კეზერაშვილის ჩაუძირავი მონოპოლია - კვირის პალიტრა

კეზერაშვილის ჩაუძირავი მონოპოლია

(ბიზნესიმპერიის ანატომია. ნაწილი I)

ვინ "კრიშავს" ძებნილს?!

ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში ჯერჯერობით არც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გვაქვს და არც შესაბამისი სამსახური, რომელიც ბაზარზე მონოპოლიური სუბიექტების არსებობას აღკვეთდა. მიუხედავად ამისა, მმართველი ძალის შეცვლა სხვადასხვა, განსაკუთრებით მომგებიან ბიზნესს მაინც დაეტყო: რამდენადმე შემცირდა ფასები საწვავზე, საგრძნობლად გაიაფდა მედიკამენტები, აგრეთვე ფქვილი და პურ-პროდუქტები. უცნაურია და თან სამწუხარო, რომ ისევე, როგორც წინა მთავრობის დროს, ამ ხელისუფლების პირობებშიც, ნაცმოძრაობის ბიზნესი ზოგჯერ კვლავ ხელშეუხებლობის გარანტიითა და ექსკლუზიური უფლებებით სარგებლობს, რითაც, პირველ რიგში, ბაზარი და მომხმარებელი ზარალდება. საკანონმდებლო ორგანოში კი გაცხარებით მსჯელობენ, დეპუტატებმა სადღესასწაულო დღეებში ნაციონალური სამოსით უნდა იარონ თუ არა.

"გალფი", იგივე "სან პეტროლეუმ ჯორჯია", "საქართველოს ფოსტა", "აუთდორჯი" მთელი თავისი შვილობილი კომპანიებით, წილები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და "მზეში", "უაიდ დისტრიბუშენის", იგივე შპს "ექსპრესის" საგაზეთო ჯიხურები, "საქართველოს ლატარიის კომპანია" - ეს იმ ბიზნესების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თანამდებობაზე ყოფნისას ან მას შემდეგ დაეპატრონა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ძებნილი კეზერაშვილის არაერთი ბიზნესი დღემდე ინარჩუნებს საქართველოს ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ხშირად უკანონო გზით მოიპოვეს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნო საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ყველა ელოდა, რომ საგამოძიებო სამსახური კეზერაშვილის ქონებასა და ბიზნესწილებს დააყადაღებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. ან კი რა უნდა დაეყადაღებინათ, როცა ბრალის წაყენებამდე ცოტა ხნით ადრე კეზერაშვილმა საინფორმაციო საშუალებებით ამბავი გაავრცელა: ჩემი წილები ბიზნესში დავით იაკობაშვილს გადავულოცეო. იაკობაშვილი რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ებრაელი ბიზნესმენია და ამავე დროს რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ეკოპალიტრას" კეზერაშვილის ერთ-ერთი ბიზნესის წარმომადგენელმა პირად საუბარში განუცხადა, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს პირადი ხელშეუხებლობა ისრაელის მთავრობისგან $250 მილიონად ჰქონდა ნაყიდი, რამდენად შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას, თავს ვერ დავდებ...

"ეკოპალიტრა" ბუნებრივია დაინტერესდა და "გალფის", იგივე შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯიას" აქციონერთა ბოლოდროინდელ ცვლილებებს გაეცნო. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის 4 თებერვლის მონაცემებით, მაშინ როცა კეზერაშვილს თავისი წილი უკვე "გადაცემული" ჰქონდა იაკობაშვილისთვის, კომპანიის 100%-ს ამერიკული სააქციო საზოგადოება Eნერგყ Iნვესტმენტ Vენტურე Hოლდინგს-ი ფლობს, დირექტორი კი ისრაელის მოქალაქე იანივ ადამია. ჩვენ ასევე შევამოწმეთ საჯარო რეესტრის ბოლო ცვლილება შპს "აუთდორჯიში": 2013 წლის 10 იანვრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი ნიკა ურუშაძე კონსტანტინე ჭავჭანიძემ ჩაანაცვლა, რომელსაც, თავის მხრივ, წილები აქვს "აუთდორჯის" შვილობილ კომპანიებში.

რაც შეეხება პარტნიორებს, კომპანიის 20%-ს შპს "სამკუთხედი" ფლობს, 10%-ს შპს "ჯეოტეკი", ყველაზე მსუყე ლუკმა (70%) ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება "ედპროჯექტს ინკსს" აქვს. დირექტორის ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, იგივე მფლობელები ჰყავდა "აუთდორჯის" 2011 წელსაც და არც მათი წილები შეცვლილა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ კეზერაშვილი-იაკობაშვილის საკუთრების გადანაწილება მფლობელ ამერიკულ ჰოლდინგში მომხდარიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის ცვლილებების შემოწმება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია და ისღა დაგვრჩენია, კეზერაშვილის "პატიოსან სიტყვას" ვენდოთ.

"გალფის" თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და სამომავლოდ ამ თემაზე ცალკე ჟურნალისტურ მოკვლევას შემოგთავაზებთ. მანამდე კი თანმიმდევრულად მივყვეთ კეზერაშვილის უცაბედი გამდიდრების ანატომიას, რომელშიც ბევრი ყოფილი თუ ახლანდელი დიდმოხელის ხელი ურევია.

როგორ შენდებოდა "კეზერაანთკარი"

ანუ "გაკაფული" ბიზნესი

"აუთდორ დიჯითალი", "აუთდორ მონიტორი", "აუთდორ პრინტ მედია", "აუთდორ მედია ჰაუსი", "აუთდორ ტრანსპორტ ედვერტაიზინგი" - ყველა ეს კომპანია კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულ "აუთდორჯის" ეკუთვნის და, ფაქტობრივად, სრულ მონოპოლიას ფლობს გარე რეკლამის ბაზარზე. "ეკოპალიტრა" ამ ბაზრის იმ მოთამაშეებს შეხვდა, ვინც გარე რეკლამის სექტორში კეზერაშვილის გამოჩენამდე მუშაობდა და სთხოვა მოეთხროთ, როგორ ჩამოიცილა კონკურენტები თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბრალდებული კეზერაშვილი დღემდე ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ბიზნესში, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა მას ახლანდელი ხელისუფლება ან რომელიმე მისი გავლენიანი წევრი მფარველობდეს. სწორედ ამ მიზეზით ჩვენმა რესპონდენტებმა კონფიდენციალობის დაცვა მოითხოვეს. როგორც მათგან გახდა ცნობილი, თბილისში გარე რეკლამის პირველი სარეკლამო ფარები გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა. ერთ-ერთი პირველი მსხვილი მოთამაშეები ამ ბიზნესში სარეკლამო კომპანია "ალმა+" და "მიმინო" იყვნენ. საერთო ჯამში კი გარე რეკლამის განთავსებაზე ქალაქში, დაახლოებით. ოცამდე კომპანია მუშაობდა.

"ხშირად ეს კომპანიები ერთი კლიენტისთვის იქმნებოდა და ძალიან მალევე იხურებოდა. ასეთი სარეკლამო ფარის დაყენება მეტად იაფი იყო, საკმარისი იყო ორი ჟანგიანი მილი და რკინის ფურცელი. არც განათებას აყენებდნენ. რადგან "მიმინო" და "ალმა+" ლიდერები იყვნენ ამ ბაზარზე, მათი ფარები ხარისხითაც გამოირჩეოდა. "ალმა+" ყოველთვის იყო ასოცირებული "თიბისი ჯგუფთან", სარგებლობდა კიდეც ამ ჯგუფის მხარდაჭერით. ამ კომპანიებს ქალაქის მასშტაბით საკმაოდ ბევრი, დაახლოებით, 200-200 ფარი ჰქონდათ. კიდევ რამდენიმე ასეული ფარი იყო დანარჩენი კომპანიების მფლობელობაში. შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა მოთამაშე, რომელსაც მოუნდა, ამ ბიზნესს მთლიანად დაპატრონებოდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიჩნია, რომ რეკლამა საინტერესოა არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით, არამედ საჭიროა განსაზღვრული პოლიტიკური მიზნებისთვისაც. შესაბამისად, ჯგუფი, რომელმაც გარე რეკლამის ბაზარზე მონოპოლიური თამაში წამოიწყო, მაშინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდა. მათ დაიწყეს სარეკლამო მედიასაშუალებების შეძენა, წართმევა, დაშინება. ხელისუფლებისგან ფინანსური მხარდაჭერაც ჰქონდათ.

ქვეყანაში არ არსებობდა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ვითარებას დაარეგულირებდა და, ამდენად, მიზნისკენ სვლა საკმაოდ გაუადვილდათ, როგორც სატელევიზიო ბაზარზე, ისე სხვა სარეკლამო სეგმენტში. მივხვდით, საით მიდიოდა საქმე, მათთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა და ჩვენი ქსელი გავყიდეთ. სხვათა შორის, იმ ფასში, რაც მათ შემოგვთავაზეს და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, სხვა შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი დაგვეკარგა... სხვათა შორის, თავიდან ეს არ იყო "აუთდორჯი". ბაზარი კონკურენტებისგან "მაგი სტილის" მესვეურებმა გაწმინდეს. ესეც კეზერაშვილთან დაახლოებული ჯგუფი იყო. ის, რაც შემდეგ მოხდა, რბილად თუ ვიტყვით, არანორმალური იყო. მერიასთან ერთად, ქალაქი გაყვეს ორ ნაწილად, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდ და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე ტენდერი გამოაცხადეს. ოფიციალურად ამ ტენდერში ორი კომპანია - "აუთდორჯი" და "მაგი სტილი" მონაწილეობდა, მაგრამ ეს ერთი და იგივე ჯგუფი იყო და გაიმარჯვეს კიდეც. ასეთი რამ წინა ხელისუფლების დროს სხვა ბიზნესებშიც ხშირად ხდებოდა.

რაც შეეხება "ალმა+"-ს, ამ ფირმას თავისი კონტაქტები ჰქონდა ქვეყნის პირველ პირთან. ამიტომ, "აუთდორჯისა" და "ალმას" შორის მოხდა განსაზღვრული გარიგება, "ალმას" თავისი ფარები და "თიბისი" ჯგუფთან ასოცირებული რეკლამის ამ ფარებზე განთავსების უფლებები დაუტოვეს. სხვა კომპანიები ბაზრიდან ჩამოიცილეს. შემდეგ კიდევ ერთმა კომპანიამ, "ვილაჯიომ", რომელიც ასევე ძალიან დაახლოებული იყო ხელისუფლებასთან და "ვისოლი ჯგუფის" შვილობილია, მიიღო რაღაც უფლება, რომ დაეყენებინა ქალაქში სარეკლამო ფარები, ოღონდ საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე და ასევე თავისი კომპანიის სარეკლამო ბანერები განეთავსებინა.

რა თქმა უნდა, ამ ბიზნესში ძალიან აიწია ფასებმა. დღეს "აუთდორჯის" გარე რეკლამის ბაზრის დაახლოებით 70% უკავია. მსოფლიო სტანდარტებით კი, საშუალოდ, როცა სუბიექტს ბაზრის წილის 35% აქვს, უკვე მონოპოლისტია. ახლა ამბობენ, რომ "აუთდორჯიც" დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა. თუმცა ისიც ითქვა, რომ ეს თვალის ასახვევი ფორმალური გარიგება იყო.

ეს ბაზარი აუცილებლად უნდა გაიხსნას. ამ კომპანიას არა მხოლოდ გარე რეკლამაზე აქვს მონოპოლია, არამედ სრული მონოპოლისტია რეკლამის განთავსებაზე მეტროში, ავტობუსებზე, მონიტორებსა და ლიფტებში. კეზერაშვილსა და მის ამფსონებს სატელევიზიო ბაზარზეც ჰქონდათ მონოპოლია, როგორც მაუწყებლობის, ასევე რეკლამის თვალსაზრისით. თუ მონოპოლია დაიშლება, ფასი გარე რეკლამაზე აუცილებლად შემცირდება. უნდა გადაიხედოს ტენდერის პირობები და არც ქალაქი უნდა იყოს გაყოფილი ორად. ადრე უფრო სამართლიანი სისტემა მოქმედებდა ფარის დასაყენებლად. მაგალითად, მე თუ ვნახავდი ხელსაყრელ ადგილს გარე რეკლამისთვის, უნდა წარმედგინა ესკიზი, ფოტომონტაჟი არქიტექტურის სამსახურში და თუ ეს არავის უშლიდა ხელს - მიმტკიცებდნენ. არანაირი ტენდერი ამას არ სჭირდება. ამ გზით გარკვეული მოსაკრებელიც შევა ქალაქის ბიუჯეტში, ახლა კი ქალაქს არავინ არაფერს უხდის, ტენდერისას გადაიხადეს და მორჩა. ერთი კომპანია დიდ ფულს შოულობს, სხვები, ფაქტობრივად, მკვდრები არიან. აუცილებლად რამდენიმე მოთამაშე უნდა იყოს ამ ბაზარზე", - ამბობს ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი.

"გაუმჭვირვალე" ტანდემი

სხვადასხვა დროს გარე რეკლამის ბაზრით არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებოდნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ თემაზე კვლევაც კი გამოაქვეყნა, სადაც კეზერაშვილის, მისი ახლობელ-ნათესავების გვარ-სახელები ფიგურირებდა, მონოპოლიის წახალისებას კი თბილისის მერია უწყობდა ხელს.

მამუკა ანდღულაძე ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაანალიტიკოსი): "2009 წელს თბილისის მერიამ აუქციონის წესით გასცა ორი ნებართვა, რომელიც გარე რეკლამების განთავსების 12 წლის ვადით მართვას ითვალისწინებს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე აბრები "აუთდორჯის" გადაეცა, რომელსაც მერიამ სხვა კომპანიებისთვის ქველიცენზიით გადაცემის უფლებაც მიანიჭა. მარცხენა სანაპიროზე მდებარე აბრების განთავსების უფლება „მაგი სტილი მედიამ“ მიიღო, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა. (ირაკლი ჩიქოვანი ოქტომბრის შემდეგ საქართველოდან წასულია) 2011 წლის დასაწყისში, „მაგი სტილი მედია“ ჩაანაცვლა „სმოდ ედვერტაიზინგმა“, რომელიც მხოლოდ 2011 წლის იანვარში შეიქმნა და რომელსაც პანამაში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია „სმოდ იქუიტიზ კორპი“ ფლობს. საქართველოში ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია ალექსანდრე გოგოხია, რომელიც "აუთდორჯის" მთავარ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. მოკლედ, მოჯადოებული წრეც იკვრება. ამის შედეგად, დედაქალაქის გარე რეკლამების ბაზარზე დომინანტური პოზიცია "აუთდორჯიმ" და „სმოდმა“ დაიკავეს, რომელიც "აუთდორჯისთან" მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიაა. "აუთდორჯი" თბილისის მერიასთან ერთად ერთობლივი საწარმოს - "აუთდორ ტრანსპორტს" ოპერირებს".

მთელი ქალაქი ერთ ჯიბეში

კიდევ ერთხელ რომ დავრწმუნებულიყავით შექმნილ ვითარებაში, ჩვენ, როგორც ერთ-ერთი რიგითი კლიენტი, თბილისში ბილბორდებზე რეკლამის განთავსებისთვის კომპანია "აუთდორჯის" დავუკავშირდით. მიღებული პასუხის თანახმად, ფასი დამოკიდებულია კონსტრუქციასა და განთავსების ადგილზე, ღირებულება 1 კვმ-ზე $40-$60-ს აღწევს მხოლოდ იჯარისთვის, ხოლო ბანერის 1 კვმ-ის ბეჭდვა კიდევ $10 ღირს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბანერებს თავად დავბეჭდავდით (რადგან მანამდე გადავამოწმე და სხვაგან იმავე ხარისხის ბანერის დაბეჭდვა თითქმის ნახევარ ფასად შემომთავაზეს), მაგრამ მკაცრი უარი მივიღეთ: გვაქვს ჩვენი სტამბა, ბანერის ბეჭდვაც სპეციფიკური ამოცანაა, ამიტომ მთელ პროცესს ჩვენ უზრუნველყოფთ, ჩვენთან დაბეჭდვა აუცილებელი პირობააო. როცა გარე რეკლამის განთავსება მთელ ქალაქში ვისურვეთ და ჩავეკითხეთ, მხოლოდ ისინი შეძლებდნენ ამას თუ სხვებსაც უნდა დავკავშირებოდით, ფარების ძირითადი ნაწილი - 80% - მაინც ჩვენ გვაქვსო, - გვიპასუხეს, - თუმცა ჩვენს პარტნიორ ფირმებსაც აქვთ სარეკლამო ფარების მცირე ნაწილი, შეგვიძლია ჩვენვე დავეკონტაქტოთ და ეს საკითხი მოვაგვაროთ. ფასიც კი არ შეიცვლება, - უკვე დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და როგორც "ალმას" სჭირდება ჩვენგან ფარები, ისე გვჭირდება ხოლმე ჩვენ. ხოლო ექსკლუზიურად ჩვენ განგითავსებთ ავტობუსებში, აგრეთვე მონიტორებზე მთელ ქალაქში, მეტროსა თუ ლიფტებშიო.

P.S. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი თემა მონოპოლიზმის დამარცხება იყო, თუმცა ის დღეს თითქოს დავიწყებას ეძლევა. სამაგიეროდ, მონოპოლიზმი არ გამქრალა და ჩვეული "რიხით" განაგრძობს ჯიბეების გასქელებას. არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი - ხომ არ განაახლეს "კრიშა" მონოპოლისტებმა?! ვისი გვარიც უნდა ფიგურირებდეს მონოპოლისტური ბიზნესების უკან - კეზერაშვილის, იაკობაშვილის თუ ხახვიჭამიაშვილის, მათ მფარველად ყოველთვის არსებული მთავრობა მოისაზრება. ძნელი დასაჯერებელია, რომ დღევანდელი მთავრობა ამასთან შეგუებას აპირებს, რადგან მონოპოლიზმი ბიზნესის მახინჯი ფორმაა და ის ყველას აზარალებს, თვით მონოპოლისტების გარდა.