$2 მილიარდის ინვესტიციები - ოცნება თუ რეალობა?! - კვირის პალიტრა

$2 მილიარდის ინვესტიციები - ოცნება თუ რეალობა?!

2013 წელს საქართველოში $2 მილიარდის ინვესტიციები შემოვა - ასეთია მთავრობის წარმომადგენლების ოპტიმისტური მოლოდინი. ეკონომიკის მინისტრი ინვესტორების მოზღვავებას აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებიდან ელოდება. ინვესტორების დაინტერესების იმედს ეკონომიკის მინისტრი 30-ზე მეტ ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებაზე ამყარებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმებას წინა მთავრობა ბლოკავდა: „იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რომელიც გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევის მიმართულებით, წინა ხელისუფლებამ 32 ქვეყანასთან შეაჩერა ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეს ქვეყნები დღეს მოლაპარაკების განახლებას ელოდებიან“.

ინვესტიციების დაცვის პრობლემებზე პრესტიჟული კვლევებიც მიუთითებს. მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში „დუინგ ბიზნეს 2013“, საქართველოს ჰქონდა წარმატებები ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით (მე-16 ადგილიდან მეცხრეზე გადაინაცვლა), თუმცა, 2012 წლის რეიტინგთან შედარებით, ორი საფეხურით გაიუარესა მდგომარეობა სწორედ ინვესტიციების დაცვის კუთხით. იგივე ტენდენციაა „ჰერიტიჯის ფონდის“ რეიტინგში „ეკონომიკური თავისუფლება 2013“. აქაც, საერთო ჯამში, საქართველო დაწინაურდა (44-დან 21-ე ადგილამდე), თუმცა რეიტინგში ასევე ნაჩვენებია გაუარესება კერძო საკუთრების დაცულობის, კორუფციისა და მონეტარული თავისუფლების საკითხებში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ამბობს, რომ ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებები მნიშვნელოვანი სიგნალი შეიქნება: „როცა ინვესტორი ქვეყანაში შემოდის, ყოველთვის კითხულობს, გვაქვს თუ არა მის ქვეყანასთან ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულება. ეს ინვესტიციების მოზიდვას საგრძნობლად წაახალისებს".

ამჟამად ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოს მხოლოდ 25 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. ის დავისას ინვესტორს უფლებას აძლევს, მიმართოს საინვესტიციო დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრს ვაშინგტონში...

სამთავრობო ოპტიმიზმი ჩვეული ამბავია, თუმცა საინტერესოა, რომ ეკონომიკური ბუმისა და ინვესტორების მიერ საქართველოთი დაინტერესებას ისეთი ბიზნესმენები პროგნოზირებენ, რომლებიც ძირითადად „ვარდების რევოლუციამდე“ საქმიანობდნენ და შემდეგ სააკაშვილის მთავრობასთან ურთიერთობები აერიათ. ახალი მთავრობა და ძველი ბიზნესმენები სავარაუდო ინვესტიციებსაც აკონკრეტებენ - $1-მილიარდიან დაბანდებას აზერბაიჯანიდან, რომლითაც შავი ზღვის პირას ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს. $250 მილიონის ჩადება იგეგმება მეტალურგიაში გერმანულ-თურქული კომპანიისა და ევრობანკის მხრიდან - ქარხნის ასაშენებლად ფოთის პორტთან ტერიტორია უკვე შერჩეულია. დაინტერესება გამოხატეს ბიზნესმენებმა ისრაელიდან. არის ნაკლებად მასშტაბური სხვა გეგმებიც, `სულ რაღაც" რამდენიმე მილიონზე გათვლილი.

2013 წლის პროგნოზი - $2 მილიარდი, შთამბეჭდავი ციფრია. რამდენად რეალურია მისი გამართლება, რამდენად იკმარებს საინვესტიციო ბუმისთვის „ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება 32 ქვეყანასთან“ იმის მუდმივად განმეორების ფონზე, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესს ატერორებდა და ახლა საუკეთესო პირობებში - მოუწევთ ინვესტორებს მუშაობა ძნელი სათქმელია. აზერბაიჯანისა და ისრაელის მხრიდან ახალმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო შენიშვნები, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის საკითხსა და ენერგორესურსების უფრო დაბალ ფასად მოწოდებაზე საუბრისას. აზერბაიჯანის გაღიზიანების საგანი შეიძლება გახდეს აგრეთვე განცხადებები, რომელიც აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის რკინიგზით დაკავშირებას ეხება. აღსანიშნავია, რომ როცა საქართველომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოში ვიზიტი გადადო.

$2 მილიარდის ინვესტირება სულ ერთხელ მოხდა, 2007 წელს, კახა ბენდუქიძის „აგრესიული პრივატიზაციისას“. თუმცა მანამდე შემცირდა გადასახადების სახეობები, განაკვეთები და გაუქმდა მრავალი მარეგულირებელი ნორმა.

საინტერესოა, დღეს რა შეიძლება გახდეს სტიმული ინვესტორებისთვის. რაც უკვე გამოიკვეთა, შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებებია, რაც დამსაქმებლის სრულ უპირატესობას დასაქმებულის მიმართ საგრძნობლად კვეცს. ადრინდელივით სათანადო ახსნა-განმარტებისა და პროცედურების დაცვის გარეშე თანამშრომლის გათავისუფლება დამსაქმებელს შეიძლება ციხედაც დაუჯდეს. დამსაქმებლები აქა-იქ ფრთხილად ბედავენ თქმას, რომ ისედაც რთულ გარემოში შრომის ახალი კოდექსი კიდევ მეტ ბევრ პრობლემას შექმნის. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაზე და ბუნებრივია, ესეც რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება...

2012 წლის მაჩვენებლები საბოლოოდ მარტში გახდება ცნობილი, თუმცა პირველი სამი კვარტალის მიხედვით მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ არის. მით უმეტეს, მეოთხე კვარტალი არჩევნებსა და პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც ინვესტორები როგორც წესი, არ აქტიურობენ.