დიდ კანისტრაზე - დიდი ფასდაკლება?! - კვირის პალიტრა

დიდ კანისტრაზე - დიდი ფასდაკლება?!

"ნავთობკომპანიები საწვავს უფრო მეტად არ აიაფებენ, თუნდაც იმიტომ, რომ ბაზარზე ჯერ სათანადო კონკურენცია არ არის"

მთავრობა „სუპერისა“ და „პრემიუმის“ ტიპის ბენზინსა და „ევროდიზელის“ საწვავს კომპანია „ლუკოილისგან“ შეიძენს. ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ტენდერი მოეწყო, რომლის შედეგად, სამი სახეობის ნავთობპროდუქტს - წლის განმავლობაში სულ 56 მილიონ ლიტრს - მთავრობა კომპანია „ლუკოილისგან“ იყიდის. ტენდერზე კიდევ დაახლოებით 5 მილიონი ლიტრი საწვავით სახელმწიფო უწყებების მომარაგების უფლება სხვა ორმა კომპანიამ – „რომპეტროლმა“ და „ვისოლმა“ მოიპოვა. ცნობებმა ტენდერზე წარდგენილი სხვადასხვა სახეობის საწვავის ფასების შესახებ ბუნებრივი შეკითხვები გააჩინა...

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მონაწილეებისთვის თანაბარი პირობების შექმნის შედეგად, აღინიშნა მაღალი კონკურენცია მომწოდებლებს შორის და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. როგორც "ეკოპალიტრამ" გაარკვია, მიმდინარე თვის განმავლობაში "ლუკოილი" სახელმწიფო უწყებებს "პრემიუმის" მარკის 1 ლიტრ საწვავს 1,84 ლარად მიაწვდის, მაშინ, როცა მისი გასაყიდი ფასი საცალო ქსელში 2,14 ლარია. "სუპერის" მარკის ბენზინის 1 ლიტრის სატენდერო ფასი 1,91 ლარია, ქსელში კი 2,22 ლარი ღირს. დიზელის ფასები, შესაბამისად 1,93 და 2,21 ლარია. იმავეს თქმა შეიძლება დანარჩენი ორი კომპანიის შესახებ. "ვისოლი" და "რომპეტროლი" მზად არიან, რეგულარის ტიპის საწვავი მთავრობას 1,85-1,91 ლარად მიყიდონ, საცალო ქსელში კი მას 2,05 ლარად ყიდიან.

სატენდერო პირობების გამოქვეყნების შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთივე ან თითქმის ასეთივე დაბალ ფასად ნავთობიმპორტიორებმა ნავთობპროდუქტები რიგით მომხმარებლებსაც შესთავაზონ?

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი): - ასეთი ტენდერების დროს დადგენილი ფასის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროდუქციის შესყიდვა დიდი რაოდენობით ხდება და თვითღირებულება, მაგალითად ერთი ლიტრი საწვავის შემთხვევაში, ბევრად დაბალია. შესაბამისად, კომპანიას ბევრად უფრო დაბალ ფასად შეუძლია გაყიდოს დიდი რაოდენობით საწვავი, ვიდრე საცალო ქსელში გამოიტანდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ აქ განსხვავება ძალიან დიდია და თვალში საცემი. კონკრეტული სახეობის საწვავზე ფასთა სხვაობა სატენდერო და სარეალიზაციო ფასს შორის 30-50 თეთრსაც აჭარბებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კონკრეტულ ნავთობკომპანიას ბევრად ნაკლებ ფასად შეუძლია ნავთობპროდუქტების გაყიდვა საცალო ბაზარზე. ამ ტენდერის შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს კიდევ შეუძლიათ საწვავის გაიაფება, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ აკეთებენ. თუნდაც იმიტომ, რომ ბაზარზე ჯერ ისეთი კონკურენცია არ არის, რომ მათ მოგების მარჟა შეამცირონ. ასე რომ, კვლავაც საკმაოდ მაღალ მოგების მარჟაზე მუშაობენ.

- შესაძლებელია, რომ ტენდერზე ფიქსირებული ფასები შესაბამისი უწყებების დაინტერესების საგანი გახდეს, მით უფრო, რომ საუბარი ნავთობპროდუქტების ბაზრის მონოპოლიზმზე არახალია?

- დარწმუნებული ვარ, ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგება და ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს სფერო უნდა შეისწავლოს. ტენდერზე დაფიქსირებული ფასის გარდა, ანტიმონოპოლიურ სამსახურს კომპანიების ყველა დოკუმენტსა და ფინანსურ მაჩვენებელზე მიუწვდება ხელი და ექნება სრული მონაცემები, რა ფასად შეუძლია ამა თუ იმ კომპანიას საწვავის გაყიდვა. რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება ერთი და იგივე თვითღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქსელში ერთი და იგივე ფასებია. ფაქტია, რომ ეს უწყება ძალიან საინტერესო მონაცემებს მიიღებს, როცა ამ სფეროს შეისწავლის. უკვე წლებია, ამ მიმართულებით არანაირი რეგულაცია არ ხდება და ჩვენ, მომხმარებლები, იძულებული ვართ, შევეგუოთ იმ პირობებსა და ფასებს, რასაც ეს ნავთობიმპორტიორები გვთავაზობენ.

შავლეგ მიშველაძე (კომპანია "ლუკოილის" წარმომადგენელი): - საცალო და საბითუმო რეალიზაცია - ორი სრულიად განსხვავებული ცნება გახლავთ. კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში (აქამდე ყველა უწყება ტენდერს დამოუკიდებლად აწყობდა - ავტ.) სახელმწიფომ საკმაოდ დიდი მოცულობით შეისყიდა საწვავი, ლაპარაკია ათეულობით მილიონ ლიტრზე მთელი წლის განმავლობაში. მხოლოდ ჩვენი კომპანია სახელმწიფოს წელიწადში გარანტირებულად, დაახლოებით, 60 მილიონ ლიტრ საწვავს მიაწვდის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს არა ფიქსირებულ ფასს, როგორც ეს რამდენჯერმე გაისმა, არამედ ფორმულას, რომლის მიხედვითაც იანგარიშება საწვავის ფასი და თვიდან თვემდე ის იქნება ცვალებადი, ვალუტის კურსისა და Pლატტს-ის (საერთაშორისო მიმდინარე ფასები ნავთობპროდუქტებზე) მიხედვით. ზემოაღნიშნული ფასი არის იანვრისთვის, ხოლო თებერვალში ის შესაძლოა შეიცვალოს, კლებისკენაც და ზრდისკენაც, შესაბამისად, საცალო და საბითუმო ფასებს ნუ გავაიგივებთ - წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, კონკრეტული შემსყიდველი, რომელიც ყიდულობს 20-30 ლიტრ საწვავს და მეორე მხრივ, შემსყიდველი, რომელიც 60 მილიონ ლიტრს იძენს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში მიწოდება განსხვავებული იქნება. თუ უფრო განვაზოგადებთ, იმავე კორპორაციული ბაზრის თვალსაზრისით, მსხვილი მომხმარებლები, სადისტრიბუციო კომპანიები ასევე განსხვავებულ ფასებს იღებენ სხვადასხვა ნავთობკომპანიისგან, მათ შორის ჩვენგან.

- თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ფასთა სხვაობა საცალო და საბითუმო მიწოდებას შორის მაინც ძალიან მაღალია...

- ამაზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ... ტენდერი, სადაც ფასის დადგენისას ფორმულაა მოცემული, არახალია. სიახლეა მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერი. ადრეც საკმაოდ დიდი ფასდაკლებებით ვაწვდიდით პროდუქციას სახელმწიფო უწყებებს. კონსოლიდირებულ ტენდერზე კი უფრო მასშტაბურ შესყიდვებზეა საუბარი, რაც მეტი ფასდაკლებისთვის პირობას ქმნის. ამიტომ, რაც მეტს იყიდის კონკრეტული შემსყიდველი, სახელმწიფო თუ ორგანიზაცია, მით მეტი იქნება ფასდაკლება. ვფიქრობ, ამაში ალოგიკური არაფერია...