ათასობით დაზარალებულს იურიდიულ ლაბირინთში შესვლა აღარ მოუწევს - კვირის პალიტრა

ათასობით დაზარალებულს იურიდიულ ლაბირინთში შესვლა აღარ მოუწევს

ეშველება თუ არა იმ ათასობით ადამიანს, ვინც ახალი ხელისუფლებისგან წართმეული ქონების დაბრუნებასა და შელახული ღირსების აღდგენას ელის? იუსტიციის მინისტრის ინიციატივით იქმნება სახელმწიფო კომისია სასამართლოს განაჩენების გადახედვისთვის. როგორც მეწარმეებს, ისე რიგითი მოქალაქეებს, ვისაც წინა ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმებებით ქონება და ბიზნესი წაართვა, არაერთი კითხვა უჩნდებათ - შეეხებათ თუ არა მათ ცვლილებები, როგორ უნდა გაუქმდეს განაჩენები და დაუბრუნდეთ მილიონობით ლარი? ვინ და როგორც აანაზღაურებს ზიანს?

ქონებრივად დაზარალებულთა არმია კომისიაზე ამყარებს იმედებს. გაუმართლებთ თუ არა მოლოდინს კომისია - მისი მუშაობის შესახებ ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ვესაუბრებით.

ამირან გიგუაშვილი: "ეს თვისებრივად ახალი მექანიზმია, რომელსაც ხელისუფლება უკვე კანონიერ ძალაში შესული, ასე ვთქვათ, "მკვდარი საქმეების" გასაცოცხლებლად გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის გზა არსებობს, ის იმდენად ფორმალური და რთულია, რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავრობა არჩევანის წინაშე იდგა: დაეტოვებინა ყველაფერი უცვლელად (და ხედავთ, რომ ხუთი თვეა პროკურატურაში რიგები არ წყდება), ან წასულიყო რისკზე და ახალი სისტემური მიდგომა შემოეთავაზებინა. მან მეორე ვარიანტი არჩია და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა.

- რა შემთხვევაში შეძლებს მოქალაქე კომისიისთვის მიმართვას. ხომ არ ჩნდება გადაჭარბებული მოლოდინი, რამაც შესაძლოა შემდგომ მეტი იმედგაცრუება გამოიწვიოს?

- კანონპროექტის ავტორებმა თავიდანვე განმარტეს და ვფიქრობ, კიდევ უფრო ცხადად უნდა აუხსნან არა მხოლოდ იურისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არამედ მოსახლეობას, რომ კომისიის კომპეტენცია არ არის ახალი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ან არსებული განაჩენის შესწორება. კომისია ადგენს ფორმალურ საფუძვლებს ხელახალი სასამართლო განხილვისთვის. ვთქვათ, თუ მიმართავთ კომისიას და კანონის აშკარა და უხეში დარღვევა გამოვლინდება, ამ დასკვნის საფუძველზე სასამართლო საქმის წარმოებას განაახლებს. თუ კომისიის დასკვნაში მითითებული გარემოებები დადასტურდა, დადგინდება ახალი განაჩენი ან შესწორდება არსებული.

მეტი სიცხადისთვის კონკრეტულ მაგალითს მივმართოთ. ჩემმა ერთმა კლიენტმა, როცა მისი ბიზნესპარტნიორი დააკავეს, გადაწყვიტა დიდმოხელეთა შეთავაზებას დაჰყოლოდა და კუთვნილი საფეხბურთო სტადიონი, სამ მილიონ ლარზე მეტი საბაზრო ღირებულებით, სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა, ცხადია, უსასყიდლოდ. ჩუქების ხელშეკრულების დადების დღესვე, სტადიონის მესაკუთრე ორგანიზაციასა და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაკავებული ბიზნესპარტნიორი 10 ათასი ლარის ჯარიმის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა. ცალ-ცალკე ამ ორ ფაქტს, შესაძლოა, არასადავო სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდეს - გვაქვს ფორმალურად დაუკავშირებელი ჩუქების ხელშეკრულება და საპროცესო შეთანხმება.

მაგრამ თუ კომისია ამ კონკრეტულ შემთხვევას ერთიანობაში განიხილავს, ადვილად დადგინდება, რომ არ არსებობდა უმთავრესი - მხარეთა თავისუფალი ნება, რის საფუძველზეც დაიდებოდა შეთანხმება სახელმწიფოსთან. კომისიის შესაბამისი დასკვნით ბიზნესმენები სასამართლოში წავლენ და რეალური შანსი გაუჩნდებათ, აღიდგინონ უფლებები და წართმეული ქონება დაიბრუნონ.

- ვინ და როგორ უნდა დააბრუნოს წართმეული ქონება? ხშირად ის უკვე სხვა პირებზეა გასხვისებული, ხოლო ბიუჯეტში ჩარიცხული ფული გახარჯულია...

- ამის პასუხი ორაზროვანი ვერ იქნება. სახელმწიფო ვალდებულია, რომელი პოლიტიკური გუნდიც უნდა იყოს მმართველი, იკისროს და გაისტუმროს წინა ხელისუფლების ვალდებულები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ცალკეულ თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარეობს. სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ ნაციონალური ხელისუფლების სისტემის მსხვერპლთა კომპენსაცია არა მაშინდელ დიდმოხელეს, არამედ გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ... მაგრამ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ანაბანაა და ამის საწინააღმდეგო ერთადერთი რეცეპტი არსებობს: არ ავირჩიოთ ან დროულად გადავირჩიოთ ცუდი ხელისუფლება. სხვა გზა ანარქიისა და სამოქალაქო დაპირისპირების გზაა, რაც თითოეულ ჩვენგანს გაცილებით ძვირად დაუჯდება.

- რა პერიოდს მოიცავს კომისიის უფლებამოსილება, როდინდელ განაჩენებს შეისწავლის ის?

- კანონპროექტში დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ წერია, რომ საჩივრის შეტანა შეიძლება საქმეზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2005 წლის 1-ელი იანვრიდან 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ვფიქრობთ, თარიღი კიდევ უფრო უკან არის გადასაწევი და განაჩენების გადახედვა, სულ ცოტა, 2004 წლის 13 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. ანუ იმ დროიდან, როცა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შემოიღეს და ის საბოლოოდ ბიუჯეტის შევსებისა და ქონების წართმევის მთავარ მექანიზმად იქცა.

კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა და სადავო საკითხიც ცოტა არ არის. ძალიან მაღალია სამოქალაქო სარჩელების ცენზი - 100 000 ლარი და აუცილებლად უნდა დაიწიოს; ძალიან მცირეა განცხადების წარდგენის ორთვიანი ვადა. ჩვენი აზრით, ადამიანები კვალიფიციური საჩივრის მომზადებას ვერ მოასწრებენ. გადასახედია განხილვის პროცედურები, კომისიის დაკომპლექტების წესი და სხვ. თუმცა ის გახსნილობა, რასაც ამ პროექტზე მუშაობისას ხელისუფლება გვთავაზობს, ვფიქრობ. მისი ეფექტურობის გარანტად უნდა იქცეს. მთავარია, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც, ბეწვის ხიდი სამართლიანობის აღდგენასა და რევანშიზმს შორის ქვეყნის ინტერესებისთვის უსაფრთხოდ გავიაროთ, ხოლო შემდგომი თაობებისთვის მსგავსი კომისიები აღარასოდეს გახდეს საჭირო.