ქობულეთელ კრედიტორებს უკვე არაერთხელ "უშველეს" - კვირის პალიტრა

ქობულეთელ კრედიტორებს უკვე არაერთხელ "უშველეს"

არ ჩანს ბანკი, რომელიც ვერგადამხდელებს უფრო დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს შესთავაზებდა

ქობულეთში პრობლემური საბანკო სესხების მქონე მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევაზე მსჯელობა არაერთხელ გაჭიანურდა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სესხების რესტრუქტურიზაცია ზაფხულამდე უნდა დასრულდეს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საკუთარი ბინიდან გამოსახლება ემუქრებოდა, სესხები გადაუვადეს, მეორე ნაწილის საქმეების შესწავლა კი ახლაც გრძელდება და ამ საკითხზე აჭარის მთავრობასთან შექმნილი კომისია მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ამ ხალხმა სესხი დაპირებული ტურისტული სეზონის იმედით 2007 წელს აიღო, 2008 წლის ომისა და კრიზისის გამო სეზონი ჩავარდა და სესხი ვეღარ დაფარეს. თუმცა, როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, დაზარალებულთა სიაში არიან ისეთებიც, ვისაც აგვისტოს მოვლენები საერთოდ არ შეხებია. ალბათ ამიტომაც, გასულ ზაფხულს სიაში 271 ოჯახი იყო, ახლა მათი რიცხვი 380-მდეა. ქობულეთელები ვალების რესტრუქტურიზაციას კვლავაც ითხოვენ და ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას მნიშვნელოვანი შეღავათი ჯერ არ უგრძნია.

თამაზ გოგიბერიძე (არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი ქობულეთის" თავმჯდომარე): - თავის დროზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა განკარგულება, ამ საკითხზე გულდასმით ემუშავათ და თქვა, პრობლემას 3%-იანი სესხებით გადავწყვეტთო. სამწუხაროდ, ჩვენი საშველი ჯერ კიდევ არ ჩანს. არ ვიცით, რომელ ბანკს უნდა მიგვაკუთვნონ, რა შეღავათს გაგვიწევენ, ან რამდენპროცენტიანი სესხი უნდა ვიხადოთ. ჯერჯერობით სრული გაურკვევლობაა. უკვე გამოასახლეს ვერულიძეების ოჯახი, გამოსახლება ემუქრება სხვა ოჯახებსაც.

2008 წლამდე ჩვენ არანაირი ვალი არ გვქონია, შემდეგ კი ცალკე ომმა და ცალკე ქობულეთის დაუსრულებელმა "აღმშენებლობამ" ტურისტების ნაკადიც შეამცირა და შემოსავალიც დაგვაკარგვინა. პირადად მე, მაგალითად, ახლა 72 ათასი ლარი მაქვს გადასახდელი და თუ ვერ გადავიხდი, ოთხ წელიწადში 100 ათასი ლარი დამიგროვდება.

შესაძლოა, ყველა არ არის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული, მაგრამ სახელმწიფოს დახმარება ყველას სჭირდება, რადგან ქობულეთში ბოლო რამდენიმე ტურისტული სეზონი საერთოდ ჩავარდა.

ვფიქრობ, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მრავალწლიანი იაფი სესხის გაფორმებაა. მაგალითად, რა მოხდება, 10-15 წლით რომ მოგვცენ იაფფასიანი სესხი "ქართუ ბანკიდან" და თანდათან გადავიხადოთ?

ანზორ თხილაიშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე): - აჭარის მთავრობას დახმარება რომ არ გაეწია, რამდენიმე საცხოვრებელი უკვე აუქციონზე იქნებოდა გაყიდული... თუმცა კრედიტორებს სურთ დაბალპროცენტიანი, კერძოდ 7-8%-იანი სესხის გაფორმება და ამით 15-17-18%-იანი კრედიტების დაფარვა. ამასთანავე, მათი სურვილია, 10-15 წელიწადზე გაიწეროს მათი საბანკო ვალდებულება. ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, მაგრამ იმდენი კი შევძელით, რომ გამოსახლება გადავადებულიყო. ახლა ბანკებთან ურთიერთობის მოგვარება ინდივიდუალურად უნდა მოხერხდეს. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ თუ კრედიტორებს ქობულეთის რაიონში გაუწევენ შეღავათს, ეს ავტომატურად გადაინაცვლებს საქართველოს სხვა რეგიონებზე. ისიც ვიცით, რომ უხეში ჩარევით შესაძლოა საბანკო სექტორში საგრძნობი პრობლემები წარმოიშვას.

- კრედიტორების სურვილია, ვალები "ქართუმ" გადაიფორმოს...

- როგორ შეიძლება ერთმა ბანკმა იკისროს მეორე ბანკის ვალდებულებები? საქართველოში ათასობით ადამიანი დაზარალდა ომის შემდეგ და უმეტესობა ვალის გადახდას ითხოვს. "ქართუ" ბანკს რომც ჰქონდეს ამის საშუალება, კლიენტებისთვის პროცენტის შემცირება და ამხელა შეღავათის გაწევა, ჩემი აზრით, საბანკო სექტორს ჩამოშლიდა, თანაც ეს სექტორი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ალბათ მათ ვერავინ დაჰპირდება ამ პროცენტების დაკლებას. რაც შეეხება ამ ხალხისთვის დაბალპროცენტიანი სესხების გაფორმების დაპირებას, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის შესადგენად 12 თემატური ჯგუფი მუშაობდა. ჩანს, ზოგიერთ სპეციალისტს ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული საკითხის სირთულე. რამდენიმე პირი წინა მთავრობის დროს გამოასახლეს, ორი ადამიანი გარდაიცვალა კიდეც ამის გამო, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, როგორც ვიცი, გამოსახლებები შეჩერდა. ამ ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" დირექტორი): - ქვეყანაში ახალი რეალობაა და როგორც ჩანს, კრედიტორებს გადაჭარბებული მოლოდინი გაუჩნდათ, მიიჩნიეს, რომ მათ ვალებს სახელმწიფო დაფარავს. არადა, ეს არის ურთიერთობა ბანკსა და მომხმარებელს შორის. ბანკის საქმიანობაში კი სახელმწიფო უხეშად არ უნდა ერეოდეს. ბანკებთან სახელმწიფომ შეიძლება მხოლოდ შუამავლის როლი იკისროს. კრედიტორებს ჰგონიათ, რომ რადგან მთავრობა შეიცვალა, შეიძლება ამით ისარგებლონ. ჩნდება კითხვა - რატომ ძველ მთავრობას არ სთხოვდნენ ვალის გადახდას, ან მაშინ რატომ არ იაქტიურეს, როცა მათი პრობლემები წარმოიშვა? ნამდვილად არ იქნება სწორი ამ თანხის ბიუჯეტიდან გაცემა, ან საბანკო სექტორის საქმიანობაში ხელაღებით ჩარევა.

ხათუნა ჩიგოგიძე