პროდუქტის ფასი საახალწლოდ, კიდევ უფრო გაიზრდება - კვირის პალიტრა

პროდუქტის ფასი საახალწლოდ, კიდევ უფრო გაიზრდება

გადაიქცევა თუ არა საფრთხე რეალობად

მსოფლიოში ყოველი მესამე გარდაცვლილი ბავშვი შიმშილის მსხვერპლია. ასეთ დასკვნამდე ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მკვლევრები მივიდნენ. მათი შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა სურათი კიდევ უფრო დაამძიმა. გაერო-ს კვლევის თანახმად, სასურსათო კრიზისი საქართველოსაც ემუქრება, რაც პირველ რიგში სურსათზე ფასების კატასტროფული ზრდით გამოიხატება.

ბაზარზე სასურსათო დეფიციტი ჯერ ნამდვილად არ იგრძნობა, მაღაზიები და საბითუმო ბაზრობები სავსეა იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტით. ფასები კი პერმანენტულად, წლიდან წლამდე იზრდება, რასაც ხან იმპორტის გაძვირებით ხსნიან, ხან ნედლეულის სიძვირით, ხანაც კლიმატური მიზეზებით.

ბოლო დროს თითქმის ორჯერ გაძვირდა შაქარი. გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე კილოგრამი შაქრის ფასი 20-30 თეთრით კიდევ მოიმატებს. გაძვირდა ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი, მაგრამ ასეთი რამ ზამთრის სეზონის დადგომას ისედაც ახასიათებს. შემაშფოთებელი და ამავე დროს გასაკვირი ის არის, რომ ქართველი ექსპერტები წლის ბოლომდე სურსათის ფასების ზრდას კიდევ 30-40%-ით ვარაუდობენ და მოსახლეობას სურსათის მომარაგებას ურჩევენ.

პაატა კოღუაშვილი (პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი): ”2010-2015 წლებში მოსალოდნელია გლობალური სასურსათო კრიზისი და ეს, პირველ რიგში, შეეხება იმპორტზე დამოკიდებულ, განვითარებად ქვეყნებს. იაფი საკვების ეპოქა მსოფლიოში დასრულდა და ფასები აუცილებლად გაიზრდება. გაერო წლების წინ აფრთხილებდა სახელმწიფოებს, რომ წარმოება ადგილობრივად განევითარებინათ. შარშან გაერო-მ ღარიბი ქვეყნების შვიდი ჯგუფი შეადგინა, რომლებშიც 50 ქვეყანა მოხვდა. საქართველო მეხუთე ჯგუფში აღმოჩნდა. წლეულს გაერო-მ უკვე გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და აღმოჩნდა, რომ საქართველომ მეხუთე ჯგუფიდან მეექვსეში გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვიუარესდა. საინტერესოა, რომ ამ ჯგუფში ჩვენთან ერთად არის ტაჯიკეთი, მონღოლეთი, ჩრდილოეთი კორეა, სომხეთი და აფრიკის რვა უღარიბესი ქვეყანა, მათ შორის, სომალი. გაერო-ს ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ წლის ბოლომდე, ჩამოთვლილ ქვეყნებში სურსათის ფასები 50%-მდე გაიზრდება.

ვინაიდან მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში სასურსათო მარაგი არსებობდა, კრიზისი სურსათის ფასებს არ შეხებია. მას შემდეგ, რაც ეს მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა, ფასების ზრდა ამერიკაშიც კი აღირიცხა და დაახლოებით 50% შეადგინა.

სხვათა შორის, მე და ჩემი მაგისტრანტები კვირაში ერთხელ დავდივართ სხვადახხვა სავაჭრო ობიექტებში და სურსათის ფასებს ვსწავლობთ. ფასები მართლაც კატასტროფულად არის მომატებული. მით უფრო, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სურსათის იმპორტი გავაორმაგეთ და 520 მილიონიდან, მილიარდს გადააჭარბა. 2003 წელს, იმ ავადსახსენებელი შევარდნაძის ეპოქაში, ჩვენი წლიური იმპორტი იყო დაახლოებით 400 მილიონი, მაგრამ დაახლოებით იმავე დონის ექსპორტი გვქონდა. 2007 წელს ექსპორტი გვქონდა 275 მილიონი, შარშან კი მხოლოდ 200 მილიონი. ჩვენი ქვეყანა და მისი ბიუჯეტი საიმპორტო პროდუქციიდან შემოსული საბაჟო გადასახადებით არსებობს. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ მსოფლიოში ფასების ზრდასთან ერთად, ფასები ჩვენთანაც მოიმატებს. 520 დოლარი გახდა ტონა ხორბლის ფასი და ვფიქრობ, მალე კატასტროფამდე მივალთ. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, ზამთრისთვის ღორს რომ დაკლავენ, მეზობლებთან ერთად იმ ღამესვე კი ნუ შეჭამენ, არამედ ზამთრის განმავლობაში გამოიზოგონ. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა ზამთრისთვის სასურსათო მარაგს შექმნის. სხვათა შორის, სწორედ ამისკენ მოვუწოდებდი მოსახლეობას გასული საუკუნის 90-იან წლებშიც და მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ ვაფრთხილებდი.

არადა, ამ ქვეყანას ყველა რესურსი აქვს, რათა მარცვლეული აწარმოოს და საკუთარი მოთხოვნილების 80%-იან დონეზეც კი გავიდეს. თუ ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით, ჩათვალეთ, ბევრ სხვა სასურსათო პრობლემასაც გადავჭრით.

ქვეყნის სასურსათო უშიშროებას ორი ძირითადი მაჩვენებელი განსაზღვრავს და ორივე მარცვლეული კულტურების წარმოებას გულისხმობს”.

გაერო-ს პესიმისტურ პროგნოზს არ იზიარებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და შესაბამისად, ქვეყანაში ვერც სასურსათო კრიზისის საფუძველს ხედავენ.

გიორგი ჩადუნელი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): ”სასურსათო კრიზისი არ გვემუქრება და ამაზე პასუხისმგებელი ჩვენი სამინისტროა. გარდა ამისა, ქვეყანაში სასურსათო კრიზისის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ბაზარი გაჯერებულია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული პროდუქტით. გვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტის საკმარისი მარაგები. რაც შეეხება ფასებს, ამას ბაზარი არეგულირებს, თუმცა სურსათის მნიშვნელოვანი გაძვირება მოსალოდნელი არ არის”.

ის, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისა და დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა, დიდად არ გაგვკვირვებია და ისევ ხალხურ სიბრძნე გავიხსენეთ, რომ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია. ”ეკოპალიტრამ” რამდენიმე სასურსათო მაღაზია მოიარა და სამომხმარებლო ფასების ბოლოდროინდელი ცვლილებით დაინტერესდა. როგორ მაღაზიის მეპატრონეებმა გვითხრეს, უკანასკნელი დღეების განმავლობაში კვლავ გაძვირდა კვერცხი, საშუალოდ 3-5 თეთრით. სურსათით მოვაჭრეების ინფორმაციით, ახალ წლამდე კიდევ გაიზრდება შაქრის ფასი. მოკვლევით გაირკვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა ყველაზე იაფფასიანი საკვები ზეთი და თითქმის გაუტოლდა ძვირად ღირებულ ანალოგებს. ამის გამო ზოგმა რეალიზატორმა უარიც კი თქვა დისტრიბუტორებისგან პროდუქციის მიღებაზე.

სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან, გასულ თვესთან შედარებით ორჯერ გაძვირდა ხახვი. ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე აქციზის მომატების დროისთვის სასურსათო მაღაზიების მეპატრონეები თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას ელოდებიან. მეპატრონეები ამბობენ, რომ დისტრიბუტორებისგან ყოველთვის წინასწარ იღებენ ინფორმაციას პროდუქციის შესაძლო გაძვირების ან დეფიციტის შესახებ, მაგრამ რამე გაფრთხილება მომწოდებლებისგან ჯერ არ მიუღიათ.