ჯოზეფ ფოსტერის "ყველაზე სწრაფების" ბიზნესი - კვირის პალიტრა

ჯოზეფ ფოსტერის "ყველაზე სწრაფების" ბიზნესი

კარგად დალურსმული ფეხსაცმლის ანატომია

Reebok-ის მარკის სამოსსა და ფეხსაცმელს მსოფლიოს 140 ქვეყანაში იცნობენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კომპანიის ისტორია ლურსმნების გროვისა და წყვილი ფეხსაცმლის - თანამედროვე ბოტასის წინაპრისგან დაიწყო.

ინგლისის ქალაქ ბოლტონის მცხოვრები ჯოზეფ უილიამ ფოსტერი 1895 წელს სირბილის მოყვარულთა ადგილობრივ კლუბში ჩაეწერა. ფოსტერს მძლეოსნობა იტაცებდა და შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. იმ დროისთვის მორბენლების მთავარი პრობლემა სარბენ ბილიკთან ცუდი მოჭიდება იყო, ამიტომაც ფოსტერმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად შეექმნა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც პრობლემას გადაუჭრიდა. გადაწყვეტილება ნამდვილად ორიგინალური გამოდგა - ჯოზეფმა თავის სარბენ ფეხსაცმელს ძირზე რამდენიმე ლურსმანი "ჩააჭედა" და ასე შექმნა მსოფლიოში პირველი ბუცები. ფეხსაცმელი კარგად ეჭიდებოდა ზედაპირს და ამდენად, ყურადღებაც მიიპყრო როგორც საზოგადოების, ისე სპორტის მოყვარულთა მხრიდან. თავად გამომგონებლის გასაოცრად, მის ახალ "ტექნოლოგიაზე" მოთხოვნილება გაჩნდა.

1900 წლისთვის ფოსტერმა იმდენად სრულყო წარმოება, რომ მცირე კერძო კომპანია ჟოსეპჰ ჭ. Fოსტერ & შონს-ი გახსნა. საწარმოში ხელით ამზადებდნენ სპორტულ ფეხსაცმელს მორბენლებისთვის. ბოლტონის სპორტული კლუბის სპორტსმენები ფოსტერის ბუცების წყალობით შეჯიბრებებში გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ. ახალი "ფოსტერების" დიდება სწრაფად გავრცელდა და მთელმა ქვეყანამ მყისვე შეიტყო მათ შესახებ, მალე კი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ახალი, "ეკლებიანი" ფეხსაცმლით ასპარეზობდნენ. ფოსტერისეულმა სიახლემ მძლეოსნობაში რევოლუცია მოახდინა და სპორტული შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა. მისმა მოდელებმა სირბილი სამუდამოდ შეცვალეს, ისინი 50 წლის განმავლობაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა.

ოლიმპიური "მარკეტინგი"

განსაკუთრებით საინტერესო იყო ფეხსაცმლის შეკვეთის წესი - სპორტსმენი საკუთარი ფეხის მონახაზ კონტურს სახელოსნოში ტოვებდა, სადაც ფეხსაცმელს ხელით უკერავდნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 1904 წელს გლაზგოს შეჯიბრებაზე საშუალო დისტანციაზე მორბენალმა ალფრედ შრაბმა 10 მილზე სირბილში იმ დროისთვის გამაოგნებელი შედეგი აჩვენა - 50 წთ და 40 წმ. ეს დიდი ბრიტანეთის ეროვნულ რეკორდად რჩებოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში.

1909 წელს ფოსტერი კვლავ დაწინაურდა - ამჯერად მან ტერფის გამზომი სპეციალური ცხრილი შექმნა, მისი საშუალებით უკეთ განისაზღვრებოდა ადამიანის ტერფის ინდივიდუალური თავისებურებები. თხუთმეტწლიანი თავდადებული შრომის შემდეგ, 1924 წელს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სირბილის დიდმა სპეციალისტებმა კარლ აბრაჰამმა და კეროლ მოდელმა ყველას უთხრეს, რომ ფოსტერის ფეხსაცმლების წყალობით ისინი "ცეცხლწაკიდებულებივით" გარბოდნენ. იმ დღიდან სარბენი ფეხსაცმელი "ფოსტერი" იქცა ეტალონად, რომელზე "სწორებასაც" ცდილობდნენ დანარჩენი მწარმოებლები.

ჯოზეფ ფოსტერი 1933 წელს გარდაიცვალა და ვაჟებს - ჯონსა და ჯეიმსს აყვავებული კომპანია დაუტოვა.

ტექნოლოგიების განვითარებამ, ფეხსაცმლის მრავალი მოდელის წარმოებამ, მათმა მოხერხებულობამ "ფოსტერს" არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ უცხოეთშიც მოუტანა წარმატება. მის ფეხსაცმელს იძენდნენ მსოფლიოს ფეხბურთისა თუ რაგბის გუნდები - "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბოლტონ უონდერერზი", საბჭოთა კავშირიდან მოსკოვის "დინამოც" კი.

უსწრაფესი ანტილოპა

1958 წელს ჯოზეფ ფოსტერის შვილიშვილებმა - ჯოზეფმა და ჯეფრიმ კომპანიას სახელი შეუცვალეს და უსწრაფესი აფრიკული ანტილოპის პატივსაცემად "რიბოკი" უწოდეს. მაშინდელი სპორტული ფეხსაცმლის მოდელი მართლაც მოგაგონებდათ ამ გრაციოზულ ცხოველს - მსუბუქი, წაწვეტებული ცხვირითა და ჩამოჭრილი ქუსლებით. ხარისხთან ერთად, ფეხსაცმლის წარმატებაში დიდ როლს ასრულებდა მარკის შეუბღალავი რეპუტაცია.

ფირმა ელვის სისწრაფით ვითარდებოდა, მაგრამ მას აშშ-ში ჯერ არავინ იცნობდა. ამ მდგომარეობის გამოსწორება ტურისტული აღჭურვილობით მოვაჭრე პოლ ფეიერმანმა ითავა. მან ფირმა "რიბოკი" საერთაშორისო გამოფენაზე გაიტანა და მისთვის აშშ-ის ლიცენზიაც მოიპოვა. მალე ძალიან პოპულარული გახდა აერობიკა. ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და არანაკლებ ცნობილმა ფემინისტმა ჯეინ ფონდამ საგანგებოდ ქალებისთვის ვარჯიშების სერია შეიმუშავა. მისი კასეტები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი მშვენიერ სქესსაც დასჭირდა და "რიბოკმაც" მათთვის შექმნა 1982 წელს მოდელები "ფრისტაილი" და "პრინსესი", რომლებიც "კლასიკური აერობიკის" კოლექციაში გაერთიანდა. ეს მოდელები მსოფლიოში დღემდე დიდი მოწონებით სარგებლობს.

1985 წელს "რიბოკმა" სამოსისა და აქსესუარების მასობრივი გამოშვება დაიწყო. ფირმის ამერიკული ქვეგანყოფილებები სააქციო კომპანიად გადაიქცა. პოლ ფეიერმანმა ჯოზეფ ფოსტერის შვილიშვილისგან ფირმა გამოისყიდა, შემდეგ კი ამერიკული კომპანია და ღეებოკ-Iნტერნატიონალ-ი გააერთიანა ერთ კომპანიად - Reebok-International Ltd-ი. მალე გაერთიანებული წარმოების აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა.

1989 წელს ბაზარზე გამოვიდა ბოტასები ამორტიზაციის ახალი სისტემა Pump-ით ("ტუმბო"). ოთხ წელიწადში ამგვარად დამზადებული 12 მილიონი სპორტული ფეხსაცმელი გაიყიდა. ბევრი ფირმა ცდილობდა "რიბოკისთვის" მეტოქეობის გაწევას, მაგრამ 1992 წელს აშშ-ის სახელმწიფო საპატენტო ბიურომ შესაბამისი პატენტი მხოლოდ "რიბოკს" მისცა. გამოგონების არსი ის გახლდათ, რომ ბოტასის ზოგიერთ ნაწილში, სადაც ფეხისა და ფეხსაცმლის ფორმები ერთმანეთს არ შეესაბამება, საგანგებო საჰაერო კამერები განლაგდა. ფეხსაცმლის ენაში ლატექსის პატარა ბურთულა მაგრდებოდა. ფეხის სიმძიმის დაწოლისას ბურთულებში ჰაერი იწნეხებოდა და ამით ქრებოდა უხერხულობის შეგრძნება. ამ სიახლესთან ერთად "რიბოკმა" რამდენიმე სხვა ტექნოლოგიაც დანერგა, რომლებიც სპორტსმენებს სირბილის დროს წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში ეხმარებოდა.

ფირმას საიდუმლოებები ჰქონდა ტანსაცმლის წარმოებაშიც. მაგალითად, PlayDry სპორტსმენს ნესტისგან იცავდა. ქსოვილის ბოჭკოების სტრუქტურა და კონფიგურაცია სიგრილეს, სიმშრალესა და კომფორტულობას განაპირობებდა. PlayDryTM-ის ქსოვილებს ზედმეტი ტენი გამოჰქონდა ტანსაცმლის ზედაპირზე. რევოლუციურ ტექნოლოგიად იქცა თინოსან-ი: ბოჭკოებში გამძლე ანტიბაქტერიულ ნაერთს უმატებდნენ, რაც ხელს უშლიდა ბაქტერიებისა და სოკოს წარმოქმნას, რითაც უსიამოვნო სუნს არიდებდა ადამიანს. პოპულარული სიახლე იყო Anti UV-ი, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება. მოკლედ, კომპანიის ყველა ახალი გამოგონება განსაზღვრულ მომხმარებელზე, კერძოდ კი სპორტსმენებზე იყო გათვლილი და მათი სურვილებს ითვალისწინებდნენ.

კომერცია უდროშოდ

1993 წელს დიდ ბრიტანეთში აიკრძალა ეროვნული სიმბოლოების რეკლამებში გამოყენება. არადა, "რიბოკის" ლოგოტიპი წლების განმავლობაში სწორედ ქვეყნის დროშა იყო! კომპანია იძულებული შეიქნა, ლოგოტიპი შეეცვალა და დროშის ნაცვლად ე.წ. ვექტორი აირჩია. თუმცა ნაწარმის პოპულარობა ამით არ დაცემულა.

მომდევნო წელს ფირმამ ახალი მიღწევა, სისტემა Multi Tech-ი წარმოადგინა. იგი საშუალებას აძლევდა სპორტსმენებს, ინდივიდუალურად მორგებული მოდელები ჰქონოდათ - ერთდროულად რამდენიმე ტექნოლოგიის სურვილისამებრ კომბინირებით. კიდევ ორ წელიწადში შეიქმნა ამორტიზაციის ახალი სისტემა DMX-ი. ფეხსაცმლის ძირში ჩაინერგა ურთიერთდაკავშირებული საჰაერო კამერები, რომლებიც მოძრაობისას ამორტიზაციას ქმნიდა. მას შეეძლო ჭარბი დატვირთვის შემცირება და პატრონს ტრავმისგან იცავდა.

მესამე ათასწლეულის დასაწყისში "რიბოკმა" სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ წინადადება თვით NBA-სგან მიიღო. ფირმამ 2001 წლიდან NBA-სა და WNBA (ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია) ლიცენზირებული პროდუქციის წარმოება დაიწყო. 2004-2005 წლიდან ორივე ასოციაციის ყველა გუნდს "რიბოკი" ექსკლუზიურად ამარაგებდა. 2006 წელს "რიბოკი" გერმანულ ფირმა "ადიდასთან" გაერთიანდა, როცა ამ უკანასკნელმა შეიძინა. ერთობლივად მათ ამერიკულ ბაზარზე სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვა $11,7 მილიარდამდე გაზარდეს. გაერთიანებიდან პირველ სამ წელიწადში ფირმებმა 100-125 მილიონი ევრო დაზოგეს. სხვადასხვა დროს "რიბოკის" სარეკლამო სახეები იყვნენ მსახიობი კრისტინა რიჩი, მომღერალი ჯამელია, რეპერი ფიფტი სენტი, სპორტსმენი ალენ აივერსონი და სხვ.

დღეს "რიბოკი" "ადიდასის" შვილობილი ფირმაა, ის კი "ფორბსმა" მსოფლიოს 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში 558-ე ადგილზე გაამწესა. $16,29 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციის გერმანული გიგანტის წლიური გაყიდვა $17,28 მილიარდია და მისთვის 40,6 ათასი ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ