არასაიმედო სესხებმა ბანკების მოგება "შეჭამა"
არასაიმედო სესხებმა ბანკების მოგება "შეჭამა"
2012 წელს ქართული საბანკო სექტორის მოგება, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, სექტორის წმინდა მოგება 2012 წელს 134 მილიონი ლარი იყო, რაც თითქმის 60%-ით ნაკლებია 2011 შედეგზე, 323 მილიონ ლარზე. ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ 2012 წელს მოგების შემცირება დაკავშირებულია საკრედიტო აქტივობის შემცირებასთან, რაც მთელი წლის განმავლობაში შეინიშნებოდა. ამას დაერთო სესხების შესაძლო დანაკარგების ზრდით გამოწვეული ზარალიც (ბანკებს უწევთ აქტივების, მათ შორის სესხების, შესაძლო დანაკარგების მოცულობის რეზერვების შექმნა).
პოლიტიკურადაც წელიწადი ძალიან აქტიური იყო და ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა, აგრეთვე შემოვიდა ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საბანკო სექტორს შეეხო და ყველაზე მეტად "ქართუ ბანკი" დააზარალა, რამაც დიდად შეამცირა მთელი სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელი.

ზურაბ თევზაძე ("ქართუ ბანკის" ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი): - საბანკო სექტორის მდგომარეობაზე
კარგად მეტყველებს ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრები, კერძოდ, 2012 წელს საბანკო სექტორის მოგება 134 მილიონი ლარი იყო და რომ არა "ქართუ ბანკის" ზარალი, მაშინ იქნებოდა 210 მილიონი ლარი, ანუ დაემატებოდა ის 75 მილიონი, რომელიც ჩვენმა ბანკმა იზარალა.

2011 წელი კი "ქართუ ბანკმა" 15-მილიონიანი მოგებით დაასრულა. ასე რომ, ჩვენი ბანკის ზარალმა საერთო ვითარებაზე საგრძნობი გავლენა იქონია. თუმცა ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ 2012 წელს საკრედიტო დაბანდებები შემცირდა. საბუთად ციფრებსაც მოვიშველიებ: შარშანდელი მეცხრე თვის მონაცემებით, მთლიანი საკრედიტო დაბანდება ყველა ბანკში იყო 7 მილიარდ 416 მილიონი, ხოლო სამ თვეში, უკვე წლის ბოლოს, 8 მილიარდ 700 მილიონს მიაღწია. ვფიქრობ, საკრედიტო აქტივების შემცირება მოგების შემცირებასთან დაკავშირებული არ არის. იმედი გვაქვს, მიმდინარე წელი უკეთესი იქნება როგორც ჩვენი ბანკის, ასევე ქვეყნის საბანკო სისტემისთვისაც.

მერაბ კაკულია (ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი): - შარშან საბანკო სექტორის მოგების ვარდნის უშუალო მიზეზი სისტემის ჯამური ხარჯების მკვეთრი ზრდა იყო, რომელიც ბევრად აღემატებოდა შემოსავლების ზრდას. თავის მხრივ, ხარჯების ზრდაში დიდი როლი ითამაშა სესხებზე შესაძლო დანაკარგების მიხედვით ზარალის მატებამ. რაც შეეხება საკრედიტო აქტივობას, მართალია, 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ ბანკების მიერ სესხებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობამ მოიმატა. აქედან გამომდინარე, საბანკო სექტორის მოგების შემცირებას საკრედიტო აქტივობის შენელებით ვერ ავხსნით.

შარშან ბანკების ხარჯები სესხებზე შესაძლო დანაკარგების ზარალის მიხედვით, შარშანწინდელთან შედარებით, თითქმის ცხრაჯერ გაიზარდა. ასეთი დიდი ზრდა იმან განაპირობა, რომ 2009 წლის კრიზისის პერიოდში უარყოფითად კლასიფიცირებული, ანუ საეჭვოდ და უიმედოდ მიჩნეული სესხების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, კრიზისის შემდეგ (მათ შორის 2011 წელსაც), ბანკებს უკან დაუბრუნდა, რამაც ძალიან შეამცირა ზარალი ბანკების აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით. ამ ფონზე, 2012 წელს, აღნიშნული ზარალის მკვეთრი ზრდა დიდწილად გამოწვეული იყო სესხებზე შესაძლო დანაკარგების მიხედვით "ქართუ ბანკის" ხარჯების მკვეთრი მატებით. ასეთი ხარჯების გადიდების შემთხვევები სხვა ბანკებშიც აღინიშნა, თუმცა მიზეზი აქ სესხების ხარისხის რეალური გაუარესება გახლდათ. ბანკებს იგივე ხარჯები ახალ გაცემულ კრედიტებზეც გაეზარდათ, თუმცა ამ უკანასკნელის როლი არცთუ მნიშვნელოვანი იყო.

- ეთანხმებით თუ არა სპეციალისტების აზრს, რომ ეს ზარალი პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა?
- 2012 წელს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აშკარად შეინიშნებოდა პოლიტიკური ფაქტორის უარყოფითი გავლენა საბანკო სექტორზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია უპრეცენდენტო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი ბანკის - "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ გამოიყენა. ამ ცვლილებით იპოთეკამ, ფაქტობრივად, დაკარგა სესხების უზრუნველყოფის ფუნქცია. ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონება, ვითომდა ბიუჯეტის მიმართ მსესხებლის დავალიანების მოტივით, ჯერ გადაეცემოდა სახელმწიფოს, შემდეგ გადიოდა აუქციონზე, სადაც მყიდველი არ ფიქსირდებოდა, ბოლოს კი პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად იყიდებოდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში იმავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ. ამგვარი მანიპულაციების შედეგად "ქართუ ბანკმა" ძალიან დიდი ზარალი ნახა, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი "წვლილი" შეიტანა მთლიანად საბანკო სექტორის ჯამური მოგების მკვეთრ შემცირებაში.

როგორი იქნება მიმდინარე წელი? - ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა ძნელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეკონომიკური აქტივობა 2013 წელს. საქართველოს ეკონომიკის ზრდის წამყვანი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია. თუ მათი მკვეთრი ზრდის პროგნოზი, რომელსაც ახალი ხელისუფლება აკეთებს, გამართლდა, შესამჩნევ ეკონომიკურ გამოცოცხლებას უნდა ველოდოთ. მაგრამ ამისთვის მთავრობას კარგად გააზრებული და საგნობრივი საშუალოვადიანი ეკონომიკური პროგრამის შემუშავება და მისი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, წარდგენა სჭირდება. ბანკებს, ისევე როგორც, ზოგადად, ეკონომიკურ სუბიექტებს, მათ შორის უცხოელ ინვესტორებს, უნდა ჩამოუყალიბდეთ ნდობა ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რათა სათანადოდ შეაფასონ რისკები.

მოკლედ

- საბანკო სექტორში სესხებზე შესაძლო დანაკარგების მიხედვით ზარალმა, 2012 წლის ბოლოს 259,365 მლნ ლარს მიაღწია. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 29,42 მლნ ლარი იყო, 2010 წელს კი 100,061 მლნ.
- იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში, ვაჭრობის სფეროს წილმა 2012 წლის ბოლოს 47% (2,2 მლრდ ლარი) შეადგინა. 2011 წელთან შედარებით წილი 1,5%-ით არის შემცირებული, თუმცა კვლავ ყველაზე მაღალია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი 20,9%-ია (993,2 მლნ ლარია).

ხათუნა ჩიგოგიძე
lela
02 მარტი 2013 09:31
ხალხი გატყავდა და რაღა მოგებს მოგცემდათ??

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები