მსუყე ნაჭერი ჩინოვნიკების საცდუნებლად - კვირის პალიტრა

მსუყე ნაჭერი ჩინოვნიკების საცდუნებლად

ის, რაშიც ყოფილ მთავრობას ამჟამინდელი სდებდა ბრალს, ახლა უკვე ახალი ხელისუფლების თავის ტკივილად შეიძლება იქცეს. სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული ტენდერების თემა ისევ აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ერთი შეხედვით საჯარო, გამჭირვალე და ღიაა. "ეკოპალიტრა" შეეცადა გაერკვია, სად მარხია ელექტრონული ტენდერების "ძაღლის თავი".

საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პირდაპირ დასდო ბრალი მმართველი გუნდის წევრ მანანა კობახიძეს, რომ მისი ნათესავები ნავთობიმპორტიორი კომპანია "ლუკოილის" უკან დგანან, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა ცოტა ხნით ადრე მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებისთვის ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურაში უამრავი საქმეა შესული, ყოფილი ხელისუფლების დროს, პრივილეგირებული კომპანიების საბიუჯეტო თანხებით წახალისებაზე, რა თქმა უნდა, საჯაროდ გამოცხადებული ელექტრონული ან სხვა სახის ტენდერების საფარველქვეშ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ის სქემაა, რომელიც ცოტა ხნის წინ "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა გამოააშკარავა.

ამ სქემის თანახმად, "საქართველოს რკინიგზამ" მომსახურების შესყიდვებზე ტენდერი გამოაცხადა. "ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ", რომელიც მონაწილეობდა ტენდერში, წერილობით მიმართა რკინიგზის დირექტორთა საბჭოს და სთხოვა, ერთ ლოტად გაეერთიანებინა ერთმანეთისგან განსხვავებული სხვადასხვა შესყიდვა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რკინიგზამ ტენდერის ერთ-ერთი მონაწილის თხოვნა გაითვალისწინა, რამაც საშუალება მისცა "ვაგონშემკეთებელ კომპანიას", კონკურენტები ჩამოეშორებინა და ტენდერის მონაწილე ერთადერთი სუბიექტი გამხდარიყო, საბოლოოდ, სწორედ მან მიიღო რკინიგზისგან ავანსად 56 მილიონზე მეტი ლარი, კონტრაქტის ღირებულებამ კი ჯამში 112 მილიონი ლარი შეადგინა. შპს "ვაგონშემკეთებელ კომპანიას" ნაკისრი ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელი აქვს. ან კი ვინ მოსთხოვდა შესრულებას, როცა ამ კომპანიის უკან ყოფილი მაღალჩინოსნები დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი მოიაზრებოდნენ. თუმცა ტენდერები შემოსვლიან ბიზნესად უფრო დაბალი სახელისუფლებო რგოლის ჩინოსნებმაც აქციეს.

ნონა ფილაური (ადვოკატი): "ზოგადი სქემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ტენდერებს აცხადებდნენ, ასეთი იყო: ტენდერი საჯაროდ მხოლოდ მაშინ ცხადდებოდა, როცა გამარჯვებულის ვინაობა უკვე გადაწყვეტილი იყო. ეს კეთდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ეთქვათ: ტენდერი გამოცხადდა და მასში მონაწილეობის უფლება ყველას ჰქონდაო. კომპანიები, რომლებიც ტენდერში იმარჯვებდნენ, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნოდა, ან საგანგებოდ ამ ტენდერისთვის მათ მიერვე ფუძნდებოდა. მაგალითად, ქუთაისში გარე განათების სისტემის მოწყობაზე გამოცხადდა ტენდერი და მასში კომპანია "შაგუ+"-მა გაიმარჯვა, რომელიც მერიის მაღალჩინოსნებსა და სატენდერო კომისიის თავმჯდომარესთან დაახლოებულ პირს ეკუთვნოდა. მაგრამ როცა ეს ამბავი გამჟღავნდა, სატენდერო კომისიის რიგით წევრს შეახოცეს ხელი. ამით იმის დემონსტრირებაც მოაწყეს, რომ ვითომდა კორუფციას ებრძოდნენ, რეალურად კი თემა გადაფარეს და პროექტი ბოლომდე მიიყვანეს".

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა, მაგრამ რამდენიმე "შავი ხვრელი" სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით მაინც დარჩა. სახელმწიფო უწყებებში, საშუალო დონეებზე, როგორც წესი, ისევ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც წინა ხელისუფლების პირობებში კარგად ისწავლეს, რა საიდან "გამოადნონ". შესაბამისად, ისევ აქტუალურია სხვადასხვა მომსახურების ერთ ლოტად გაერთიანების პრინციპი, რაც ერთეულ კომპანიებს სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, შეზღუდულია სატენდერო ვადები და უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერების გამოცხადება უქმეებს ემთხვევა. მაგალითად, ტენდერი ხუთშაბათს საღამოს ცხადდება, საიდანაც სამი სამუშაო დღის ათვლა იწყება და ორშაბათს უკვე დასრულებულად ითვლება. გამოდის, რომ მას, ვინც აღნიშნული ტენდერის შესახებ წინასწარ არ არის ინფორმირებული, მცირე შანსი აქვს, მისი მიმდინარეობის შესახებ შაბათ-კვირას გაიგოს.

"3-4 დღით ადრე ცხადდება ტენდერი და ასეთ მცირე ვადაში ვერ ასწრებ მომზადებას. გარდა ამისა, მოთხოვნილი პროდუქციის ან მომსახურების ასორტიმენტი იმდენად ვრცელი და მრავალფეროვანია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, რომ წარმოუდგენელია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილო, თუ, რა თქმა უნდა, წინასწარ არ გაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და საგანგებოდ არ მოემზადები. მაგალითად, ერთ-ერთი სამინისტრო აცხადებს ტენდერს ავტომობილის საბურავებისა და ჭანჭიკების შესყიდვაზე. მე საბურავების იმპორტიორი ვარ და შემიძლია ეს პროდუქცია საუკეთესო ფასად მივაწოდო აღნიშნულ უწყებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მას, ვინც საბურავებთან ერთად ჭანჭიკებსაც მიაწვდის, თუნდაც გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე მე ვთავაზობდი. ტენდერით მოთხოვნილი ერთი დეტალი თუ მაინც გაკლია, კონკურსს ეთიშები.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოცა და მეწარმეც ზარალდება, სამაგიეროდ ერთეულები ხეირობენ. ერთ ლოტად ისეთი წარმოუდგენელი პროდუქტი და მომსახურებაა გაერთიანებული, რომ აბსურდამდე მივდივართ. ერთ-ერთ ბოლო ტენდერში, რომელშიც ვმონაწილეობდი, 500-მდე დასახელების პროდუქცია იყო გაერთიანებული ერთ ლოტად. ამ ბიზნესში წლებია ვარ და წარმოუდგენელია, ერთმა კომპანიამ სამ დღეში ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. ამ ყველაფრის შემდეგ კი ბუნებრივია, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეულ კომპანიებთან მოლაპარაკების გზით, სატენდერო პირობებში ისეთი ჩანაწერი კეთდება, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ჩააყენებს პრივილეგირებულ პირობებში. ანუ, ფაქტობრივად ისევ ვიღაცას არგებენ სატენდერო პირობებს, იმის ნაცვლად, რომ რაც შეიძლება მეტ ბიზნესსუბიექტს მისცენ ტენდერში მონაწილეობის უფლება და ამით სახელმწიფო ბიუჯეტიც დაზოგონ. ამიტომ, ე.წ. ჩაწყობილი ტენდერების თემა, ხელისუფლების შეცლის მიუხედავად, მაინც აქტუალურია. გარდა ამისა, ხშირად გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობს. გამოდის, ან სხვებს არ აქვთ ინფორმაცია, ან მოთხოვნებია მათთვის დაუძლეველი. ასე რომ, ჩვენთვის, რიგითი მეწარმეებისთვის არაფერი იცვლება", - გვითხრა ერთ-ერთმა მეწარმემ, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, კონფიდენციალობის დაცვა გვთხოვა.

დავით კოხრეიძე (ბიზნესმენი): "მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2013 წლის განმავლობაში თბილისში საკონცერტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ყველა პირობა დავაკმაყოფილე, ფასითაც გავიმარჯვე, 16 იანვარს კი მოეწყო სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ ეს ტენდერი შეწყვეტილიყო და ახალი ტენდერი გამოცხადებულიყო. ისე გააუქმეს ტენდერი, არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ. მას შემდეგ მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, სადაც დამატებულია რამდენიმე მოთხოვნა გახმოვანების აპარატურაზე და მაისში, ერთ დღეს ერთდროულად ათ ადგილას მცირე გახმოვანების აპარატურით მომსახურება. ეს საკმაოდ საჩოთირო მოთხოვნაა და ნიშნავს, რომ კომპანიას ათი ხმის რეჟისორი უნდა ჰყავდეს. კანონმდებლობაც ისე აქვთ მორგებული, რომ საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლიათ შეწყვიტონ, გააუქმონ ტენდერი. ჩვენ რომ დაგვერღვია სატენდერო მოთხოვნები, მაშინ ჯარიმა უნდა გადაგვეხადა და შავ სიაში შეტანა არ აგვცდებოდა. ჩემი აზრით, ტენდერის შეწყვეტას ორი რეალური მიზეზი ჰქონდა. როცა ჩვენ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ავტვირთეთ, იქ ნახევარზე მეტი იყო კოალიცია "ქართული ოცნების" შეკვეთების შესრულება და მეორე ის, რომ ჩვენი კონკურენტი ორგანიზაცია იყო მათი ფავორიტი. ის, რომ კომპანია "არტჯი" მერიის ფავორიტი იყო, იმითაც დასტურდება, რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულება ზუსტად ემთხვევა "არტჯის" მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვას. ცოტა უცნაური რიცხვია - 189 070 ლარი. ეს მომსახურება იმდენი კომპონენტისგან შედგება, რომ შეუძლებელია ასე ზუსტად დაამთხვიო. გარდა ამისა, ტენდერში ცდილობ, ვაჭრობისას ბოლო სიტყვა შენი იყოს. როცა აწვდი მაქსიმალურ ფასს, გამოდის, არ ელოდები კონკურენტს და ესეც ეჭვს ბადებს, რატომ უნდა მიაწოდო მაქსიმალური ფასი.

თბილისის მერიის გამოცხადებული ტენდერების გარდა, შემიძლია სხვა უწყებების მიერ გამოცხადებული ტენდერებიც ჩამოგითვალოთ, სადაც ტენდენციურ მიდგომებია. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი 26 მასის ღონისძიების მოწყობაზე, სადაც ასევე დაბალი ფასით გავიმარჯვე და მოხდა ასეთი რამ - 24 მაისს 17:10 საათზე ატვირთეს ახალი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოითხოვეს, წარგვედგინა ახალი ხარჯთაღრიცხვა და ჩვენს პროგრამაში მონაწილე 15 ადამიანის შესახებ ინფორმაცია, დასკანერებული, პდფ-ის ფორმატში გადაყვანილი და საიტზე ატვირთული. ამისთვის კი გვქონდა 50 წუთი. ბუნებრივია, ეს ვერ მოვასწარი და დისკვალიფიკაცია მომცეს. ამის შემდეგ კონკურენტ ორგანიზაციას მოსთხოვეს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის წარდგენა და გამარჯვებაც მიულოცეს.

ქუთაისის მერიას აქვს გამოცხადებული ტენდერი 2013 წლის განმავლობაში ქუთაისში გამართული ღონისძიებების გახმოვანებაზე. 35 ათასიანი ტენდერია, მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. უცნაურია, არ არის მითითებული ღონისძიებების რაოდენობა. რომ დავრეკე და ვკითხე, მიპასუხეს არ ვიცით, შეიძლება 10 იყოს და შეიძლება 30-იო. ასეთი პირობების შემთხვევაში ვინ გარისკავდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცას უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა".

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "წინა ხელისუფლების დროს, მრავალმილიონიან და მნიშვნელოვან ტენდერებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ ერთგვარი პრივილეგია მაშინდელი მაღალჩინოსნების მხრიდან. ბოლო დროს, ბევრი ასეთი თემა გაიხსნა და უფრო ნათელი გახდა სქემები, რომლებითაც კომპანიები ამ ტენდერებში იმარჯვებდნენ. მათ შორის ზოგი საცხოვრებელი ბინის მისამართზე იყო რეგისტრირებული, ზოგიც ტენდერამდე ორი დღით ადრე დაფუძნებული, ზოგსაც ზურგს უკან არანაირი კაპიტალი არ ჰქონდა. ვფიქრობ, ახლა ვითარებაც შეიცვალა და მიდგომებიც, თუმცა ბევრი დეტალი ჯერაც დასახვეწია. რაც შეეხება მცირე ვადებს, ამას, სახელმწიფო უწყებების განმარტებით, ობიექტური მიზეზი აქვს.

ბევრი სამინისტრო, ფაქტობრივად, იძულებული იყო, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოკლე ვადებში გაეკეთებინა. წლის ბოლოს დადებული კონტრაქტები ამოიწურა, 1-ელი იანვრიდან ახალი კონტრაქტები იყო გასაფორმებელი და მათ მოუწიათ ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობამ. მიუხედავად ამისა, წვდომა ტენდერებზე გაზრდილია. პირადად გავეცანი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერს, სადაც რამდენიმე კომპანიაა მიმწოდებელი სხვადასხვა პოზიციების მიხედვით და მათ შორის ბევრი მცირე კომპანია და ინდმეწარმეა, რაც მისასალმებელია. დანარჩენი უკვე სამუშაო პროცესია და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოუსმინოს მეწარმეებს, რომ ეს პროცესი უფრო სრულყოფილი გახდეს. საბიუჯეტო სახსრების მითვისების ცდუნება ძალიან დიდია, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ვინმემ მისი რიგებიდან ბოროტად გამოიყენოს სახელმწიფო თანხებზე წვდომა ისე, როგორც ეს ყოფილი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. ამ პროცესს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, უნდა იყოს გამჭვირვალე, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, ტენდერის პირობები და ვადები აუცილებლად გასაზრდელია, რათა მეწარმე უკეთ მოემზადოს. თუ ახლაც გაჩნდება კითხვები ელექტრონული ტენდერების მიმართ, აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის".