"ტატა" - $100 მილიარდის ბიზნესიმპერია - კვირის პალიტრა

"ტატა" - $100 მილიარდის ბიზნესიმპერია

უმსხვილესი ინდური კორპორაცია "ტატა ჯგუფი" საქართველოში ინვესტირების საკითხს სწავლობს. პირველი კონტაქტი იანვარში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შედგა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. ინდურ ჯგუფს ინტერესები არაერთ სფეროში აქვს: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვ. "ტატა ჯგუფის" წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ, კვლავ შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს, აგრეთვე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ხვდებიან მთავრობის სხვა წევრებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. "ტატა ჯგუფი" მოლაპარაკებას აწარმოებს ნორვეგიულ კომპანია "კლინ ენერჯისთან", რომელსაც, ენერგეტიკის სამინისტროს საიტის თანახმად, აჭარაში შვიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენების შესახებ აქვს მემორანდუმი გაფორმებული. "მათი სურვილია, ერთად ააშენონ ეს ჰიდროელექტროსადგურები, რომლებში საერთო ინვესტიცია 700 მილიონს მიაღწევს", - განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.

"ტატა ჯგუფი" მსოფლიოს უმსხვილეს კორპორაციებს მიეკუთვნება. 2009 წელს ის მოხვდა ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე 11 კომპანიის რიცხვში, ხოლო მისი ბრენდი მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირი ბრენდების ჩამონათვალში.

კორპორაცია "ტატა ჯგუფი" ე.წ. კონგლომერატის ტიპს მიეკუთვნება, მთავარი ოფისით მუმბაიში (ყოფილი ბომბეი), ხოლო მასში შემავალ ასზე მეტ ფირმაში 85 ქვეყანაში 450 ათასი ადამიანი მუშაობს. კორპორაცია თავისი მოგების უდიდეს ნაწილს ინდოეთის ფარგლებს გარეთ იღებს. წამყვანი დარგებია: ფოლადის წარმოება, ავტომობილების წარმოება, ტელეკომუნიკაციის საშუალებები და ციფრული ტელევიზია, სასტუმროების ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, იარაღის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ენერგეტიკა და სხვ.

კომპანია 1868 წელს დაარეგისტრირა ირანიდან ადრე გადმოსახლებული ყოფილი ზოროასტრი ქურუმების კასტის წარმომადგენელმა ჯამსეჯი ტატამ, რომლის მამამ უარი თქვა ქურუმობაზე და შვილი სასწავლებლად ინგლისში გაგზავნა... ჯამსეჯი ტატამ თავიდანვე ჩაუყარა საფუძველი ისეთ საოჯახო ბიზნესს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედებაა. ჯამსეჯიმ მემკვიდრეებს უანდერძა პრინციპი: "ფულის კეთების უნარი - ღირსებაა, მდიდრად სიკვდილი - სირცხვილი!" 1885 წელს მთელ აზიაში "ტატამ" პირველმა შექმნა საპენსიო ფონდი, ათი წლის შემდეგ კი მუშებს საწარმოო ტრავმისთვის კომპენსაციაც დაუნიშნა... ტატების დინასტიის უკვე მეხუთე თაობის წარმომადგენელთაგან არც ერთი არ შედის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგებში. მათი კაპიტალის დიდი წილი საქველმოქმედო სატრასტო კომპანიებშია დაბანდებული. ისინი აფინანსებენ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, კულტურის ფონდებს, ქალთა ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს და ა.შ.

კორპორაციის შვილობილი კომპანიებიდან "ფორბსმა" ერთდროულად ოთხი შეიყვანა მსოფლიოს 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ რეიტინგში: Tata Motors-ი (348-ე ადგილი), Tata Steel-ი (423-ე), Tata Consultancy Services-ი (667-ე), Tata Power-ი (1512-ე). ღია სააქციო საზოგადოების ფორმით 32 კომპანია მოქმედებს, მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $94,51 მილიარდია. "ტატას" იმპერიაში შედიან ცნობილი ფირმებიც - ჟაგუარ Land Rover-ი, სამხრეთკორეული "დეუ ჯგუფისგან" შეძენილი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, ერთობლივი საწარმო "ჰიტაჩისთან" და სხვ.

კონგლომერატის ხელმძღვანელი 44 წლის საირუს პალონჯი მისტრია, რომელმაც წინა თავმჯდომარე, რათან ტატა 2012 წლის დეკემბერში შეცვალა. ამასთან, ყველა ფირმა დამოუკიდებლად მუშაობს და დირექტორთა და აქციონერთა საკუთარი საბჭოები ჰყავს. ტატების კომპანიების ერთობლივმა წლიურმა შემოსავალმა 2011-2012 წლებში $100,09 მილიარდი შეადგინა.