კოდექსი: ბრძოლის თუ შრომის?! - კვირის პალიტრა

კოდექსი: ბრძოლის თუ შრომის?!

ცვლილებების პროექტზე ძირითადი სადავო თემები იკვეთება

შრომის მოქმედ კოდექსს კრიტიკა წლების განმავლობაში არ მოჰკლებია. პროფკავშირებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები დღესაც ამტკიცებენ, რომ ის დასაქმებულთა ექსპლუატაციას უწყობდა ხელს, დამსაქმებლებს კი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა. ახალი მთავრობის ინიციატივით კოდექსი იცვლება, პროექტი უკვე საყოველთაო განსჯის საგანია. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, არც ერთ დამსაქმებელს არ შეეძლება დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს. ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები გაუჩნდათ დამსაქმებლებსაც.

ნათია თურნავა (საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე): - კარგია, რომ ახალი შრომის კოდექსი უნდა მივიღოთ, მაგრამ ბევრია დაუზუსტებელი მუხლი, რომლებსაც სასამართლოსკენ მივყავართ, რაც სწორად არ მიმაჩნია. კანონი იმდენად კონკრეტული უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია. მაგალითად, დასაკონკრეტებელია მუხლი, რომელიც შეეხება ადამიანთა რაოდენობას, რომელთა სამსახურიდან გაშვება ერთდროულად შეიძლება.

რას ნიშნავს ერთდროულად? - ერთი კვირის, თვის თუ წლის განმავლობაში? თუკი საწარმო რეორგანიზაციას საჭიროებს, ხელმძღვანელობას ხომ უნდა შეეძლოს კადრების განახლება? როცა მეწარმეს სურს პერსონალის გადახალისება, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს ძველი, ნაკლებად ღირებული კადრებისგან. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია განსაზღვრა, ერთჯერადი გაშვება რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.

უნდა გაიზარდოს დამსაქმებლის უფლებები თანამშრომელთა შერჩევის დროსაც. რამდენადაც სამსახურიდან გაშვების პირობები მკაცრდება, იმდენად უნდა გაიზარდოს ჩვენი უფლებებიც კადრების შერჩევისას. რატომღაც მგონია, რომ ახალი კოდექსით დასაქმებულებს უფრო მეტი უფლებები ენიჭებათ და ჩვენ კი - უფრო ნაკლები. საქართველოში, მით უმეტეს, ჩვენს სფეროში, მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. რასაკვირველია, გვეყოლება ძველი პერსონალიც, მაგრამ თუ არ განვაახლეთ, მთელი დარგი დაზარალდება. შესაძლოა, საზღვარგარეთიდანაც მოგვიხდეს, მაღალი რანგის სპეციალისტების მოზიდვა, რომლებიც სიახლეებს დანერგავენ, ამიტომ მეტი თავისუფლება უნდა მოგვეცეს ამ მიმართულებით. თუმცა ადგილობრივი კადრების გადამზადებაზე უარს სულაც არ ვამბობთ, ჩვენს კომპანიაში ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. უნდა გვქონდეს ატესტაციის ჩატარების უფლებაც, მაგრამ კადრი, რომლის გადამზადებაც ვერ ხერხდება, უნდა გავათავისუფლოთ. ადამიანმა უნდა შექმნას ღირებული ბიზნესისთვის და თუ ამას ვერ ახერხებს, დამსაქმებელს შესაბამისი ზომების მიღება უნდა შეეძლოს.

გოჩა ალექსანდრია (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე): - წლების განმავლობაში ვიმეორებდით, რომ შრომის კოდექსი ბევრი უსამართლობის წყარო იყო. პირველი სამუშაო დღის ხანგრძლივობაა. მოქმედი კოდექსის მიხედვით, ლიმიტირებული სამუშაო დრო არ არსებობს. ერთადერთი ლიმიტაცია არის 12-საათიანი დაცილება სამუშაო საათებს შორის. კოდექსში არის ჩანაწერი, რომ სამუშაო კვირა 41-საათიანია, მაგრამ თუ ეს შრომით ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული, სამუშაო საათების რაოდენობა იმდენია, რამდენსაც დამსაქმებელი მოისურვებს და დააწესებს. ხშირად არის სამუშაო დღე 10-12-საათიანი და ეს, სამწუხაროდ, კანონიერია. ახალი კოდექსის მიხედვით, თუ დამსაქმებელი დასაქმებულს 41 საათზე მეტხანს ამუშავებს, ეს იქნება ზეგანაკვეთური სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს. დამსაქმებლების აზრით, არსებული ვითარება ბიზნესის უკეთესად წარმართვის საშუალებას აძლევდათ, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს იყო ექსპლუატაცია. საბედნიეროდ, ამას გვიდასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და დღევანდელი მთავრობაც.

მეორე გამოკვეთილი პრეტენზიაა შრომითი კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა უმიზეზოდ. არიან დამსაქმებლები, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ არგუმენტს - დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი ხომ უნდა გავუშვაო... ვინ უშლით ხელს? ახალი კოდექსი მათ საშუალებას მისცემს დაბალი კვალიფიკაციის, უდისციპლინო და კომპანიისთვის ზიანის მომტანი მუშაკი ვადაზე ადრე გაუშვან ისე, რომ კომპენსაციაც არ მისცენ. სხვათა შორის, ამას დღევანდელი კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მაგრამ დამსაქმებლებს ხშირად სურთ შეინარჩუნონ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გაუშვან თანამშრომელი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე: დამსაქმებელი წერს, რომ ათავისუფლებს ადამიანს 27-ე (დ) მუხლის საფუძველზე და ერთი თვის კომპენსაციასაც აძლევს. ხმამაღლა კი ამტკიცებს, რომ დაბალი კვალიფიკაციის გამო გაათავისუფლა. ვინ დაუშალა საბუთებში ამის ჩაწერა? - იმან, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი სარჩელს შეიტანს, სასამართლო კი დაადგენს, რომ სულაც არ ყოფილა დაბალი კვალიფიკაციისა.

საკმაო კამათი მოჰყვა მასობრივი დათხოვნის წესებს. ვფიქრობ, ეს ნიუანსიც უნდა დაზუსტდეს. თუ საწარმოდან ერთდროულად 50-100 კაცის გაშვებაა საჭირო, ეს ხელშესახები სოციალური პრობლემა გახდება იმ რაიონის ან ქალაქისთვის, რადგან უმუშევართა და სოციალურად დაუცველთა რიგებს გაზრდის. ძალიან დიდი პრობლემაა მოკლევადიანი კონტრაქტებიც - დამსაქმებელს ერთთვიანი, ერთკვირიანი, ერთდღიანი კონტრაქტის გაფორმებაც კი შეუძლია, რაც მასობრივად ხდება და დაუშვებელია. კანონმდებლობით, საგამოცდო ვადა ექვსი თვეა, მაგრამ დამსაქმებლები ხშირად ამას არ ითვალისწინებენ. ახალი კოდექსით კი განისაზღვრება, როდის შეიძლება დაიდოს მოკლევადიანი კონტრაქტი და როდის - არა. ერთთვიანი ხელშეკრულება შეიძლება დაუდო ხელოსანს, რომელიც შენობაში რემონტს აკეთებს, ან ელექტრობა გაჰყავს, მაგრამ როგორ უნდა დაუდო ასეთი ხელშეკრულება ექიმს, ან პედაგოგს, რომელიც იმ ადგილას ერთ წელიწადს მაინც უნდა დარჩეს?

- ზოგიერთი დამსაქმებლის აზრით, თუ სამსახურიდან გაშვების წესები მკაცრდება, მაშინ მიღების წესებიც უნდა გამკაცრდეს.

- გაამკაცრონ, რა პრობლემაა? ფაქტია, ნორმალური ბიზნესი ზედმეტ თანამშრომელს ისედაც არასოდეს აიყვანს. პატიოსან დამსაქმებლებს არც ადრე ჰქონიათ პრობლემები, რადგან ბოროტად არ იყენებდნენ თავიანთ უფლებებს და არც ახლა ექნებათ. სავსებით ვეთანხმები აზრს, რომ შრომის კოდექსმა ეკონომიკის განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს. მან დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა დააბალანსოს და სამართლიან ჩარჩოებში მოაქციოს, სხვაგვარად წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ხათუნა ჩიგოგიძე