პენჯაბელი ფერმერები საქართველოში მოდიან - კვირის პალიტრა

პენჯაბელი ფერმერები საქართველოში მოდიან

დღეს სამეურნეო მიწების პრივატიზაცია დროებით შეჩერებულია

"პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს" - ამ სათაურით ბრიტანული "გარდიანი" ინდოელი ფერმერის, ტაჯინდერ სინგჰის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საქართველოში მიწის სიიაფემ ჩამოიყვანა. საქართველოში ათასობით ჰექტარი ნოყიერი მიწის არსებობის შესახებ 38 წლის სინგჰმა დიუსელდორფში მზარეულად მუშაობისას შეიტყო და ორ მეგობართან ერთად ამსტერდამიდან თბილისში ჩამოფრინდა 50 ჰა მიწის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად. უკან დაბრუნებულმა სინგჰმა თქვა, რომ ბედნიერი იყო, რადგან მიწაში, რომელიც 99-წლიანი იჯარით აიღო, ჰექტარზე $950 უნდა გადაიხადოს, სამშობლოში კი ასეთ ფასად ამ ფართობის მიწას ვერასოდეს იყიდის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი ფერმერების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ინდოეთის დიდ ქალაქებში, მაგალითად, ჯალანდარში, აგენტები საქართველოს მიწებსა და აქ ბიზნესის წარმოებას რეკლამას უწევენ.

პენჯაბელი ფერმერების ჩამოსვლის ამბავი სულაც არ ყოფილა უცხო კახეთის მცხოვრებთათვის, რომლებიც ამ პროცესს წლების განმავლობაში ხედავდნენ. ეკონომიკის სამინისტრო, რომლის კომპეტენციაში შედის მიწების პრივატიზაცია, იმ მიზეზით, რომ ინდოელები მიწებს კერძო ფერმერებისგან ყიდულობენ, საკითხში ჩარევას არ გეგმავს. მეორე მხრივ, სამეურნეო მიწების პრივატიზება ამჟამად საერთოდ შეჩერებულია - დროებით, ერთიანი მიწის კოდექსის შექმნამდე, რომელზე მუშაობაც დღეს მიმდინარეობს.

ზურაბ თეთვაძე (ფერმერთა კავშირის თავმჯდომარე): "ინდოელები კახეთში მიწებს მართლაც ყიდულობენ და ეს გუშინ და დღეს ნამდვილად არ დაწყებულა. ბოლო წლებში ასეთი ფაქტები მასობრივად შეინიშნება. დადიან კახეთის სოფლებში და ნაყოფიერ, იაფ მიწებს ეძებენ. ჩვენს ოფისშიც იყვნენ, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი მათთან ურთიერთობას, არ ვარ მომხრე, ჩვენი მიწები უცხოელებმა შეისყიდონ. ვიცი, რომ ასეულობით ჰექტარი მიწა აქვთ ნაყიდი სიღნაღის რაიონში, ალაზნის ველზე და სხვა ადგილებშიც".

თამილა გურაშვილი (დედოფლისწყაროს რაიონის მკვიდრი): "ამას წინათ სოფელში ჩალმიანი ხალხი შევნიშნე. გამოველაპარაკე და მითხრეს - დედოფლისწყაროს რაიონში მიწები გვაქვს ნაყიდიო. ზოგიერთი აქვე, დედოფლისწყაროში ცხოვრობს. გულსატკენი იცით რა არის? ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ მიწაზე მოწეული მოსავალი არ ჰყოფნის, იმდენად უჭირს, რომ კუთვნილ ნაკვეთებს ყიდის. მიწის გადასახადი მაღალია, დამუშავებაც ძალიან ძვირი უჯდებათ და იძულებული ხდებიან, მამაპაპისეული ნაკვეთები ჩალის ფასად გაყიდონ. მიწების გასხვისება კახეთში მასობრივად გრძელდება, საუკეთესო მიწებია გაყიდული შირაქის ველზე, ალაზნის ნაპირებზე და სხვაგან. ახლახან დედოფლისწყაროშიც გაიყიდა ათას ჰექტარზე მეტი მიწა, ამბობენ, ვიღაც უზბეკმა ბიზნესმენმა იყიდაო, მარტო ინდოელები კი არ ყიდულობენ. თანაც ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც ელექტროენერგიის პრობლემა არ არის და გზაც ახლოსაა. როგორც ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, ინდოელები ამ ადგილებში კომპაქტურად ჩასახლებას აპირებენ".

ავთანდილ სილაგაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი): "რადგან ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ საკმაოდ ლმობიერია, ბუნებრივია, ინვესტორები ცდილობენ, საქართველოში უძრავ-მოძრავ ქონებას დაეუფლონ, მათ შორის, მიწასაც. გასაკვირი არც ის არის, რომ ინდოელების ინტერესი საქართველოს ეკონომიკაში აშკარად შეიმჩნევა. ინდოეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ამიტომ იქაური მთავრობა სწორად იქცევა, როცა ცდილობს, მოსახლეობა სხვა ქვეყნებში ჰყავდეს დასაქმებული. დაბალი ფასები, იაფი მუშახელი და მიმზიდველი კლიმატი - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც საქართველოსადმი მათ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ძალიან იაფია სასოფლო-სამეურნეო მიწა და ეს იზიდავთ. თუმცა ინდოელი ინვესტორები სხვა სფეროებითაც ინტერესდებიან. ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა აქვთ, სადაც ინდოეთის ორასამდე მოქალაქეა დასაქმებული. რუსთავშიც გახსნეს მეტალურგიული საწარმო, შეიმჩნევა უძრავი ქონებით, ფარმაცევტული სექტორითა და ტურიზმით დაინტერესებაც. ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, ჯართია, ინდოელები ცდილობენ, ჯართი აქ გადაამუშაონ, გაყიდონ და სხვა ქვეყნებშიც გაიტანონ, მაგალითად, მეზობელ სომხეთში. ინვესტიციები აქვთ ჩადებული ენერგეტიკის სექტორშიც.

კახეთის გარდა, ინდოელი ფერმერები მიწებით დაინტერესებული არიან იმერეთშიც. ერთი შეხედვით, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, ისინი უცხოელებს კონკურენციას ვერ უწევენ, მათი რაოდენობა კი თანდათან იზრდება. ვიმეორებ, არ ვარ უცხოელი ინვესტორების შემოსვლის წინააღმდეგი, მაგრამ ბევრ ჩვენს ფერმერს საშუალება არ აქვს, თავის მიწას მოუაროს, ამიტომ ყველაფერს ყიდის, რაც გააჩნია. წლების შემდეგ ამის გამო საქართველოს შეიძლება გამოუსწორებელი პრობლემებიც შეექმნას.

- კონკრეტულად რა პრობლემები?

- თუ ქვეყნის პოტენციალს არ გამოვიყენებთ, შესაძლოა ჩვენი მოსახლეობა მომავალში მთლიანად დამოკიდებული გახდეს უცხოელ ინვესტორებზე. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობამ ვერ შეძლო, საკუთარი მოქალაქეებისთვის მეტი გასაქანი მიეცა. ამ თვალსაზრისით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, საქართველოს მიწა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს. ბუნებრივია, მიწების შეძენას მოჰყვება უცხოელების აქ დამკვიდრებაც, რაც დემოგრაფიულ ვითარებასაც შეცვლის. ამიტომ ჩვენს ხალხსა და ეროვნულ კაპიტალს უნდა შევუწყოთ ხელი, გლეხს უნდა ჰქონდეს თავისი მიწის დამუშავების საშუალება. აქ იკვეთება საბანკო სექტორის როლიც, გრძელვადიანი კრედიტები უნდა გაიცეს დაბალ პროცენტად, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. თუმცა ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, რომელიც მილიარდიანი ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად".

სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის თქმით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქაოსური მდგომარეობაა - მოუწესრიგებელია აღრიცხვა, თუ რამდენი მიწა იყიდება, სახელმწიფო საკუთრებაშია ის თუ კერძოში. ახალმა მიწის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს პრივატიზაციის, საკუთრების, მიწით სარგებლობის საკითხები. მინისტრი იმედოვნებს, რომ კოდექსის მიღების შემდეგ უპასუხო კითხვები აღარ დარჩება...

ხათუნა ჩიგოგიძე