"ამას პატიება, იმას გადავადება?!" - კვირის პალიტრა

"ამას პატიება, იმას გადავადება?!"

შემოწმების ინტენსივობა იმატებს, თუმცა დავალიანებაც იზრდება

შემოსავლების სამსახურმა შემოწმებული და დაჯარიმებული მეწარმეების მონაცემები ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა და ალტერნატიულმა აუდიტმა 1758 იურიდიული პირი შეამოწმეს, საიდანაც 698 დააჯარიმეს. 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი 944 საგადასახადო შემოწმება დაინიშნა, მათ შორის როგორც გეგმური, ისე კამერალური. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 223,4 ათას გადასახადის გადამხდელს აქვს და ჯამში ეს თანხა 4,5 მილიარდ ლარს შეადგენს. 4 ათასამდე მეწარმე კი მედიაციის საბჭოში მათზე დაკისრებულ ჯარიმას ასაჩივრებს და სადავო თანხა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია.

ეკონომისტები ერთხმად აღიარებენ, რომ 4,5 მილიარდი, რომელიც მეწარმეებს ბიუჯეტის მართებთ, ძალიან დიდი თანხაა და რომ ყველა სადავო საქმე დეტალურად არის შესასწავლი. ერთი ნაწილი საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასაც ემხრობა _ მით უფრო, რომ ბოლო დროს არაერთი მაგალითი გამოვლინდა წინა ხელისუფლების დროს ფავორიტი კომპანიებისთვის საბიუჯეტო დავალიანების პატიების, ამნისტირების თუ სხვადასხვა ფორმით ჩამოწერისა. მაშინ, როცა მცირე და საშუალო მეწარმეებს ლარსაც არავინ პატიობდა და ხშირად გადასახადებსაც უსამართლოდ არიცხავდნენ.

ნოდარ ჭიჭინაძე (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე): "შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებულებს შორის დაჯარიმებულების წილი საკმაოდ დიდია. გამიჭირდება თქმა, სამართლიანად მოხდა ეს თუ უსამართლოდ კონკრეტული ბიზნესების შემთხვევაში, რადგან არ გვაქვს საშუალება, კონკრეტულ საქმეებში ჩავიხედოთ. მეორე მხრივ, თუ ვინმე არის დასაჯარიმებელი, უნდა დაჯარიმდეს მოქმედი კანონისა და კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. შესაცვლელია თუ არა ეს კანონმდებლობა, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა პირმა თუ ორგანიზაციამ პასუხი უნდა აგოს.

რაც შეეხება ბიუჯეტის წინაშე წარმოქმნილ უზარმაზარ დავალიანებას, რომელიც 4 მილიარდ ლარს აჭარბებს, ვფიქრობ, ნაწილი უნდა ამოიღონ, მაგრამ ნაწილი აუცილებლად გადასახედია, ზოგს უნდა ეპატიოს და ზოგსაც განსაზღვრული სახით გადაუვადდეს გადახდა. თუ ბიზნესის ხელშეწყობა გვინდა, ამნისტიები, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი, შესაძლებელია, რაღაც ფორმით მივიღოთ და მეწარმეებს ნაწილი მაინც ვაპატიოთ. არ ვარ მომხრე მათთვის მთლიანი დავალიანების ჩამოწერისა, შესაძლებელია მოხდეს გადავადება, რესტრუქტურიზაცია. დაჯარიმება არ უნდა მოხდეს უხეშად და ისე, რომ ამის შემდეგ მეწარმეს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები მოვუსპოთ. ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის გავლებული უნდა იყოს მკვეთრი ზღვარი, ვგულისხმობ ჩარევის და არა თანამშრომლობის თვალსაზრისით. სახელმწიფო არც პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა აყენებდეს რომელიმე კერძო სუბიექტს და არც უნდა ჩაგრავდეს. ბიზნესი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული კურსი რეალობას შეესაბამება".