ბიზნესის წარმომადგენლებს ცვლილებების პროექტზე კითხვები უჩნდებათ - კვირის პალიტრა

ბიზნესის წარმომადგენლებს ცვლილებების პროექტზე კითხვები უჩნდებათ

რამდენი უქმე დღეა საქართველოში? შრომის კოდექსის ცვლილებების პაკეტში, რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს, ასეთი 17 დღეა ჩამოთვლილი. დასაქმებულის მიერ ამ დღეებში სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურად მიიჩნევა, ხოლო მისი პირობები განისაზღვრება უკვე არა მხარეთა შეთანხმებით, როგორც აქამდე მოქმედ კოდექსშია, არამედ ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1,25-ის ოდენობით. პროექტში არ ჩანს სხვადასხვა ბიზნესს შორის რამე დიფერენციაცია, არადა, არის სფეროები, სადაც დასვენების დღეებში მუშაობა, სავსებით შესაძლებელია, რომ მუდმივი არ იყოს, და ასევე არის სფეროები, სადაც დასვენების დღეებში რეგულარულად მუშაობა გარდაუვალია: სატრანსპორტო თუ კომუნალური მომსახურებით დაწყებული, პრესა-ტელევიზიით დასრულებული...

შრომის კოდექსის პროექტი ბიზნესსფეროს წარმომადგენლების შეკითხვებს აღძრავს. საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციამ შენიშვნები იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა კი თავიანთი მოსაზრებები ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს გაუზიარეს. ბიზნესმენთა ასოციაციაში დამსაქმებლისთვის "ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების უფლების წართმევა" აფიქრებთ, აგრეთვე, კოლექტიური დათხოვნის შემთხვევაში 90 დღით ადრე შეტყობინების აუცილებლობა. ბანკების ასოციაციაშიც შიშობენ, რომ ცვლილებებმა საბანკო სექტორს, შესაძლოა, განსაზღვრული პრობლემები შეუქმნას.

ზურაბ გვასალია (საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი): - რასაკვირველია, შრომის კოდექსი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა საბანკო სისტემისთვის: ამ სექტორის თანამშრომლები მუდმივი ტრენინგებისა და ტესტირების პროცესში არიან და კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ. სხვაგვარად ძალიან ძნელი იქნება კონკურენციის პირობებში მუშაობა და საბაზრო ნიშის შენარჩუნება. თუ შრომის კოდექსი ამ პროცესს შეაფერხებს, საბანკო სექტორს ძალიან გაუჭირდება. პროექტში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც გაუგებარია და შესაძლოა შემაფერხებელიც აღმოჩნდეს. ამის შესახებ ვაცნობეთ იუსტიციის სამინისტროსაც და ფინანსთა მინისტრსაც: თუ ხელმძღვანელი რომელიმე ნაკლებად კვალიფიციურ თანამშრომელს გაუშვებს, ძნელია აუხსნას - რატომ, ის კი მიდის სასამართლოში, სადაც დამსაქმებელს ამის დამტკიცება კიდევ უფრო უძნელდება. ეს მაშინ, როცა საბანკო სექტორი მუდმივ წინსვლასა და ცვლილებას მოითხოვს. სხვა მაგალითი: ვიდრე თანამშრომელს გაუშვებდეს, დამსაქმებელი ვალდებულია იგი 30 დღით ადრე გააფრთხილოს. წარმოიდგინეთ მოლარე, რომელმაც იცის, რომ ერთ თვეში ბანკიდან გაუშვებენ და რომელსაც დიდ ფულთან აქვს საქმე. ბუნებრივია, აქ იქმნება საშიშროება, რომლის გამოც უმჯობესია, დამსაქმებელმა კომპენსაცია გადაუხადოს და მაშინვე გაუშვას.

- რას ამბობენ საბანკო სექტორში უქმე დღეებში მუშაობის ანაზღაურების თაობაზე?

- რაც კანონით არის გათვალისწინებული, ის უნდა დავიცვათ და ამის საწინააღმდეგო არც ერთი ბანკის ხელმძღვანელს არაფერი ექნება. თუ ადამიანი მუშაობს დღესასწაულებზე, ესე იგი, ამ დაწესებულებისთვის, ამ ბანკისთვის მუშაობს და მისი შრომა უნდა დაფასდეს. თუმცა ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ: თუ ეს დიდი დანახარჯი იქნება ბანკებისთვის და მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს შეგვიქმნის, რა თქმა უნდა, ბანკები თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

გურამ მაჭარაშვილი (ბანკ "ქართუს" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე): - არ მგონია, პრობლემა იყოს დამსაქმებლის ვალდებულება, 30 კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს დასაქმებულს, რომ მის გაშვებას აპირებს; ხოლო თუ ბანკის მენეჯმენტი გადაწყვეტს, რომ კოლექტიური გათავისუფლებაა საჭირო, ამ შემთხვევაში თანამშრომლებმა 90 დღით ადრე უნდა იცოდნენ - ვფიქრობ, ამის უფლება აქვთ. შრომითი ურთიერთობები მოწესრიგებულია ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში და იმედია, ამას საქართველოშიც მივაღწევთ. საბანკო სექტორის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციით არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქე და მისი უფლებები. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი მუშაობს უქმე დღეებში და ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს, ესე იგი, მას ზედმეტად ამუშავებენ და უნდა აუნაზღაურონ კიდეც - ეს სავსებით ლოგიკურია.

გოჩა ალექსანდრია (საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე): - გვესმის, რომ ბაზარზე კონკურენცია ძალიან გაზრდილია, ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და დასაქმებული მხარს უნდა უბამდეს ცვლილებებს, მაგრამ რამე განსაკუთრებულ პირობებში საბანკო სექტორი ნამდვილად არ არის. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ატესტაციები უნდა მოეწყოს, ამას არც დღევანდელი კოდექსი გამორიცხავს და არც მომავალი. მაინც ვფიქრობ, რომ ამ პრეტენზიების მიზეზი ერთადერთია - დამსაქმებლებს სურთ ძველებურად, ადვილად ცვალონ კადრები. მარტო ბიზნესის ინტერესებით ხომ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ? ბიზნესი ძალიან კარგად არის განვითარებული, მაგალითად, არაბულ ქვეყნებში, სადაც დიქტატურაა, მივბაძოთ ამ ქვეყნებს? დასაქმებულთა ინტერესების უარყოფა საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკასაც შეაფერხებს, მიგრაციის პროცესსაც გაამძაფრებს და თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში პროფესიონალი შრომის რესურსი აღარ დაგვრჩება.

- უქმე დღეების ზეგანაკვეთურად ანაზღაურება ზოგიერთ ბიზნესს მძიმე ტვირთად არ დააწვება?

- ყველა უნდა შეეგუოს, რომ ზეგანაკვეთურად მიიჩნევა 48 სამუშაო საათის შემდეგ შესრულებული სამუშაო, უქმეებიდან კი ვერც ერთ დღეს ვერ ამოვიღებთ, ხალხს საშუალება უნდა მივცეთ, დღესასწაული აღნიშნონ. ეს მუხლი შრომის კოდექსში ადრეც იყო და მომავალშიც უნდა დარჩეს. ყველა ხომ არ მუშაობს კვირას, ან დღესასწაულებზე და ვინც მუშაობს, იმას აუცილებლად უნდა აუნაზღაურონ, რადგან ამ შემთხვევაში შრომის ნაყოფიერებაც მეტი იქნება. სახელმწიფომ მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე არ უნდა იზრუნოს, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ხვალ და ზეგ რა მოგველის.

ოფიციალური უქმე დღეები შრომის კოდექსის პროექტიდან

1 და 2 იანვარი; 7 იანვარი; 19 იანვარი - ნათლისღება; 3 მარტი – დედის დღე; 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე; 9 აპრილი; დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე - თარიღები ცვალებადია; 9 მაისი; 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; 28 აგვისტო - მარიამობა; 14 ოქტომბერი - მცხეთობა; 23 ნოემბერი - გიორგობა.

ხათუნა ჩიგოგიძე