ჩინელები ქალაქს ნებისმიერ მსურველს მიჰყიდიან - კვირის პალიტრა

ჩინელები ქალაქს ნებისმიერ მსურველს მიჰყიდიან

ცოტა ხნის წინ თბილისიდან ჩინეთისკენ პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა

ბოლო დროს თბილისის ზღვის მიმდებარედ ჩინური ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ცოტა ხნის წინ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სარეკლამო რგოლი გამოამზეურა, სადაც ჩინურ ენაზე, თითქოსდა, საუბარია საქართველოში 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებაზე. კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც ორიოდე თვის წინ თბილისის ზღვის სიახლოვეს ჩინური კომპანიის გამართულ წვეულებას ესწრებოდა, გვითხრა, რომ ამ ღონისძიებისთვის ჩინეთიდან 200-მდე ბიზნესმენი იყო მოწვეული, რათა პროექტით დაეინტერესებინათ. წყარომ ისიც გვითხრა, რომ ჩინელი ბიზნესმენები, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარედ აწარმოებენ მშენებლობას, ყოფილი ხელისუფლების წევრების მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მეტიც, თვით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც სახელმწიფო სერიად "CIN" მიანიჭეს.

"ეკოპალიტრამ" სამშენებლო ობიექტზე მისვლა გადაწყვიტა. ობიექტს დაცვის სამსახური იცავს და ნებართვის გარეშე იქ ჩიტიც ვერ შეფრინდება. დაცვის სამსახურმა ჩვენი სტუმრობის შესახებ ზემდგომებს გადასცა და მალევე კომპანია "ხუალინის" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სამშენებლო ობიექტზე შეგვიძღვა, სადაც სამშენებლო სამუშაოები სრული ტემპით მიმდინარეობს. კორპორაცია "ხუალინგი" ჩინურ კომპანიათა ჯგუფია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩინეთის ეკონომიკაში.

კორპორაციის საქმიანობის ძირითადი სფერო მსხვილი დეველოპერული პროექტებია ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში: აშშ-ში, შუა აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში. საქართველოში ინვესტირება "ხუალინმა" 2007 წლიდან დაიწყო, პროექტებს შორის იყო ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მანქანათმშენებელი ქარხანა. ჩინური კორპორაციის ერთ-ერთი ბოლო შენაძენი კი "ბაზისბანკი" იყო.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, 42 ათასი ჰექტარი მიწა სახელმწიფოსგან განსაზღვრული პირობებით შეიძინეს. პირობებს შორისაა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა. ხელშეკრულება ამის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან 2012 წლის 30 მარტს გაფორმდა და კორპორაციას ავალდებულებს საინვესტიციო კაპიტალის ჩადებას არა უმცირეს $150 მილიონის მოცულობით, არანაკლებ 50 ათასი კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი კორპუსების აგებას, სადაც შესაძლებელი იქნება 3800 სპორტსმენის განთავსება, 200-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, 100 ათასი კვ.მ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრისა და 50 ათასი კვ.მ. საცხოვრებელი ბინების აშენება.

კომპანიის მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია ჩინელი ან რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

თინათინ შიშინაშვილი (კომპანია "ხუალინ საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "ეს ათწლიანი საინვესტიციო პროექტია. 2015 წლის მარტში დასრულდება ოლიმპიური სოფლის მშენებლობა და შემდეგ კი პროექტი ეტაპობრივად დასრულდება, მათ შორის სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრის, საცხოვრებელი კოტეჯებისა და ფართების მშენებლობა. სავაჭრო ცენტრი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი იქნება. რა თქმა უნდა, შესაძლოა ამაში ჩინელი ინვესტორების შემდგომი დაინტერესება იგულისხმებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აქ საცხოვრებლად ვინმეს ჩამოყვანასა და ჩამოსახლებას. ის კლიპი საქართველოში გასაშვებად გადაიღეს. ჩინურ ენაზე იმიტომ დამზადდა, რომ ჩინეთში დაამზადეს და შემდეგ უნდა გვეთარგმნა. ვთარგმნეთ კიდეც და ვაპირებდით გაშვებას, მაგრამ პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა და ამიტომ შევაჩერეთ მისი ჩვენება საქართველოში. ეს კლიპი ოფიციალურად არ გამოგვიყენებია, როგორც ჩვენი პრომო".

ვანგ შენგსინი (საქართველოში კორპორაცია "ხუალინის" გენერალური დირექტორი): "ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ცუდია თავად პროექტისთვის. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროექტის განხორციელებას და შემდეგ უკვე ოლიმპიადის გამართვას.

- შესაძლოა, თქვენი მხრიდან დადგეს პროექტის გადახედვის საკითხი?

- ამ ეტაპზე ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროექტი უნდა მიმდინარეობდეს ტემპის, გეგმის და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების დაცვით. ინვესტიციების დაბანდება ჩვეულ რეჟიმში იგეგმება.

- ოლიმპიურ სოფელთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რის მშენებლობას აპირებთ ამის შემდეგ?

- 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიური სოფელი სამი თვით სამართავად ხელისუფლებას გადაეცემა. ფესტივალი დასრულების შემდეგ შენობა-ნაგებობები გაიყიდება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მსგავსი მაგალითები - ოლიმპიური სოფლები შენდება, შემდეგ კი ამ ტერიტორიას გაასხვისებენ, ან სხვა დანიშნულებით გამოიყენებენ.

- ითქვა, რომ ძალიან იაფად შეიძინეთ მიწა ყოფილი ხელისუფლებისგან და 1 კვადრატულ მეტრში მხოლოდ $1 გადაიხადეთ...

- მინდა გითხრათ, რომ ეს ტერიტორია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გაუმართავი იყო. სახლის აშენება არ არის მხოლოდ სახლის აშენება, მთელი ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ. ეს ინვესტორის ვალდებულებაა. ხელშეკრულებაში მიწის საფასური და მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა იყო გათვალისწინებული.

- კომპანიამ ხელშეკრულება წინა ხელისუფლებასთან გააფორმა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლოა ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობა დადგეს?

- ჩვენ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსთან. მთავრობა თუ შეიცვალა, ეს არ მოქმედებს სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებაზე.

- თქვენ უარყოფთ 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლების გეგმას. გამორიცხავთ, რომ თქვენი თანამემამულეები აქ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესდნენ?

- არც ჩვენს პროექტში და არც ხელშეკრულებაში ჩინეთის მოქალაქეების ჩამოსახლებაზე არაფერი წერია და უარვყოფთ ამ გავრცელებულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ შექმნილი პროდუქტი - უძრავი ქონება, გაიყიდება ღია წესით და ვინც იყიდის, ის იყიდის".

"ბედნიერების ნავსაყუდელი" - ასე ჰქვია მინი-ქალაქს, რომლის გაშენებასაც ჩინური კორპორაცია თბილისის ზღვის სანაპიროზე აპირებს. სარეკლამო ბუკლეტში, რომელიც ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენაზეა დაბეჭდილი, ნათქვამია, რომ დასახლებიდან გაკეთდება პირდაპირი დამაკავშირებელი გზა რკინიგზასა და თბილისის აეროპორტთან. ცოტა ხნის წინ დაინიშნა თვითმფრინავის რეისი თბილის-ურუმჩი, რაც გააადვილებს მიმოსვლას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რადგან ურუმჩიდან პეკინამდე ავიარეისი ყოველ ნახევარ საათშია. ვაზისუბანში, სამშენებლო ობიექტის მახლობლად, კორპორაციამ მე-40 საჯარო სკოლის შენობა შეიძინა, სადაც 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო მოაწყვეს და კომპანიის წარმომადგენლებიც აქვე ცხოვრობენ. ერთი ასეთი სასტუმრო ჩინურ კორპორაციას ქუთაისშიც მოუწყვია. სასტუმროშიც და სამშენებლო ობიექტზეც დასაქმებულთა უმეტესობა ქართველია. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს პირობაც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ნაწილია. კითხვას აჩენს ისიც, რომ ოლიმპიური სოფლის პროექტში სპორტული ინფრასტრუქტურა და მოედნები გათვალისწინებული არ არის. კომპანიაში ამბობენ, რომ ოლიმპიური ფესტივალი საასპარეზო სივრცეებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ისევე როგორც კომპანიის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ქვეყანაში მიგრაციის კანონმდებლობის მოწესრიგება.

სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე