ვისთვის ”დაახურდავეს” რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - კვირის პალიტრა

ვისთვის ”დაახურდავეს” რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

”კოლხი ბიზნეს კორპორაცია” მხოლოდ ქაღალდზე არსებობს?

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო დავასა და სკანდალებს წლებია დასასრული არ უჩანს. ქარხნის ხელში ჩასაგდებად ხელისუფლებასთან დაახლოებული არაერთი ბიზნესჯგუფი იბრძოდა. ამ ჯგუფებმა ქარხნის გაჩერების შემდეგ მისი ტერიტორიიდან ტონობით რკინა და სხვა უფრო ძვირფასი ლითონები ჯართად გაზიდეს, რამაც მათ მილიონები მოუტანა. მეტალურგიული ქარხნისთვის შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაწყებული ბრძოლა ვარდების რევოლუციის შემდეგაც გაგრძელდა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქარხანა იტალიელ ”ინვესტორებს” ჩამოართვეს (იტალიელებს ლითონის მილების ჩამოსხმის ნაცვლად ქვეყნიდან ჯართის გატანაში ადანაშაულებდნენ). მსუყე ლუკმა სახელმწიფომ დაიბრუნა, ხოლო შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს სარფიანად მიჰყიდა. მის მფლობელობაში ყოფნისას დააბანდა თომას ბლეიკმა ფული მეტალურგიულ კომპლექსში. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ქარხანას, სხვა არაერთ ბიზნესთან ერთად, ჯოზეფ კეი დაეპატრონა. რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის ახალმა მფლობელმა ქარხანის რებრენდინგი განახორციელა, სახელი შეუცვალა - ”ქართული ფოლადი” დაარქვა და ქარხნის ტერიტორიაზე შექმნილ კიდევ ერთ საწარმო - ”თუჯი XXI”-სთან ერთად, შპს ”ენერგია და ინდუსტრია კომპლექსში” გააერთიანა.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის მრავალწლიანი დავა არ დასრულებულა. შპს ”ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს” ბრიტანელი თომას ბლეიკი ”ქართულ ფოლადსა” და ”თუჯი XXI”-ს ედავება. ბრიტანელი ინვესტორი, კომპანია Thames Steel UK Limited-ის გენერალური დირექტორი ბლეიკი კომპანიაში საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვს. იგი ინდუსტრიული კომპლექსის ამჟამინდელი მმართველებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს, მაგრამ ვის წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს, გაურკვეველია. საქმე ის არის, რომ კომპლექსის კანონიერი მფლობელი უცნობია.

”ქართული ფოლადის” 100%-იანი წილი, ”თუჯი XXI”-ის 83,3%-იან წილთან ერთად ”კოლხი ბიზნეს კორპორაციას” რომ გადაეცა, ბლეიკმა გასულ კვირას შეიტყო (ამის შესახებ ”ეკოპალიტრა” უკვე წერდა). ეს კომპანია მეტალურგიული საწარმოების კრედიტორად დასახელდა. სწორედ მისი მოთხოვნით გაიტანა ორჯერ ”ქართული ფოლადი” და ”თუჯი XXI” იძულებით აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განმეორებითი აუქციონი 2 ნოემბერს გაიმართა, ქონებას მყიდველი არ გამოსჩენია. ინფორმაცია აუქციონების ჩატარებისა და მისი ჩაშლის შესახებ ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში ქონება კრედიტორის საკუთრებაში გადადის, თუ 15 დღის ვადაში აღსრულების ბიუროს მოთხოვნით მიმართავს. როგორც ბიუროში გვითხრეს, კრედიტორმა განაცხადი შეიტანა და კანონიერ მესაკუთრედ ამიერიდან ის ითვლება.

გასაკვირი ის არის, რომ ”კოლხი ბიზნეს კორპორაციის” შესახებ არავის სმენია. მისი სახელი პირველად თომას ბლეიკმა შეიტყო, რომელიც შპს ”ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის” მეწილე 2007 წლიდან გახდა. ინვესტორი ეჭვობს, რომ ეს კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ის მეტალურგიული კომპლექსის ხელში ჩასაგდებად შეიქმნა. კიდევ უფრო საოცარი კი ისაა, რომ კრედიტორის შესახებ პირველად შეიტყვეს ”ქართულ ფოლადსა” და ”თუჯი XXI”-ში. როგორც ამ კომპანიებში გვითხრეს, მათ არც აუქციონის შესახებ იციან და არც ამ სახელის მქონე კომპანიას იცნობენ. მეტალურგიულ კომპლექსში, ბლეიკის გარდა, არც ქონებაზე პრეტენზიის მქონე სხვა პირი მისულა. როგორც კომპლექსის საზოგადობასთან ურთიერთობის მენეჯერი მაკა კვარაცხელია ამბობს, ”ქართულ ფოლადი” და ”თუჯი XXI” ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ფლობს თუ არა მეტალურგიას, ამას ჯოზეფ კეი არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა ამბობს, რომ ქონებაზე დავა მართლაც მიმდინარეობს და საწარმოში დიდი არეულობაა, მაგრამ დეტალებზე საუბარს თავს არიდებს.

მეტალურგიული კომპლექსების საჯაროდ გაყიდვის მიზეზად ”კოლხი ბიზნეს კორპორაციისგან” ნასესხები ფულის გადაუხდელობა დასახელდა. ბლეიკი ამბობს, რომ მეტალურგიულ კომპლექსს ამ კომპანიის ვალი არ აქვს.

თომას ბლეიკი (Thames Steel UK Limited-ის დირექტორი, რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის ინვესტორი): ”რუსთავის მეტალურგიულ კომპლექსს 380 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის მართებს. გარდა ამისა, ვიცით, რომ მას ქართული ბანკების ვალიც აქვს. მაგრამ არა ”კოლხი ბიზნეს კორპორაციის”. ამ კომპანიის შესახებ არავის სმენია, უცნობია, რა დავალიანება ერიცხებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მის მიმართ. ფაქტია, რომ კომპანიის აქტივები წაგვართვა კრიმინალურმა ჯგუფმა, ქართული სასამართლოს პირდაპირი დახმარებით. საქართველოს სასამართლო ამ კრიმინალურ ჯგუფს იმ განჩინებით დაეხმარა, რომლითაც Thames Steel UK Limited-ს იურიდიული და მმართველობითი კონტროლის განხორციელება აეკრძალა. ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა იძულებითი აღსრულების პროცესს, რომელიც ჩვენი ჰოლდინგური კომპანიის წინააღმდეგ გაუმჭვირვალედ, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ განხორციელდა. პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გილაურს საკითხში გარკვევის თხოვნით მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. სამწუხაროა, როცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვა უნდა და ამავე დროს, ინვესტორების დაცვაზე არ ზრუნავს”.

ბლეიკის თქმით, მან 2009 წლის გაზაფხულზე შეიტყო, რომ ახალი მფლობელი ქარხანას შლიდა და ჯართად გაჰქონდა. ის ივლისში საქართველოში ჩამოვიდა და ახალი მფლობელის წინააღმდეგ რუსთავის სასამართლოში სარჩელი მალევე შეიტანა. თავის მხრივ, ბრიტანელი პერტნიორის საქმიდან ჩამოსაშორებლად მუშაობა ”ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის” მმართველებმაც დაიწყეს და 31 აგვისტოს მის წინააღმდეგ სარჩელი რუსთავის სასამართლოში შეიტანეს. ”ქართული ფოლადის” მაშინდელი დირექტორი ვიტალი ელიგულაშვილი Thames Steel UK Limited-სთან ერთად სხვა ინვესტორების - Miselva IstebliSment-ისა და ენდრიუ ბეიკერისთვის იურიდიული და ფაქტობრივი მოქმედებების განხორციელების აკრძალვას მოითხოვდა. ასევე მოითხოვდა, ამ პირებს აკრძალვოდათ ”ქართული ფოლადის” სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევა. ელიგულაშვილის მოთხოვნა სასამართლომ 2009 წლის 1-ელ სექტემბერს დააკმაყოფილა. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან წერილი მართლაც მიიღეს და პასუხიც გაუგზავნეს. საქართველოს მთავრობამ ბრიტანულ მხარეს უპასუხა, რომ ორი კერძო პირის დავაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. პრემიერი აცხადებს, რომ წილებზე დავა მათი საქმე არ არის და ისინი თვითონ უნდა მორიგდნენ.

თომას ბლეიკის განცხადებით, ბრიტანული კომპანია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტისგან კომპენსაციის მისაღებად საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს.

ნონა ქვლივიძე