მრავალი მეწარმის ბიზნესი ცეცხლში დაინთქა - კვირის პალიტრა

მრავალი მეწარმის ბიზნესი ცეცხლში დაინთქა

სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეები კომპენსაციას ხელისუფლებას სთხოვენ

200 მოვაჭრე ფულად კომპენსაციას "ქართულ ოცნებას" სთხოვს. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რამ გამოიწვია ხანძარი სავაჭრო ცენტრ "საბაში". სპეციალურად შექმნილ კომისიას, გაზეთის ამ ნომრის ჩაბარების დროისთვის, ზარალი ბოლომდე დათვლილი არ ჰქონდა, თუმცა ხანძრით დაზარალებულები ხელისუფლებას უკვე სთხოვენ დახმარებას. მომხდართან დაკავშირებით გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოში სავაჭრო ცენტრის მფლობელი პაატა კაჭარავა დაკითხეს. მისი თქმით, ხანძარი მოკლე ჩართვით ან რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევით არ მომხდარა და სავარაუდოდ, ვიღაცამ დივერსია მიზანმიმართულად მოაწყო.

სავაჭრო ცენტრში 6 ათას კვ.მ-ზე მეტი ფართობი დაიწვა. ცენტრის მფლობელი დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს. ვითარებაში უკეთ გასარკვევად "საბას" დირექტორ გელა კვინიკაძეს დავუკავშირდით. ის შეგვპირდა, რომ ადგილზე მისულთ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაგვეხმარებოდა. თუმცა სავაჭრო ცენტრში ბატონი გელა არ დაგვხვედრია, ხოლო როცა კვლავ დავურეკეთ, გვითხრა, რომ ჩვენთვის არ ეცალა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოვაჭრეებს კი ერთმანეთთან მუშტი-კრივი ჰქონდათ გამართული.

ვცადე, შედარებით მშვიდი იერის ადამიანებთან გამერკვია, რას ვერ იყოფდნენ ისინი, ან რა ზარალი ნახა თითოეულმა მოვაჭრემ და რა ალტერნატივას სთავაზობთ მათ ადმინსიტრაცია.

ია კვინიკაძე (მოვაჭრე): - ხალხი გაღიზიანებულია. ძალიან ცუდი რამ მოხდა. მთელი ჩვენი ფული საქონელში გვქონდა ჩადებული. ახლა ყველაფერი დავკარგეთ. მოვაჭრეები კი იმ ფართების გამო დავობენ, რომელიც ადმინისტრაციამ დროებით უფასოდ დაგვითმო.

- ფართი ყველას არ ჰყოფნის?

- ფართები არის, მაგრამ ავეჯისთვის არ არის განკუთვნილი. მეოთხე და მეხუთე სართულები ჩვენთვის ძალიან მოუხერხებელია, იქ ავეჯი როგორ უნდა ავიტანოთ? მე თუ მკითხავთ, ამ ფართების გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ ღირს. ადმინისტრაცია გვპირდება, რომ სამ-ოთხ დღეში ყველაფერს მოაწესრიგებს და ისევ ჩვენს მაღაზიებში შეგვიშვებს. ჩვენ სხვა პრობლემა უფრო გვაწუხებს: საქონელი, რომელშიც ფული გვქონდა ჩადებული, დაიწვა. ზარალი ძალიან დიდია და მის ანაზღაურებას მხოლოდ პაატა კაჭარავა ვერ მოახერხებს. იმედი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" დაგვეხმარება.

- "ქართული ოცნება" კონკრეტულად როგორ უნდა დაგეხმაროთ?

- იქნებ ფულადი კომპენსაცია მოგვცეს.

- თქვენი ზარალი რამდენ ლარს შეადგენს?

- 20 ათასი ლარს.

ბელა დარჯანია (მოვაჭრე): - დიდი დარბაზი მქონდა ნაქირავები. იქ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს შეეძლო სასურველი ავეჯის შეძენა. 100 ლარიც რომ გქონოდათ, რამეს მაინც იყიდდით, თუნდაც სამზარეულოს მაგიდასა და სკამებს. მე ძირითადად ხალიჩებზე ვმუშაობდი.

- რამის გადარჩენა თუ მოახერხეთ?

- საერთოდ ვერაფერი გადავარჩინე.

- რამდენი იზარალეთ?

- დაახლოებით 25 ათასი ლარი.

- ადმინისტრაცია რას გპირდებათ?

- ადმინისტრაცია უკვე დაგვეხმარა. ფართები უფასოდ დაგვითმო, მაგრამ საქონელი აღარ გვაქვს და ცარიელი ოთახები რად გვინდა? ახლა მთავრობისგან ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას. აბა რა ვქნათ? სულ უფულოდ დავრჩით.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, ხანძარი როგორ გაჩნდა?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. წარმოუდგენელია, რომ აქ მოკლე ჩართვით ან რამე მსგავსით გაჩენილიყო ცეცხლი. შვიდი საათისთვის შუქი ავტომატურად ითიშება და დილის ათ საათამდე არ ირთვება. ხანძარი კი საღამოს ცხრის წუთებზე გაჩნდა. ამ საქმეში აშკარად ვიღაცის ხელი ურევია.

იამზე კოპაძე (მოვაჭრე): - როგორც კი ხანძრის შესახებ გავიგე, მაშინვე მოვვარდი. დავინახე, როგორ ეკიდა ყველაფერს ცეცხლი, ნამდვილი კატასტროფა იყო. ჩვენ არავის გვჯერა, რომ აქ მოკლე ჩართვა მოხდა და ხანძარი თავისით გაჩნდა. დაცვა შვიდი ნახევარზე უკვე გვაფრთხილებს, ტერიტორია დავტოვოთ. მერე შუქი ავტომატურად ითიშება და ცენტრი იკეტება. დაცვა ზრუნავს იმაზეც, რომ დილის ათის ნახევრამდე აქ ვერავინ შემოვიდეს... 20 ათასი ლარი ვიზარალე. ქართული საქონელი მქონდა - საძინებელი ოთახის ავეჯი, მატრასები... სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას რაც შეეძლო, გაგვიკეთა. იმედია, ახლა ხელისუფლება მოგვხედავს. 200 მოვაჭრე ქუჩაში დავრჩით.

- თქვენც ვერაფერი გადაარჩინეთ?

- ვერაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა.

- საქონელი დაზღვეული არ გქონიათ?

- არა, პირადად მე არაფერი არ მქონდა დაზღვეული...

ხათუნა ბახტურიძე