"გაუმარდჟოს, საკარტველო" თუ ეკონომიკური სარგებელი?! - კვირის პალიტრა

"გაუმარდჟოს, საკარტველო" თუ ეკონომიკური სარგებელი?!

ქართული ღვინო 2-3 თვეში შესაძლოა რუსეთში შევიდეს

რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების თემამ წინ წაიწია და სავარაუდო თარიღად გაზაფხული დასახელდა. არსებული ინფორმაციით, ბაზრის გახსნა ჯერ ქართული ღვინისთვის, შემდეგ მინერალური წყლებისთვის და მესამე ეტაპზე კი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის უნდა მოხდეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილობრივი ღვინის კომპანიების 50-მდე წარმომადგენელს შეხვდა და როგორც ირკვევა, უმეტესობა რუსეთში ღვინის შეტანას გეგმავს. ამისთვის, პირველ რიგში, კომპანიამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, რაც პროდუქტის ხარისხიანობასა და ექსპორტის სურვილს დაადასტურებს. განხილვის შემდეგ ღვინის სააგენტო მონაცემებს რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოს უწყებას მიაწვდის. თუ მოსკოვში ქართული პროდუქციის ხარისხის მიმართ პრეტენზია არ ექნებათ, წესით ქართულ ღვინოს ექსპორტი აღარ უნდა დაუშალონ.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ უკეთეს შემთხვევაში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ უკვე შეიძლება ქართულმა ღვინომ ლეგალურად გადაკვეთოს რუსეთის საბაჟო საზღვარი.

სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ქართული ღვინო ხარისხის მიმართ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს და რომ გაყიდვა ყოველწლიურად მოიმატებს. მანამდე კი, ღვინის ეროვნული სააგენტოს გაცემული საბუთის გარეშე, საქართველოდან ერთი ბოთლი ღვინოც ვერ გავა. ქართული ღვინის კომპანიებში, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე ექსპორტი სურთ, იმედიანად არიან.

ცალკე საკითხია, ეკონომიკურად რას ნიშნავს დღეს რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ნაწარმისთვის. 2006 წელს ყველა ქართულ პროდუქტს ემბარგო დაუწესდა და რუსული ბაზარი დღემდე დახურული რჩება. ამ ეკონომიკურ საკითხს, როგორც ცნობილია, პოლიტიკური სარჩული აქვს. გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „საარჩევნო პროცესში აღვნიშნე, რომ აუცილებლად გავხსნით რუსულ ბაზარს. მქონდა მხედველობაში ის, რომ ყოფილი ხელისუფლება და დღევანდელი ოპოზიცია თვითონვე ზღუდავდა რუსული ბაზრის გახსნას". საინტერესოა, რომ ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა დელიკატურად აარიდეს თავი ამ საჩოთირო საკითხის კომენტირებას.

Aნ Iნსიგჰტ Iნტო ღუსსიან ჭინე Mარკეტ-ის კვლევის თანახმად, 2010 წლისთვის რუსეთში დალეული ღვინის 32% იყო იმპორტირებული, ანუ 230-240 მილიონი ლიტრი (მთლიანი მოხმარება - 800 მილიონი ლიტრი). იმპორტში კი თვალში საცემად არის გაზრდილი ღვინის მწარმოებელი ე.წ. მესამე ქვეყნების წილი. ზოგადად, იმპორტირებული ღვინის დაახლოებით სამი მეოთხედი დაბალფასიანია, საცალო ფასები, ქართულ ფულზე გადმოანგარიშებით, 7-დან 16 ლარამდე მერყეობს. საყურადღებოა რუსეთში მცხოვრები მომხმარებლის პრიორიტეტების შეცვლა. თუ ადრე (1985 წელს) საშუალო მომხმარებელი არაყზე მეტ ღვინოს სვამდა და დაახლოებით ამდენივე ლუდს, 2010 წელს მან ღვინო სამჯერ ნაკლები დალია, ხოლო ლუდი - ადრინდელზე თითქმის ოთხჯერ მეტი, არყის მოხმარება კი ოდნავ გაიზარდა. ასე რომ, რუსეთში ღვინის მოხმარება დიდწილად ჩაანაცვლა სხვა სასმელებმა. ექსპერტების შეფასებით, ქართულმა ღვინომ, უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა რუსეთის ღვინის ბაზრის 3-4% დაიკავოს (15 მლნ ბოთლამდე).

ქართულმა სამთავრობო დელეგაციამ მოსკოვში ონიშენკოს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი გააცნეს. ინტენსიური საუბრით ხარისხის ნორმების დაცვაზე გარკვეულწილად აღიარება ხდება, რომ რუსეთმა ქართული პროდუქცია მხოლოდ დაბალი ხარისხის გამო შეზღუდა და არა პოლიტიკური მიზეზებით. უახლოეს მომავალში საქართველოში რუსი ექსპერტების ჯგუფს ელოდებიან, რომელიც ღვინის ხარისხს ადგილზე შეამოწმებს. თუმცა საბოლოოდ საზომი, ცხადია, ეკონომიკური ხეირია. „ეკოპალიტრა“ გასული წლის ბოლოსაც წერდა ქართველი მეღვინეების მოსაზრებებზე რუსეთის ბაზრის შესაძლო გახსნის შესახებ. როგორც მაშინ „ტფილისის მარნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, „2005 წელს, ანუ როცა რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვის პიკი იყო, საქართველოდან 30 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა. დღეს ამდენი ღვინის გატანა ვერ მოხერხდება. მაქსიმუმ, 10 მილიონ ლიტრს შეიძლება მიაღწიოს წელიწადში. ეს კი ჯამში დაახლოებით 20-25 მილიონი დოლარის პროდუქციაა“.

2011 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მშპ 24,344 მილიარდი ლარი იყო. ამ ფონზე რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაშვებაზე გარდატეხის იმედის დამყარება ალბათ არ ღირს. აქ ყველაზე საინტერესო შესაძლოა ის აღმოჩნდეს, რომ თუ ჩრდილოური ბაზარი ღვინისთვის გაიხსნა, მას დიდი ალბათობით მიჰყვება სხვა პროდუქციაც, მათ შორის, საკონსერვოც. მინერალურ წყლებთან ერთად, იმედია, რამდენიმე პროდუქციის გასაღების ნაზრდი ჯამში ხელშესახები იქნება.