწვეულ დიდ ხარჯს. შესაბამისად, ასეთი ეკონომიკა დაავადებულია. დღეისთვის ჩვენი საბანკო სექტორი სესხებს ძირითადად ვაჭრობის სფეროზე გასცემს. სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში სავაჭრო დანამატის განსაზღვრული ზღვარია დაწესებული, რასაც ანტიმონოპოლიური კანონი არეგულირებს. ჩვენთან 500-1000%-იანი ფასნამატი აქვს პროდუქციას, განვითარებულ ქვეყანაში ასეთი რამ დაუშვებელია. ბიზნესსექტორის გაჯანსაღებამ, მოგების ნორმის საქმიან ფარგლებში დაწევამ, შედეგად საბანკო კრედიტებზე პროცენტის შემცირება უნდა მოიტანოს. ხელოვნურად 2-5%-ს, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, კრედიტებზე ვერ დააწესებ.

- ჩვენი ქვეყნისთვის ოპტიმალური განაკვეთი რამდენი იქნებოდა?

- არსებულ პირობებში, ჩვენთან იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი წლიურ 12%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ბიზნესსესხზე საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 10-12%-ს, სამომხმარებლო სესხი კი არ უნდა იყოს 15%-ზე უფრო მაღალი. დღეს კი ზოგ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე წლიურ 32-35%-საც აღწევს, ბიზნესესხების შემთხვევაში კი 20-25%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ეკონომიკას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

- საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ დაწესებული სესხებზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, თუმცა მათ უფრო ლოიალური მოთხოვნები აქვთ კლიენტებისადმი და შესაბამისად, მათი მომსახურებით ბევრი ადამიანი სარგებლობს...

- ეროვნული ბანკი საერთოდ არ არეგულირებს მიკროსაფინანსო სექტორს. ერთადერთი, რაც მათ ავალიათ, ანგარიშგების წარდგენა და განსაზღვრული რეზერვების შექმნაა, რაც მათ საქმიანობაზე, ფაქტობრივად, არანაირ გავლენას არ ახდენს. მიკროსაფინანსო სექტორი ყველა განვითარებულ ქვეყანაში იქმნება ბიზნესის "სტარტაპის" დასაფინანსებლად, თანაც მიკროსესხი, გაეროს ნორმატივებით, ეს არის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ნამრავლი სამზე. საქართველოს შემთხვევაში ეს, დაახლოებით, 15 ათასი ლარია. ჩვენთან კი კანონმდებლობით მიკროსესხად მიიჩნევა 50 ათასი ლარის ოდენობის თანხა, რაც, ბუნებრივია, არ არის სწორი. ამან ის განაპირობა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში დაკავებული არიან მათთვის არასპეციფიკური საქმიანობით. მაგალითად, ისინი არ უნდა გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს. ბუნებრივია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო რესურსი კიდევ უფრო ძვირია და სესხებს ბევრად უფრო ძვირად გასცემენ. კომერციული ბანკებიც, ფაქტობრივად, გადაიქცნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად და სესხების დიდი წილი მათი მხრიდან სწორედ მიკროსესხებზე მოდის. ეს საბანკო სექტორის ტრაგედიაა, რაც ასევე ეროვნული ბანკის დასარეგულირებელია.