როგორ იშოვა მილიონი მაქს ფაქტორმა ქალებისგან - კვირის პალიტრა

როგორ იშოვა მილიონი მაქს ფაქტორმა ქალებისგან

ფული საუკეთესო სურნელით

იცით თუ არა, რომ კრემ-პუდრი, წამწამების ტუშის მრგვალი ფუნჯი, ღია-ვარდისფერი ტუჩსაცხი და და კიდევ ბევრი სხვა რამ ჰოლივუდელი გრიმის მხატვრის, მაქს ფაქტორისა და მისი ვაჟების გამოგონებაა?! მაკიაჟის საშუალებების ცნობილი შემქმნელი მაქს ფაქტორი, იგივე მაქსიმილიან ფაქტოროვიცი, 1877 წელს დაიბადა ქალაქ ლოძში (მაშინდელ რუსეთში, დღევანდელ პოლონეთში). 14 წლის მაქსმა ოპერის თეატრში დალაქად დაიწყო მუშაობა, თუმცა პარიკების გარდა, კოსტიუმებსა და გრიმზეც ზრუნავდა. თეატრში მიღებული გამოცდილება ფაქტორს ძალიან გამოადგა მომავალში.

მაქსის გრიმწასმული მსახიობები თვით ნიკოლოზ II-ის წინაშე გამოდიოდნენ, მალე ნიჭიერი გრიმიორი რუს თავადაზნაურთა წრეში ფართოდ გახდა ცნობილი. იგი რამდენიმე წელიწადს მუშაობდა კოსმეტიკის სპეციალისტად სამეფო კარზე და საიმპერატორო თეატრებში. წლების შემდეგ თავისი პირველი კოსმეტიკური მაღაზიაც გახსნა. 1904 წელს კი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადასახლდა.

ამერიკის აღმოჩენა

მაქს ფაქტორმა ამერიკაში, სენტ-ლუისში კოსმეტიკურ-პარფიუმერიული პატარა მაღაზია გახსნა, 1908 წელს კი ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც ის-ის იყო კინოს მესვეურები იკიდებდნენ ფეხს. გამჭრიახმა ფაქტორმა კინოინდუსტრიის მოთხოვნები წინასწარ განჭვრიტა. მაღაზია სტუდიის გვერდით გახსნა და სწორადაც მოიქცა - მსახიობები ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას მაკიაჟის თაობაზე.

1914 წელს მაქსმა გამოიგონა "კოსმეტიკა თვალზე წვეთის შესაქმნელად". ეს იყო შავი, გამდნარი ცვილი წამწამების ბოლოებისთვის. ამას მოჰყვა ახალი მაკიაჟი კინოსთვის - კრემი, რომელსაც თხელ ფენად ისვამდნენ სახეზე და რომელიც კანზე არ ხმებოდა. სწორედ მაშინ ჩამოაყალიბა მაქს ფაქტორმა თავისი მთავარი წესი - "გრიმი კარგია, როცა ვერავინ ხვდება, რომ გრიმი გისვიათ".

ფაქტორის ნიჭი მაშინვე დააფასეს ჰოლივუდის კომიკოსმა მსახიობებმა - ჩარლი ჩაპლინმა, ფატი არბაკლმა, ბასტერ კიტონმა. ახალი მაკიაჟი მათ მიმიკას სრულ თავისუფლებას ანიჭებდა!

ფერთა "ოსკარი"

კინემატოგრაფიის განვითარებასთან ერთად ფაქტორის ბიზნესიც იფურჩქნებოდა. 1918 წელს მაქს ფაქტორმა წამოაყენა მაკიაჟში "ფერთა ჰარმონიის" იდეა - მისი აზრით, თმის, სახისა და თვალების ფერი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, როცა მათ მთელი კოსმეტიკა შეესაბამებოდა.

კინოს "გაფერადების" შემდეგ მოთხოვნები შეიცვალა. 1928 წელს მაქსი ვაჟიშვილებთან ერთად თავისი კოსმეტიკის სრულყოფას შეუდგა. მსოფლიო კინემატოგრაფის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მაქს ფაქტორი "ოსკარით" დაჯილდოვდა.

ფაქტორის წარმატება ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მისი კოსმეტიკით ჰოლივუდის ვარსკვლავები არა მხოლოდ ეკრანზე, ცხოვრებაშიც სარგებლობდნენ. მაქს ფაქტორის პროდუქცია ყველაზე დახვეწილ და ელეგანტურ ქალბატონებთან ასოცირდებოდა. სწორედ ფაქტორმა შექმნა გრეტა გარბოს, ვივიენ ლის, კლარა ბოუს, ბეტი გრეიბლის თვალისმომჭრელი ხატებანი.

ყველა ქალი მზეთუნახავია

1916 წლიდან მაქს ფაქტორის კოსმეტიკა საცალო ქსელში იყიდებოდა და ამდენად, ყველა ქალს მიუწვდებოდა ხელი ჰოლივუდის ვიზაჟისტების პროფესიულ "საიდუმლო იარაღზე". ფაქტორმა მილიონობით ქალს მისცა საშუალება, თავი დედოფლად ეგრძნო. ქალები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს, როგორ გამოიყურებოდნენ მათი საყვარელი კინოვარსკვლავები და როგორც კი მათ მაკიაჟში სიახლე გაჩნდებოდა, იცოდნენ, რომ მალე ის მაქს ფაქტორის მაღაზიაშიც გამოჩნდებოდა. მაგალითად, ტუჩსაცხი (პომადა) მხოლოდ მაშინ გახდა პოპულარული, როცა მისი წყალობით ფაქტორმა ცნობილი მსახიობის კლარა ბოუს გარეგნობა შეცვალა - მისთვის შექმნა ტუჩების სპეციალური კონტური "კუპიდონის მშვილდი" (მსახიობის გვარი Baw ინგლისურად მშვილდს ნიშნავს).

ახალგაზრდა გრეტა გარბომ ჰოლივუდში გამოჩენის წამსვე ყველა მონუსხა თავისი გამოხედვით - ფაქტორის ჩრდილებითა და ტუშით გემოვნებით დაფერილი "გარბოს თვალებით" მოხიბლულმა ამერიკელმა ქალებმა სასწრაფოდ მას მიჰბაძეს.

ფაქტორმა მთელ აშშ-ში დაიწყო "ფერთა ჰარმონიის" პრინციპით შერჩეული კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვა. თითოეული მყიდველი ავსებდა ანკეტას, რის მიხედვითაც არკვევდა, "ფერთა ჰარმონიის" ოთხი ტიპიდან რომელს მიეკუთვნებოდა (ქერა, წაბლისფერთმიანი, შავგვრემანი, წითური) და შესაფერის კოსმეტიკას იძენდა.

სალონი ჰოლივუდში

გაზრდილი კლიენტურის მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა, 1935 წელს ფაქტორმა გახსნა დიდებული სალონი - "მაქს ფაქტორის მაკიაჟის ჰოლივუდური სტუდია". გახსნის ცერემონია ჰოლივუდის საღამოებიდან ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა. მას იმ დროის ყველა ვარსკვლავი ესწრებოდა და ყოველი მათგანი თავის ავტოგრაფს ტოვებდა უზარმაზარ "დიდების ფურცელზე", რომელიც იმდროინდელი ცნობილი ადამიანების ავტოგრაფების "სრულ კრებულად" არის ცნობილი.

განსაკუთრებულ მოვლენად იქცა "ოთხი კაბინეტის" გახსნა. ქერებისთვის ცისფერი ჯინ ჰარლოუმ გახსნა, წითურებისთვის - მწვანე - ცნობილმა მოცეკვავე ჯინჯერ როჯერსმა, ფრედი ასტერის მეწყვილემ. შავგვრემანებისთვის განკუთვნილი ვარდისფერი კაბინეტი კლოდეტ კოლბერმა გახსნა, წაბლისფერთმიანთა ატმისფერი კი როშელ ჰადსონმა, მაქს ფაქტორის უსაყვარლესმა მოდელმა.

სტუდიაში იყო მაქს ფაქტორის გამოგონება - "სილამაზის კალიბრატორი". აპარატს თავზე ჩამოიცვამდნენ, იგი სახის ნაკვთებს ზომავდა, როგორ შეესაბამებოდნენ ისინი სტანდარტს. ამის შემდეგ შესაძლებელი იყო "ზედმეტობების" მაკიაჟით "ჩაქრობა".

"მაქს ფატორის" კოსმეტიკის სარეკლამო კამპანიის დიდი ნაწილის დევიზად იქცა ფრაზა "მაკიაჟი ვარსკვლავებისთვის და თქვენთვის". მოგვიანებით ფრაზა შემოკლდა: "ვარსკვლავებისთვის და თქვენთვის". სწორედ ასე ერქვა მაქს ფაქტორის რადიო და ტელეშოუს მრავალი წლის განმავლობაში. მასში თვით ფრენკ სინატრაც კი მონაწილეობდა.

სალონის ხმაურიანი გახსნის შემდეგ, ფაქტორი თავის ყველაზე თამამ პროექტზე მუშაობას შეუდგა - მაკიაჟს ფერადი კინოსთვის. ახალი გრიმი მრგვალ კოლოფში იყო დაწნეხილი, რის გამოც ხალხში Pan Cake (მაჭკატი, ბლინი) დაარქვეს. Pan Cake არ პრიალებდა, თანაბარ ფენად ჯდებოდა სახეზე და პირისკანის ყველა ტონალობისა გამოდიოდა. პირველად ის ფილმ Vagues of 1938-ში გამოიყენეს. მაშინ ფრაზა: "მაკიაჟი მაქს ფაქტორისაგან" - პირველად გამოჩნდა ტიტრებში. "მაჭკატის" წარმატება გამაოგნებელი იყო! კინოკრიტიკოსები მთელ სტატიებს უძღვნიდნენ ამ სასწაულს. მისი წყალობით მიღებულ სახის განსაცვიფრებელ ფერს "ატამსა და ნაღებს" აფარებდნენ.

კაცი, რომელსაც "ჰოლივუდის ჯადოქარი" შეარქვეს და რომელმაც კოსმეტიკის ისტორიაში უდიდესი იმპერია შექმნა, თავისი დიდების მწვერვალზე ყოფნისას, 1938 წელს გარდაიცვალა. კომპანიის ხელმძღვანელი გახდა მაქსის უფროსი ვაჟი ფრენკი, რომელმაც სახელი გადაირქვა და მაქს ფაქტორ-უმცროსი შეიქნა.

1946 წელს მაქს-უმცროსმა დააპატენტა ტელემაკიაჟის რეცეპტურა, რომელზე მუშაობაც მამამისმა 1932 წელს დაიწყო. მას შემდეგ კოსმეტიკის სფეროში სიახლეები "მაქს ფაქტორის" სავაჭრო ნიშანს უკავშირდება. ძმებმა ფაქტორებმა შექმნეს წყალგამძლე გრიმი და ტუში, ასევე მასალა სხეულის მოსახატად (body paint). სწორედ ფაქტორებმა გამოიყენეს პირველად ფუნჯი პუდრისა და ტუჩსაცხის წასასმელად, გამოიგონეს წარბების პაწია სავარცხელი. აგრეთვე მილაკი ფუნჯით თვალის ტუშისთვის, მდგრადი ტუჩსაცხი, ფრჩხილებისა და თმის ლაქი, თხევადი ტონალური კრემი და სხვა მრავალი წვრილმანი, რომელთა გარეშეც თანამედროვე ქალის ტუალეტი წარმოუდგენელია.

მოდის კანონმდებლები

1950-იან წლებში მოდისა და სილამაზის სიმბოლოებად ფოტომოდელი გოგონები იქცნენ. დაიწყო მოდის ჟურნალების ერა. დამკვიდრდა "მოზარდი გოგონას სტილი". "მაქს ფაქტორმა" ახალი მიმართულება შექმნა - ჩრდილების ასორტიმენტი გააფართოვა და პირველად გამოიყენა ღია ფერის ტუჩსაცხი Roman Pink-ი. ახალ სტილს განასახიერებდა მოდელი ტვიგი, ასევე სუპერვარსკვლავები: მერილინ მონრო, სოფი ლორენი, ბრიჟიტ ბარდო და ელიზაბეტ ტეილორი. ახლა აქცენტი თვალებზე კეთდებოდა, ტუჩებზე კი - ნაკლებად.

70-იან წლებში მაქს-უმცროსმა მოდური გახადა "უკან, ბუნებისაკენ!" - და გამოჩნდნენ დახვეწილი კატრინ დენევი და სიბილ შეპარდი. ახალი კოსმეტიკისა და პარფიუმერიისთვის ავოკადოს, ლიმონის, მწვანე ვაშლისა და ველური ბალახ-ბულახის ექსტრაქტების გამოყენება დაიწყეს.

1973 წელს გარდაიცვალა ფაქტორთა უკანასკნელი პრეზიდენტი. ფირმის ორიგინალური მეთოდები და ტექნოლოგიები კოსმეტიკის #1 ბრიტანელ კონსულტანტ ევა გარდნერს გადაეცა. კონსულტანტიდან კონსულტანტზე ცოდნა-გამოცდილების გადაცემა კომპანიაში დღემდე მოქმედებს.

რამდენიმე მესაკუთრის გამოცვლის შემდეგ, 1991 წელს "მაქს ფატორი" მის მფლობელ "რევლონთან" ერთად გიგანტმა ამერიკულმა ფირმამ, "პროქტერ ანდ გემბლმა" შეიძინა. "მაქს ფატორი" გაკოტრების პირას იყო, ახალმა მფლობელმა კი მისი საქმეები "ლიპფინიტის" ხაზის ამოქმედებით გამოაკეთა. თვით "პროქტერ ენდ გემბლი" "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში 35-ე ადგილზეა $185,23-მილიარდიანი კაპიტალიზაციით. 1837 წელს დაფუძნებული საწარმოსთვის დღეს მსოფლიოში 129 ათასი ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ