მიჩიო სუძუკის გზა საფეიქრო დაზგიდან ავტობრენდამდე - კვირის პალიტრა

მიჩიო სუძუკის გზა საფეიქრო დაზგიდან ავტობრენდამდე

ყოველწლიურად მსოფლიოში "სუძუკის" ორი მილიონი ავტომობილი და ორ მილიონზე მეტი მოტოციკლი იყიდება. საინტერესოა, რომ ავტობრენდის შემქმნელმა საქმიანობა საფეიქრო დაზგებით ვაჭრობით დაიწყო.

ცნობილი იაპონელი გამომგონებელი და მეწარმე მიჩიო სუძუკი 1887 წელს დაიბადა ზღვისპირა ქალაქ ჰამამაცუში, ტოკიოდან 200 კმ-ში. მამამისს ბამბის პლანტაციები ჰქონდა და დილიდან დაღამებამდე წელში მოხრილი დასტრიალებდა "თეთრ ოქროს". ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვობიდან საფეიქრო ანაბანას ნაზიარევი მიჩიო ოცნებობდა, საკუთარი სიტყვა ეთქვა დარგში, რომელიც იაპონიისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო.

ბიჭმა დურგლობაც შეისწავლა და ხისგან სატერფულიანი საფეიქრო დაზგა შექმნა. ჭაბუკმა კარგად შეაფასა თავისი ქმნილების კომერციული პერსპექტივა და თავის მშობლიურ ქალაქში ამგვარი დაზგების გამომშვები ფაბრიკა Suzuki Loom Works-ი გახსნა.

მარტივ და საიმედო დაზგებზე იაპონელ ფეიქრებში დიდი მოთხოვნილება იყო, ახალგაზრდა სუძუკის ბიზნესიც ყვაოდა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა. მიჩიო ძიებებს განაგრძობდა, მალე მის დაზგებზე აბრეშუმის ძაფის დართვაც შესაძლებელი გახდა, რამაც ფაბრიკას დამატებითი შეკვეთები მოუტანა. თუმცა არსებულ ფართობზე წარმოების გაზრდა შეუძლებელი შეიქნა, წარმოების გაფართოება კი მსხვილ დაბანდებებს საჭიროებდა და მიჩიო სუძუკიმაც გადაწყვიტა, კომპანია ტოკიოს საფონდო ბირჟაზე დაერეგისტრირებინა.

XX საუკუნის 20-იანი წლებისთვის, იაპონიის მზარდი ეკონომიკის პირობებში, წვრილი საოჯახო ბიზნესის როლი მცირდებოდა, ფირმები კაპიტალის მოზიდვას საჭიროებდნენ. არც "სუძუკი" ყოფილა გამონაკლისი. 1920 წლის მარტში დაარსდა სააქციო საზოგადოება Suzuki Jidosha Kogyo, 500 ათასი იენის საწესდებო კაპიტალით. კომპანიის პრეზიდენტად მიჩიო სუძუკი დაინიშნა. ასე ჩაეყარა 93 წლის წინ იურიდიული საფუძველი "სუძუკი მოტორ კორპორეიშნს".

ხარისხის ტრადიცია

საბირჟო ოპერაციებიდან შემოდინებული ფულის ნაკადის წყალობით წარმოება სწრაფად განვითარდა. ორ წელიწადში "სუძუკის" ფაბრიკა იაპონიაში მოწყობილობების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად იქცა საფეიქრო მანუფაქტურებისთვის.

1926 წელს კომპანიამ წამოიწყო დაზგების ექსპორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთში და მაღალი ხარისხისა და შედარებით დაბალი ფასის გამო, ადგილობრივ ბაზრებზე ბრიტანული და ჰოლანდიური ანალოგებიც კი შეავიწროვა. "სუძუკის" დამღიანი, საიმედო დაზგები პრაქტიკულად მარადიული იყო და შეცვლა არ სჭირდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარი თანდათან გაჯერდა, შეკვეთები კატასტროფულად მცირდებოდა. კომპანიას სასწრაფოდ სჭირდებოდა პროფილის შეცვლა და მიჩიო ბიზნესის დივერსიფიკაციაზე დაფიქრდა. ისევ და ისევ ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტო და მოტოტექნიკაზე "გადასვლა" გადაწყვიტა.

მეორე მსოფლიო ომის წინ იაპონიის ავტოწარმოება ის-ის იყო ისახებოდა. ოკეანის გაღმიდან ყოველწლიურად 20 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, მაგრამ ეს არ კმაროდა, რამაც მიჩიო სუძუკის ყურადღება მიიპყრო. 1938 წელს პოპულარული მოდელის, Austin Seven-ის ბაზაზე, რომელიც ინგლისიდან ჩამოიყვანეს, მსუბუქი ავტომობილის ექსპერიმენტული პროტოტიპი შეიქმნა. "ოსტინის" შიგთავსის შესასწავლად იაპონელებმა მანქანა ბოლო ჭანჭიკამდე დაშალეს. რამდენიმე თვეში საცდელი ეგზემპლარები საამქროებში იდგა. მომცრო, 4-ცილინდრიანი ძრავა ალუმინის კარტერით და 800 კუბ.სმ მოცულობით იმ დროისთვის გაუგონარი სიმძლავრის - 13 ცხენის ძალისა იყო. თუმცა მილიტარისტული იაპონია დაჩქარებული ტემპით ემზადებოდა ომისთვის და მთავრობამ მსუბუქი ავტომობილი უმნიშვნელო პროდუქტად მიიჩნია. მიჩიო სუძუკი იძულებული შეიქნა, პროექტი დაეკონსერვებინა.

ომის შემდეგ კი იაპონიაში ეკონომიკის ტოტალური მოშლის ხანა დადგა... სუძუკის ფაბრიკაში საფეიქრო დაზგების წარმოება სწრაფად კი განაახლეს, მაგრამ კომპანია იძულებული გახდა არაპროფილური, მოთხოვნილების მქონე პროდუქციის გამოშვება დაეწყო - სასოფლო ტექნიკის, გამათბობლების, სადურგლო, საზეინკლო და მუსიკალურ ინსტრუმენტებისაც კი. თუმცა 50-იანების დასაწყისში კომპანია კვლავ კოლაფსის პირას აღმოჩნდა. მიჩიომ ომამდელი ავტოექსპერიმენტები გაიხსენა, თუმცა უსახსრობა მასშტაბებს უზღუდავდა. ამიტომ არჩია, მცირეხარჯიან ავტოპროექტებზე ემუშავა.

ორთვალა ბიზნესი

როგორც ამბობენ, ჩვეულებრივი ველოსიპედის ძრავით აღჭურვის იდეა მიჩიოს ვაჟს, შუნზოს დაებადა, როცა შემოდგომის ერთ დღეს თევზაობიდან შინ ველოსიპედით ბრუნდებოდა და სატერფულების ტრიალმა ძალიან დაღალა. შინ მისულმა მოპედის მოდელის სამოყვარულო ჩანახატი გააკეთა და მამას უჩვენა...

1951 წლის ნოემბრიდან "სუძუკის" ინჟინრებმა ველოსიპედისთვის ბენზინის ძრავის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი უნიკალური ნამდვილად არ ყოფილა და მაშინ იაპონიაში ორთვალების მოტორიზებაზე ასობით ფირმა მუშაობდა. როცა 1952 წელს "სუძუკის" პირველი მოპედი ჩამოვიდა ჰამამაცუს ქარხნის კონვეირიდან, იაპონური მოტოტექნიკის ბაზრის 70% კომპანია "სიოჩირო ჰონდას" ეკუთვნოდა, რომელმაც თავისი პირველი მოტოციკლი ხუთი წლით ადრე შექმნა. "სუძუკის" მოტორიანი ველოსიპედის საცდელ ნიმუშს 30 კუბსმ-იანი ძრავით "ბირთვული" სახელი - "ატომი" უწოდეს, თუმცა მისი ბენზინის "რეაქტორი" არცთუ მძლავრი აღმოჩნდა. მისი სრულყოფის შემდეგ წარმოებაში ჩაეშვა უფრო მძლავრი Power Free, 36 კუბსმ-იანი ძრავითა და 1 ცხენის ძალით. ამ მოდელის სერიულ გამოშვებაზე მუშაობდა შუნზო სუძუკი, რომელმაც კომპანიის პრეზიდენტის პოსტზე 65 წლის მამა 1952 წელს შეცვალა.

სწორედ "პაუერ ფრი" გახდა "სუძუკის" მომავალი სკუტერების პროტოტიპი. პროდუქციის ტრადიციულად მაღალი ხარისხი ფირმას ბაზარზე ადგილს თანდათან უმკვიდრებდა. 1953 წელს შუნზომ ახალი ორსიჩქარიანი მოპედი "დაიემონდ ფრი" შექმნა, რომელმაც ეროვნულ მოტორბოლაში ბრწყინვალედ გაიმარჯვა. "დაიემონდ ფრიზე" ამხედრებულმა მოყვარულმა მრბოლელმა იამაშიტამ დაუბრკოლებლად და ყველაზე სწრაფად იარა დიდებული ფუძიამას მთის ციცაბო ბილიკებზე და ფინიშთან პირველი მივიდა. ეს "სუძუკისთვის" საუკეთესო რეკლამა გახლდათ.

* * *

1954 წელს კომპანიამ სახელი შეიცვალა და მას Suzuki Motor Co., Ltd.-ი ეწოდა. წელიწადში ის 6 ათას მოტოციკლს უშვებდა, თან დაიწყო მსუბუქი ავტომანქანების წარმოების ათვისებაც. 1963 წელს ფირმამ აშშ-ის ბაზრის დაპყრობა დაიწყო, 1973 წელს გახსნა წარმომადგენლობა კანადაში, ამას მოჰყვა ქარხნები ინდონეზიასა და ფილიპინებზე. 80-იანების დასაწყისისთვის "სუძუკიმ" მყარად დამკვიდრდა მაღალსაიმედო ავტომობილების მწარმოებელთა შორის.

ამერიკელებმა მხოლოდ 1985 წელს გაიგეს, რომ "სუძუკი" მხოლოდ მოტოციკლი არ ყოფილა - აშშ-ში შვილობილი კომპანია დაარსდა და იქაურებს ძალიან მოეწონათ კომპაქტური და ეკონომიური მანქანები. 2000 წელს ის მე-12 იყო მსოფლიოში გაყიდვების რიცხვით - 1,8 მლნ ერთეული წელიწადში. დღეს კორპორაციას აქვს ორი საავტომობილო ქარხანა იაპონიაში, დასაკიდი და ნავის ძრავების ქარხანა, კვლევითი ცენტრები. "სუძუკის" პროდუქციას აწარმოებენ ჩინეთში, ინდოეთში, კანადაში, პაკისტანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში და ორასზე მეტ ქვეყანაში ყიდიან. "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში "სუძუკი მოტორი" 514-ე ადგილზეა $13,53-მილიარდიანი კაპიტალიზაციით. თანამშრომელთა რაოდენობა 52,7 ათასს აჭარბებს, ხოლო წლიური გაყიდვა $31,38 მილიარდს აღწევს. "სუძუკი" 139 შვილობილ და 38 ასოცირებულ ფირმას აერთიანებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ