"ერთი მყიდველი ცხრა თხილის გულზე" - კვირის პალიტრა

"ერთი მყიდველი ცხრა თხილის გულზე"

საექსპორტო ათეულის ერთ-ერთ პოზიციას თურქეთში დიდი მოსავალი ძირავს

რამდენიმე დღის წინ "ეკოპალიტრას" სამეგრელოდან დაუკავშირდნენ. მარტვილელმა ალექსანდრე დარჯანიამ დახმარებისთვის მოგვმართა: თხილის მოსავალი დაბალი ფასის გამო გაუყიდავი მრჩება და იქნებ გამოარკვიოთ, რატომ არის წლეულს თხილის ფასი ასე დაბალი და ისიც მირჩიოს ვინმემ, როგორ მოვიქცე - დაბალ ფასში გავყიდო თუ ფასის ზრდას დაველოდოო. აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთი არ არის, ვისაც თხილის მოსავალი ფასის მომატების მოლოდინში გაუყიდავი დარჩა, დრო კი მოსავლის გაფუჭების რისკს ზრდის.

ალექსანდრე დარჯანია (მარტვილის მკვიდრი): "თქვენი გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ და ამიტომაც მოგმართეთ დახმარებისთვის. გვაინტერესებს, რა ხდება წლეულს თხილის მოსავალთან დაკავშირებით. თხილის პლანტაცია მაქვს. როცა ჩაის კულტურა იყო სამეგრელოში, ოჯახები ჩაის გაყიდვით მიღებული შემოსავლით ცხოვრობდნენ. ახლა ჩვენი ძირითადი შემოსავალი თხილია. გასულ წლებთან შედარებით, წლეულს თხილის ფასი კილოგრამზე 2 ლარით ნაკლებია. როცა ციტრუსის ან ყურძნის გაყიდვა ჭირს, ამას ყველა საინფორმაციო საშუალებით აშუქებენ, მთავრობაც მხარში უდგას გლეხებს, თხილის რეალიზაცია კი არავის ადარდებს. თქვენ ხშირად წერდით თხილის მოსავლის და მისი საექსპორტო პოტენციალის შესახებ და იქნებ მოიძიოთ, რატომაა ფასი ასე დაბალი და თუ არის შესაძლებელი, ის გაზაფხულზე გაიზარდოს.

მოკლედ, გავყიდოთ მოსავალი დაბალ ფასში თუ ფასის მატებას დაველოდოთ. მე, დაახლოებით, 2 ტონა თხილი მაქვს გასაყიდი, მაგრამ ჩემ დღეში ბევრია და მათი სახელითაც გირეკავთ.

დაბალი ფასის გამო ბევრი იკავებს თავს თხილის გაყიდვისგან, 1 კილოგრამზე 2 ლარი ძალიან დიდი სხვაობა და დანაკარგია. ვერც იმას ვიტყვით, რომ მოსავალი იყო შედარებით უკეთესი და სიუხვის მიზეზით დაიკლო ფასმა. პირიქით, შარშანდელთან შედარებით ნაკლებიც კი მოვიწიეთ. თხილის ქარხნებიც ნედლეულის მიღებისგან თავს იკავებენ, დიდი ხვეწნა-მუდარით იბარებენ ასეთ დაბალ ფასშიც კი. როგორც ჩანს, ან საერთაშორისო მოთხოვნა არ არის, ან სხვა ქვეყანა წვდება ამ მოთხოვნას.

მართალია, აგვისტო-სექტემბერში გამოშრობის შემდეგ, თხილს წონაში აღარ აკლდება, მაგრამ მეორე წლისთვის რომ გააჩერო, აღარ ივარგებს, გული უფუჭდება. როგორც წესი, საქართველოში თხილის ფასი მაქსიმუმს 15 თებერვლისთვის აღწევს. ბოლო წლებში თხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამზე 4-5 ლარის ფარგლებში მერყეობდა, წლეულს კი მაქსიმალური ზღვარი 2,80 თეთრია".

ბეგი სიორიძე (თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი): "წლეულს თურქეთში თხილის განსაკუთრებულად კარგი მოსავალია და ამიტომაც არის ფასი დაბალი. ჩემი ინფორმაციით, 2001 წელთან შედარებით, 2012 წლის სეზონზე თურქეთში თხილის თითქმის ორჯერ მეტი მოსავალი მოვიდა, თუმცა როგორი იქნება თხილზე ფასი ხვალ და ზეგ, ეს არავინ იცის. ჩვენი ქარხანა უკვე ორი თვეა არ მუშაობს, კრედიტის დამტკიცების მოლოდინში ვართ და თხილის ექსპორტს მომავალი სეზონიდან დავიწყებთ. თურქული თხილის ფასზე მიბმულია როგორც ქართული, ისე მსოფლიოს თხილის ფასები, რადგან მონოპოლია ამ სფეროში მათ აქვთ. არავინ იცის, ხვალ-ზეგ გაიაფდება თუ გაძვირდება თურქული თხილი, ჩვენი თხილის ფასი კი ამაზეა დამოკიდებული".

თხილი 2012 წლის საექსპორტო ათეულში შევიდა. შარშან ქვეყნიდან $15 მილიონის ღირებულების თხილი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 9%-ია. ქართული თხილის გასაღების ბაზარი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია. პროდუქტი კარგად იყიდება აზიისა და რუსეთის ბაზარზეც. ევროპაში ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში გადის, ხოლო აზიაში - ერაყსა და ავღანეთში. თხილის მცირე პარტიები გაიყიდა ირანსა და ჩინეთში. მოთხოვნა ძირითადად გარჩეულ თხილზეა. ნაჭუჭიანი თხილი მეტწილად აზიის ბაზარზე იყიდება. მოსავლის მცირე ნაწილს კომპანია „ბარამბო“ ყიდულობს, ხოლო 95% საექსპორტოდ გადის.

ციფრების ენით

- თხილის ნარგავებს ყველაზე დიდი ფართობი უკავია თურქეთში, რომელიც მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75%-ს აკმაყოფილებს.

- სურსათისა და აგროკულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში თხილის კულტურის ფართობებია: თურქეთი - 345 ათასი ჰა; იტალია - 69 ათასი ჰა; აზერბაიჯანი - 19,5 ათასი ჰა; ესპანეთი - 12,1 ათასი ჰა; აშშ - 11.8 ათასი ჰა; ირანი - 11 ათასი ჰა; საქართველო და ჩინეთი - 8-8 ათასი ჰა.

- მოსავლის მოცულობით ასევე თურქეთი ლიდერობს - 501,6 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან იტალია - 112,3 ათასი ტონა; ესპანეთი - 18,3 ათასი ტონა; აზერბაიჯანი - 18.6 ათასი ტონა; აშშ - 28,5 ათასი ტონა; ირანი, საქართველო და ჩინეთი - 12-12 ათასი ტონა.