ერთი საწარმოს შექმნის ისტორია სამოსის ბაზარზე - კვირის პალიტრა

ერთი საწარმოს შექმნის ისტორია სამოსის ბაზარზე

"გადაცემა "ბიზნესფაილი", რომელიც ყოველ სამშაბათს რადიო "პალიტრასა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაციას და განვითარებას ემსახურება. ამჯერად ბიზნესფაილმა სამოსის იმპორტიორ კომპანია "ინტერმოდა+"-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, დავით ვაზაგაშვილს უმასპინძლა. სამოსის ბაზარზე არსებული ვითარება კი ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ შეაფასა. როგორ იქცა "უაიტჰაუსის" მაისური ბიზნესის დაწყების მიზეზად და როგორია მონოპოლიური თამაშის წესები საქართველოში - ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ბიზნესფაილის" სტუმრებმა ისაუბრეს.

დავით ვაზაგაშვილი ("ინტერმოდა+"-ის დამფუძნებელი): "2000 წელს შევიძინე "უაიტჰაუსის" ბრენდის მაისური და 2010 წელს ვნახე, რომ ეს მაისური ჩემს გარდერობში ახალივით გამოიყურებოდა. არადა, ამ ხნის განმავლობაში მას საკმაოდ ხშირად ვიცვამდი. მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდი ამ ბრენდით. აღმოჩნდა, რომ "უაიტჰაუსი" თურქული ბრენდია, თუმცა მისთვის მოდელების შექმნაში იტალიელი დიზაინერებიც მონაწილეობენ. დავუკავშირდი ბრენდის სათავო ოფისს სტამბოლში და თანამშრომლობაზე შევთანხმდით. პირველმა შემოტანილმა კოლექციამ მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე სულ სხვა ბიზნესში ვიყავი და მისი დათმობა მონოპოლიის გამო მომიხდა. 2007 წლიდან საბერძნეთიდან სამშენებლო საღებავები და სამშენებლო მასალები შემოგვქონდა. მიწოდებაზე მოველაპარაკე სოლიდურ კომპანიებს, რომლებმაც შეამოწმეს ჩემ მიერ შემოტანილი პროდუქცია და თანამშრომლობაზე თანახმა იყვნენ... ისევე როგორც ბევრმა სხვა კომპანიამ, რომელსაც თავის დამკვიდრება ბაზარზე ამ პროდუქციით სურდა, ჩვენც ვერ გავთვალეთ, რომ ამ სეგმენტში არსებობდა მონოპოლია და ბაზრის მთავარ მოთამაშედ კომპანია "კაპაროლი" იქცა და თუკი რამ მსხვილი შეკვეთა არსებობდა ქვეყანაში, "კაპაროლის" საღებავებით კეთდებოდა. მაგალითად, კომპანიამ, რომელიც მზად იყო ჩვენთან თანამშრომლობისთვის და მისთვის წელიწადში, დაახლოებით, 300 ათასი ლარის საღებავი უნდა მიმეწოდებინა, ბოლო მომენტში უარი თქვა - მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას შეატყობინა, რით აპირებდა სამშენებლო სამუშაოების წარმართვას. თავიდან "კაპაროლთან" ვთანამშრომლობდით. კიდევ ერთ კონტრაქტორ "არტესთან", რომელმაც გააკეთა აღმაშენებლის გამზირი, ბევრი საავადმყოფო "100 საავადმყოფოს" პროექტის ფარგლებში, არც ხარისხი დაუწუნებიათ, სამუშაოს შესრულების ჩემეული ფასიც ნაკლები იყო, მაგრამ შიდა ტენდერზე მაინც ვერ გავიმარჯვე, მიუხედავად იმისა, რომ ფასი კიდევ დავაკელი.

სამოსის ბაზარი კი მონოპოლიისგან თავისუფალი დამხვდა. ახლა, ბრენდული სამოსის გარდა, საფრანგეთიდან კოსმეტიკური ნაწარმი და აქსესუარები შემოგვაქვს. ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა, რაც ევროპელი მომხმარებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ქართველი მომხმარებელიც ნელ-ნელა უპირატესობას ხარისხიან პროდუქციას ანიჭებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესი დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. პოლიტიკური რყევები სამოსისა და ფეხსაცმლის გაყიდვების მაჩვენებელზე უარყოფითად აისახა, თუმცა კონკურენციაც მაღალია და მომხმარებელი ხშირად ელოდება ფასდაკლებას, ეძებს, იქნებ სადმე უფრო იაფად შეიძინოს სასურველი პროდუქტი, მაგრამ ხშირად უკან ბრუნდება, რადგან ხარისხისა და ბრენდის გარანტიას ვიძლევით".

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი): "სამოსის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია. ბოლო ორ წელიწადში ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოვიდა, ზოგიერთი ჯგუფი გამსხვილდა და დღეს საქართველოს ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც ასევე რამდენიმე ბრენდული მაღაზიით არიან წარმოდგენილი. კონკურენცია ფასებზეც აისახა, ამ ორ წელიწადში სამოსი, მათ შორის ევროპული ბრენდების, შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. რომ შევადაროთ ერევანს და ბაქოს, თბილისი ბევრად უკეთესი სივრცეა შოპინგის მოყვარულებისთვის. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები აღნიშნავენ კიდეც, რომ არჩევანი აქ მეტია.

საერთო ჯამში, სამოსისა და ფეხსაცმლის ბაზრის მოცულობა საქართველოში წელიწადში 500-600 მილიონ ლარს აღწევს. რაც შეეხება უხარისხო პროდუქციისგან მომხმარებლის დაცვას, ჩემი აზრით, აქ რეგულაციის შემოღება გაუმართლებელია, მომხმარებელმა თავად უნდა დაიცვას თავი. შემოდის ის, რაზეც არის მოთხოვნა, მათ შორის, დაბალი ხარისხის პროდუქცია. მოთხოვნა არის ხარისხიან სამოსზეც და მაღალი ფასის მიუხედავად, მომხმარებლები კარგი სამოსისთვის ფულს არ ზოგავენ. ზოგადად, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ საფეიქრო მრეწველობის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს. ამის კარგი მაგალითია საფეიქრო საწარმოები გურიასა და აჭარაში, სადაც ცნობილი ბრენდების შეკვეთით სამოსი ექსპორტზე გასატანად იკერება. თუ ამ სფეროთი ბიზნესი სერიოზულად დაინტერესდება, შესაძლოა ამ სეგმენტში თურქეთის კონკურენტიც კი გავხდეთ".