ვინ რას "გვაჭმევს"?! - კვირის პალიტრა

ვინ რას "გვაჭმევს"?!

ხალხის ხარჯზე მოპარული გრამები მილიონობით მოგებას იძლევა

საგადასახადო - ბიზნესმენებს, ბიზნესმენები კი მოსახლეობას ატყავებენ!.

ირკვევა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ჩირადაც არ ღირს. ისეა მოშლილი ყველა სფეროში კონტროლის მექანიზმები, რომ ვეღარ გაგვირკვევია, ვინ რას გვაჭმევს, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მნიშვნელობით. საეჭვოა პროდუქციის ხარისხი, ვარგისიანობა და თქვენ წარმოიდგინეთ, წონაც კი. ქართველ მომხმარებელს ატყუებს ყველა, ყველაზე მეტად, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი მეწარმეები. დიდი ხანია  ქართველებმა აღარ ვიცით, რა შემადგენლობის პროდუქტს მივირთმევთ და ამას შევეგუეთ კიდეც. ეს კი ქართველი მოსახლეობის გულგრილობის ბრალი სულაც არ არის. ჩვენმა კანონმდებლებმა ქვეყანაში ისე მოშალეს ხარისხზე კონტროლის მექანიზმები, რომ მეწარმეები ისე გვექცევიან, როგორც მოესურვებათ. ამ ბოლო დროს ხარისხს ვინღა დაეძებს, წონაშიც იტყუებიან.

მოგეხსენებათ, მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ერთ მშვენიერ დღეს ავდექით და საცდელად რამდენიმე დასახელების საქართველოში დაფასოებული პროდუქცია შევიძინეთ,  სუპერმარკეტშივე ავწონეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ქართული პროდუქციის 99%-ის წონა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეტიკეტზეა მითითებული(!).

KvirisPalitra.Geსუპერმარკეტში გასაყიდად გამოტანილი სხვადასხვა სახეობის ფქვილიც ავწონეთ. ოთხი ფირმის: "მზეკაბანის", "ოზურგეთის ფაბრიკის", ფირმა "პროგრესისა" და "ფათოღლუს" ნაწარმს შორის მხოლოდ "მზეკაბანის" ფქვილს არ აკლდა წონა, "პროგრესის" ორკილოგრამიანი ფქვილი კი  1კგ და 905 გრამს იწონიდა, ანუ 95 გრამი აკლდა. "ოზურგეთის ფაბრიკის" ერთკილოგრამიან ფქვილს კი მინიმუმ 40 გრამი. წონაში აკლდა "ფათოღლუს" ფქვილსაც.

ჩვენ ასევე შევისყიდეთ დაფასოებული შაქარი, ბრინჯი და წიწიბურა. ერთკილოგრამიანი შაქარი, პაკეტიანად, 932 გრამს იწონიდა, "ოზურგეთის ფაბრიკის" ხორბლის ფქვილი, - 962 გრამს, 600-გრამიანი წიწიბურა კი 542-ს, შპს "ალბატროსის" 150-გრამიანი სარეცხი ჟელე ავწონეთ და 138 გრამი აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ ამ პროდუქციას თან ახლავს ნიშანი  ე, რაც თურმე შიგთავსის ზუსტი წონის აღმნიშვნელია. კოლოფის ცალკე აწონისას დავადგინეთ, რომ მარტო კოლოფი 30 გრამს იწონის,  გამოდის, "ალბატროსის" 150-გრამიანი სარეცხი ჟელე სინამდვილეში 108 გრამი ყოფილა(!). "ალბატროსის" პროდუქცია დალუქული არ გახლავთ და მეწარმეს შეუძლია განაცხადოს, რომ მისი პროდუქტი ზუსტი წონის იყო და ვიღაცამ ან თუნდაც მომჩივანმა სპეციალურად მოაკლო. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტებში საკონტროლო შესყიდვები დავიწყეთ და პროდუქციის ელექტრონულ სასწორზე აწონა მოვითხოვეთ. მაღაზიის მეპატრონეების უმეტესობამ გვთხოვა, პრობლემები ისედაც არ გვაკლია და იქნებ სხვაგან გეყიდათ პროდუქტიო(?!).

ჩვენ დავინტერესდით უცხოური პროდუქციის წონითაც. შედეგი, ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შესაბამისი იყო - უცხოური პროდუქცია ეტიკეტზე მითითებულ წონას 25-30 გრამით აღემატებოდა (პროდუქციის შეფუთვის გათვალისწინებით). ქართველ მეწარმეებზე გულდაწყვეტილი, სომხურ და აზერბაიჯანულ პროდუქციას მივადექით, მაგრამ ხელი მოგვეცარა. აზერბაიჯანული ჩაი 40 გრამით აღმოჩნდა მეტი, აი, სომხური წარმოების ვერმიშელი კი - მითითებულ წონაზე 15 გრამით ნაკლები. როგორც ჩანს, მომხმარებლის მოტყუება არც სომხებისთვის არის უცხო, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც თანამემამულეები გვატყუებენ. მართალია, ელექტრონულ სასწორზე აწონის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ პროდუქციას წონა აკლდა, მაგრამ სუპერმარკეტების სასწორებს მაინც არ ვენდეთ და  საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს მივაშურეთ. ნაყიდი პროდუქცია მექანიკური გაზომვის საშუალების დამმოწმებელ ლაბორატორიაში სპეციალისტებს ავაწონინეთ და იგივე შედეგი მივიღეთ. საინტერესოა, რომ ქართულ პროდუქციას თითქმის არსად აწერია წონა ნეტოა (პროდუქტის ზუსტი წონა) თუ ბრუტო (წონა შეფუთვის გათვალისწინებით). როგორც "საქსტანდარტში" განგვიმარტეს, როცა პროდუქტს სხვა განმარტება არ ახლავს და მხოლოდ გრამები ან კილოგრამებია მითითებული, ეს ზუსტ წონას გულისხმობს.

ახლა პურის წონაც ვნახოთ. სამწუხაროდ, ეტიკეტებზე პურის წონა უმეტესად არ არის მითითებული. გრაფა, როგორც წესი, ცარიელია. არადა, საქართველოში მოქმედებს კანონი "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ", სადაც ნათქვამია, რომ ეტიკეტზე დაწვრილებით უნდა იყოს აღნუსხული ყველა ის პარამეტრი, რაც პროდუქტს უკავშირდება, - დაწყებული მწარმოებლის მისამართით და დამთავრებული პროდუქტის შემადგენლობითა და წონით.

KvirisPalitra.Geმას შემდეგ, რაც საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ქართველი მეწარმეები გვატყუებენ, დადასტურდა, იმ ორგანოს ძებნა დავიწყეთ, რომელსაც მომხმარებელზე ზრუნვა ევალება, მაგრამ ვერ აღმოვაჩინეთ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციას მივმართეთ.

მადონა კოიძე, ფედერაციის თავმჯდომარე: - თავი რომ დავანებოთ გარე ვაჭრობას, სადაც მომხმარებელი შეჩვეულია წონაში მოტყუებას, სავალალო სიტუაციაა სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში. ავიღოთ, მაგალითად, ნამცხვარი "სუდარუშკა" და "პრიჩუდა". ორივე ქართული ფირმების "ბლიცსერვისისა" და შპს "აისის" პროდუქციაა. "სუდარუშკას" კოლოფი "პრიჩუდას" იდენტურია და აწერია, რომ არის 270 გრამი, სინამდვილეში კი შიგთავსის წონა 170-180 გრამს არ აღემატება. წონა არ არის მითითებული ძეხვეულზეც. მომხმარებელი სუპერმარკეტშიც კი აღარ არის დაზღვეული იმისაგან, რომ წონაში არ მოატყუებენ. იყო დრო, როცა სამომხმარებლო ბაზარზე იდგა საკონტროლო სასწორები, სადაც მომხმარებელს შეეძლო ნაყიდი პროდუქციის წონა გაეკონტროლებინა. მეტროლოგიის სამსახური ამ სასწორებს პერიოდულად ამოწმებდა, მაგრამ ამ სამსახურს ჩამოართვეს მაკონტროლებლის ფუნქცია და დღეს მოქალაქე ვერც ერთ ბაზარში, ვერც ერთ სუპერმარკეტში ვეღარ ნახავს საკონტროლო სასწორს.

- სად შეიძლება დაზარალებულმა მოქალაქეებმა თავიანთი უფლებები დაიცვან?

- არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელსაც პროდუქციაში მავნე ნივთიერებების აღმოჩენა ევალება, მაგრამ მას მაკონტროლებლის ფუნქცია ჩამორთმეული აქვს. რაც შეეხება წონას, მოქალაქე მხოლოდ სასამართლოში თუ გააპროტესტებს, მაგრამ აქ სულ სხვა პრობლემა იჩენს თავს. პროდუქტი, რომელიც 5 ლარი ღირს, სადავოდაც არ უღირს მოსახლეობას. სასამართლოში გადასახდელია ბაჟი, გასასტუმრებელია ადვოკატის მომსახურების ხარჯი და ვინღა იჩივლებს? თუ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები არ დაისაჯნენ, ვითარება უფრო დამძიმდება.

დიმიტრი გაბუნია, იურისტი: - წონის დაკლება მომხმარებლის მოტყუებასთან ერთად სისხლის სამართLლის დანაშაულიც არის. როდესაც მეწარმე აფიქსირებს, რომ  100 გრამი პროდუქციის ღირებულება 50 თეთრია,  მაგრამ რეალურად 100-ის ნაცვლად 70 გრამს ყიდის და 30-ს კი იპარავს, ბუნებრივია, ბიუჯეტში იმ 30 გრამის გადასახადი არ შედის. მარტივად რომ ავხსნათ, ვთქვათ, 3 პური უნდა იყოს 300 გრამი, მაგრამ მეწარმე 300 გრამისგან 4 პურს აცხობს. გამოდის, საგადასახადოში  სამი პურის ანგარიშით იბეგრება და მეოთხე პური უკვე "ლევია". ჩვენ ახლა გრამებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჯამში ეს მილიონობით დაუბეგრავ მოგებაზე გადის. შემოსავლების სამსახურმა მაკონტროლებლებთან ერთად რეიდი უნდა ჩაატარონ და ეს საკითხი  მწვავედ უნდა დაისვას. მომხმარებელი სიმწრით ნაშოვნი ფულით პროდუქტს რომ ყიდულობს და კილოგრამში 100-130 გრამს აკლებენ, ეს უსინდისობა კი არა, დანაშაულია.

p.s. როგორც ერთმა ქართველმა მწარმოებელმა ინკოგნიტოდ გვითხრა, ქართველი მეწარმეების არაკეთილსინდისიერებასაც აქვს მიზეზი. მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, შეიძლება ითქვას, ყაჩაღურად ექცევა. ჩინოვნიკებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურებისაგან გატყავებული ბიზნესმენი, ცხადია, გამოსავალს ეძებს. ყველაზე დაბალი ღობე კი ისევ ხალხია. ასე რომ, ჯაჭვი ლოგიკურია: საგადასახადო - ბიზნესმენებს, ბიზნესი კი დაბალ ღობეს - მოსახლეობას ატყავებს, ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არც ერთ მეწარმეს არ აქვს უფლება, მოსახლეობის რეკეტად იქცეს.