ვაშლის გამყიდველის ეკონომიკა - კვირის პალიტრა

ვაშლის გამყიდველის ეკონომიკა

დასავლეთში თუ ციტრუსის გაყიდვა ჭირს, შიდა ქართლში ადგილობრივები ვაშლის გასაღების პრობლემებზე საუბრობენ. შარშან საქართველოში, დაახლოებით, 60 ათასი ტონა ვაშლის მოსავალი მოიწიეს, აქედან უმეტესობა - გორის რაიონში. მოსავლის დიდი ნაწილი გლეხებს ჯერ კიდევ გასაყიდი აქვთ. მოსავლის მოცულობა ვაშლზე ადგილობრივი მოთხოვნას საგრძნობლად აჭარბებს. გლეხები ფიქრობენ, რომ თუ ახალ ბაზრებზე გასვლა რამდენიმე თვეში ვერ მოხერხდება, გაზაფხულზე მოსავალს ისევ ლიახვს გაატანენ.

ვაჟა ჩიხლაძე (გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მკვიდრი): "მოსავალი თუ იყო ნორმალური, გასაღება იყო არანორმალური. 1 ჰექტარზე, დაახლოებით, 6-7 ტონა ვაშლი მოვიწიე. ქართული ხილისთვის სარეალიზაციო ბაზარი არ არსებობს, ადგილობრივის გარდა. 2006 წელს, როცა პუტინმა და ონიშენკომ დაგვიკეტეს რუსეთის ბაზარი, მას შემდეგ საქართველოდან რუსეთში ვაშლი, ფაქტობრივად, არ გასულა და ქართველ გლეხს მას შემდეგ უჭირს მოსავლის გაყიდვა. არც ფასში გაგვიმართლა - ნაქარი (ანუ სამრეწველო - ე.ტ.) ვაშლის 1 კილოგრამს ადგილობრივი გადამმუშავებელი საწარმოები 10 თეთრად იბარებენ, მეტს არავინ მოგცემს. ვისაც უჭირს, ამ ფასადაც აბარებს, მე კი მირჩევნია პირუტყვს ვაჭამო, ამით მეტ სარგებელს მივიღებ.

პირველი ხარისხის, ე.წ. სუფრის ვაშლი გასაყიდად მიგვაქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მაგრამ იქაც ოთხ-ხუთ დღეს გვიწევს ბაზარში დგომა, ტრანსპორტირებასთან ერთად ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, და შესაძლოა, 1 ტონაც ვერ გაყიდო. კილოგრამზე რომ 50 თეთრი სუფთა მოგება არ დაგრჩება, ასეთი არც მოსავლის მოყვანა ღირს და არც მისი გაყიდვა. ვაშლის მოყვანა კი ძალიან ძვირი ჯდება. მობარვა უნდა, გასხვლა, ტრაქტორის დაქირავება, შხამქიმიკატების შეძენა - ეს ყველაფერი, დაახლოებით, 3 ათასი ლარი დამიჯდა. შემოსავალი, დაახლოებით, 4-5 ათასი ლარი მივიღე. აქედან, ბუნებრივია, დანახარჯები უნდა გადავფარო, 1-2 ათასი ლარი კი ოჯახს მთელი წლის განმავლობაში როგორ ეყოფა? ამას ისიც ემატება, რომ გაზაფხულიდან ბაღის მოვლა და ახალი მოსავლის მოყვანა უნდა დავიწყო და ისევ სესხის აღება მომიწევს.

უბედურება ის არის, საკუთარ შრომას ფასში არ ვითვალისწინებთ და მხოლოდ ფინანსურ დანახარჯებს ვითვლით. ბევრს ვწვალობთ, დილაუთენია ვდგებით და მთელი დღის განმავლობაში ბაღებში ვართ. ყველაზე მაღალი ხარისხის ვაშლის მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 1,50 ლარია, ამაზე ძვირად ვერ გაყიდი. ვაშლის მიწოდება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს ბევრად აჭარბებს და ამას იმპორტირებული პროდუქციაც ემატება. ეს კიდევ ერთი გარემოებაა, რაც ქართული პროდუქტის რეალიზაციას უშლის ხელს. მახსოვს, შარშან, გაზაფხულზე, როცა ვაშლის ფასი ყველაზე მაღალია, თბილისის ერთ-ერთ ბაზარში ჩემ გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთიდან შემოტანილ "გოლდენის" ჯიშის ვაშლს კილოგრამს 1 ლარად ყიდდა. ის რომ ასე იაფად ყიდდა, მე უკვე მუშტარი აღარ მეკარებოდა, რადგან მე, ბუნებრივია, ამ ფასად წვალებით მოყვანილ მოსავალს ვერ გადავყრიდი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვაშლი უფრო არომატული, გემრიელი და სასარგებლოა.

ახლაც ლაპარაკია ერგნეთის ბაზრობის გახსნაზე, თითქოსდა ამით შვება მიეცემა გლეხს და გასაღების ბაზარი გაფართოვდება. მე, როგორც ადამიანი, რომელიც აგერ უკვე ოცი წელია ვაშლს ვყიდი, ვურჩევდი საქართველოს საბაჟოებს, იქ არსებულ პირობებს გადახედონ და დაინტერესდნენ, რა ჯდება 1 ტონა ვაშლის გატანა აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.

ერთი ტონა ვაშლი რომ გაიტანო ამ ქვეყნებში, დაახლოებით 500-700 დოლარი უნდა გადაიხადო. მაგალითად, ხუთი ტონა რომ წავიღო, დაახლოებით, 2-3 ათასი დოლარი მხოლოდ საბაჟოზე უნდა დავტოვო. ამიტომაც ვერ მიმაქვს. როგორ დავიჯერო, სახელმწიფო უწყებებში ერთი ნორმალური ეკონომისტი არ ჰყავთ, რომელიც დაითვლის, რომ ძვირი განბაჟება გვიშლის ხელს ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტში?! მე მაგალითად, რუსეთის ბაზარი ვაშლის გასაყიდად საერთოდ არ მინდა. 11 წელიწადს რუსეთში ვიყავი, აქედან შვიდი წლის განმავლობაში იქ რუსეთშივე მოყვანილ ვაშლს ვყიდდი და კარგად ვიცი იქაური ბაზრის მოთხოვნები და სპეციფიკა. საბაჟოზე ტარიფების დაწევით ჩვენ ადგილობრივი პროდუქციით სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა დავაინტერესოთ, რომ საქართველოდან ვაშლი გაიტანონ.

გარდა ამისა, კარტელური გარიგებებია ხილის გადამმუშავებელი ქარხნების მხრიდან და ხელისუფლება ამითაც უნდა დაინტერესდეს. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ისინი ვაშლის ჩასაბარებელ ფასზე თანხმდებიან, რომ 10 თეთრზე მეტი კილოგრამში არ უნდა გადაიხადონ. მნიშვნელობა არ აქვს, ჭიან ვაშლს მიიტან თუ საღს. ეს შეთქმულების ბუდე აუცილებლად უნდა დაიშალოს და გლეხს მოწეულ მოსავალში რეალური, საბაზრო ფასი უნდა გადაუხადონ. კონცენტრატებზე მილიონებს, მილიარდებს შოულობენ და ცოტა გლეხისთვისაც ხომ უნდა გაიმეტონ.

რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობის გახსნას, ვფიქრობ, არარეალურია. პირველ რიგში ტერიტორიული საკითხი დგას. სად უნდა გაიხსნა ერგნეთის ბაზრობა?

ქართული საგუშაგოს მიღმა უკვე ოკუპირებული ცხინვალია, სადაც რუსი სამხედროები დგანან. სად უნდა გამოინახოს ტერიტორია ბაზრობისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ თავისუფლად მისვლა, ვაჭრობა და ოსებმაც, ან რუსებმა? ასეთი ტერიტორია არ არსებობს. მართალია, არსებობს ერგნეთში ე.წ. ბუფერული ზონა, ტრიალი მინდორი, მაგრამ იქ ჩვენები მაინც ვერ შედიან. გამოდის, თუ ბაზრობას ან გნებავთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ავაშენებთ, არაოფიციალურად ისევ რუსებს უნდა გადავცეთ და ისინი გააკონტროლებენ. ჩვენ რა ხეირი ამით? ადრე რომ იყო ერგნეთის ბაზრობა, მაშინ ცხინვალი ასე რუსიფიცირებული არ ყოფილა, ახლა კი სულ სხვა ვითარებაა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩამოვიდნენ ადგილზე ამ იდეის ავტორები და გაეცნონ გარემოებებს, გაესაუბრონ ადგილობრივებს, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ვფიქრობ, ეს იდეა მხოლოდ ხალხის მოტყუებას ემსახურება. თავისუფალი ეკონომიკური ზონა გააკეთონ აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვართან და ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს მოიტანს".

ლადო გიგუაშვილი (გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მკვიდრი): "დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემს თანასოფლელს ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, ერგნეთის ბაზრობა თუ აღდგება, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობები დათბება და ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარიც გაიხსნება. მთელი დასავლეთი საქართველო აქ იყო ჩამოსული, როცა ბაზრობა მუშაობდა და ხალხს შემოსავლის წყარო ჰქონდა. მაშინ ეს მხარე ყვაოდა. 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ ოსები და ქართველები ისევ ერგნეთის ბაზრობამ და სავაჭრო ურთიერთობებმა შეარიგა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ბაზრობა ისე არ უნდა იყოს მიშვებული, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ჩვენი მხრიდან სრულად უნდა გაკონტროლდეს იმპორტი და ექსპორტი. იმ დროს შემოვლითი გზებით შემოდიოდა კონტრაბანდა, ნარკოტიკი და ეს აღარ უნდა დავუშვათ. მანდარიანია თუ მწვანილი, სომხეთსა და აზერბაიჯანელებს გააქვთ ლარსის გავლით საქართველოდან და ქართველმა რატომ არ უნდა გაიტანოს. ასეთ პირობებში ჩვენი პროდუქცია ბევრად უკეთ გასაღდება.

ახლა ხალხს სარდაფებში მოსავალი უწყვია, ვერ ყიდიან და ულპებათ. მობრძანდით გაზაფხულზე და ნახავთ, რამდენი დამპალი ვაშლი იყრება ლიახვში და როგორ მიაქვს ჩვენი შრომა წყალს. საქართველოში ხალხს ისე უჭირს, ვაშლს იშვიათად თუ ყიდულობს ვინმე, რადგან ბევრისთვის ხილი ფუფუნებაა. როგორმე თავი გაიტანონ და ორი კილოგრამი კარტოფილი და პური იყიდონ, ის ურჩევნიათ. არადა, ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო ვაშლი და ატამია. ბევრმა ამ წლების განმავლობაში, მაშ შემდეგ რაც პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეიქმნა, ბაღები გაჩეხა, ახლა კი ისევ გაჩნდა იმედი, რომ გლეხის შრომა, შესაძლოა, ისევ დაფასდეს".

თბილისი-ტყვიავი-თბილისი