"ნაბუკო" - აზერბაიჯანის დარტყმის ქვეშ?!
30-11-2009
პროექტი რომ გაგრძელდეს, თურქეთს აზერბაიჯანთან "ურთიერთობის გადატვირთვა" მოუწევს


"ნაბუკოს" პროექტის მხარდამჭერები როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში, აზერბაიჯანში გაკეთებულმა განცხადებებმა შეაშფოთა. ბაქომ გაზის ექსპორტი შესაძლოა აზიისკენ გადაამისამართოს და "ნაბუკოს" რესურსი ვეღარ მიაწოდოს. საუბარია მიერთებაზე თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის პროექტთან, რომელიც უზბეკეთსა და ყაზახეთს გაივლის.

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ნასიროვის გამაფრთხილებელი განცხადება ბაქოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა. ანკარამ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიისგან გაზის იაფად მიყიდვა მოითხოვა, რაც აზერბაიჯანის ინტერესებს არ ემთხვევა.
თურქეთი ამჟამად ათას კუბ/მ გაზს აზერბაიჯანიდან საკმაოდ იაფად, 120 დოლარად ყიდულობს, ხოლო რუსულში 250 დოლარს იხდის. აზერბაიჯანული პრესა წერს, რომ ვიდრე თურქეთთან ტარიფები არ შეთანხმდება, ბაქოს "ნაბუკოში" მონაწილეობის საკითხი გაურკვეველი დარჩება.
"ნაბუკოს" პრობლემები სიხარულით აიტაცა რუსულმა პრესამ, რომელიც წერს, რომ აზერბაიჯანის პოზიციის შეცვლაზე იმოქმედა აგვისტოს
ომმა, სირთულეები შექმნა თურქმენეთმა, გაურკვევლობაა დაფინანსების მხრივაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაბუკოს" პროექტის განხორციელება 2011 წლისთვის გადაიდო (პირველი ფაზის დაწყება 2010 წლისთვის იყო დაგეგმილი). ჯერ კიდევ მოსაძიებელია საკრედიტო რესურსები. 3 ათას კილომეტრიანი გაზსადენის ასაშენებლად 11,8 მილიარდი დოლარია საჭირო. პროექტის მმართველი კონსორციუმი აპირებს, დაფინანსებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და სააგენტოებს უახლოეს მომავალში მიმართოს. თუმცა ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, მიმართონ თუ არა კერძო ბანკებს. სესხმა მოზიდული სახსრების 70% უნდა შეადგინოს. ევროკავშირს 250 მილიონი ევრო უნდა გამოეყო, მაგრამ მოგვიანებით მან ეს თანხა 50 მილიონი ევროთი შეამცირა. რუსეთში სიხარულით წერენ, რომ "ნაბუკოს" ინვესტირების გადაწყვეტილების მიღება ევროპელებმა 2010 წლის დასაწყისიდან ამავე წლის IV კვარტლამდე გადადეს. "ნაბუკოს" მენეჯმენტს ამ საკითხზე საზოგადოებისთვის განმარტებები არ გაუკეთებია.
მთავრობათაშორისი შეთანხმება "ნაბუკოს" მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტის მონაწილე ქვეყნებმა - თურქეთმა, ავსტრიამ, ბულგარეთმა და რუმინეთმა წლეულს, 13 ივლისს გააფორმეს. პროექტის დაწყების თარიღის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა მონაწილე ქვეყნების გადაბირებაზე მუშაობა გაააქტიურა. მან "ნაბუკოს" საწინააღმდეგოდ ჯერ იტალია განაწყო. ახლა კი ავსტრიას "სამხრეთი ნაკადისკენ" ექაჩება.
"ნაბუკოს" საკითხში შეერთებული შტატებიც ჩაერთო. ის დაჟინებით აფრთხილებს ევროპის ქვეყნებს, რომ რუსეთი გაზის მეშვეობით მეზობლებზე ზეწოლას მომავალშიც განაგრძობს და "ნაბუკოსა" და სხვა ალტერნატიული პროექტების განხორციელების დაჩქარებას ურჩევს. აშშ ევროპას აფრთხილებს, დამდეგ ზამთარს გაზის ახალი კრიზისისთვის მოემზადოს. ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, რუსეთი წლეულსაც გადაკეტავს მილსადენს. ზეწოლის მიზანი ამ ქვეყნების გაზის სადისტრიბუციო ქსელში შესვლა იქნება. უნგრეთმა საკუთარი გაზგამანაწილებელი სისტემის ზამთრისთვის საგანგებოდ მომზადება დაიწყო, ჩეხეთი კი გამოსავალს ატომური ენერგეტიკის განვითარებაში ხედავს.
ამერიკის წარმომადგენელმა ენერგეტიკულ საკითხებში ევრაზიის ქვეყნებში რიჩარდ მორნინგსტარმა განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანი და თურთქეთი გაზის ტარიფზე ვერ მორიგდებიან, პროექტის მონაწილე ენერგოკომპანიები ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას დაიწყებენ. ასეთი კი შეიძლება გახდეს "თეთრი ნაკადი", რომელიც საქართველოს ტერიტორიის, შემდეგ შავი ზღვისა და რუმინეთის გავლით გაზს ევროპაში გაიტანს. თუმცა პრიორიტეტულად მაინც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმების მიღწევა რჩება. "ორივე ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ "ნაბუკოს" პროექტი მათ სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა", - ამბობს მორნინგსტარი.
თბილისში ენერგოექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბაქო "ნაბუკოს" არ გამოეთიშება და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ბაქო ამით კონსორციუმს აფრთხილებს, რომ თუ მის პირობებს არ შეასრულებენ, "ნაბუკოსთვის" გაზის მიწოდებაზე უარს იტყვის. თურქეთი, რომელიც გაზის ტრანზიტისთვის საკვანძო ქვეყანაა, ამ სტატუსით სარგებლობს და ევროპისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს - "ნაბუკოს" ევროპასთან სავაჭროდ იყენებს, რათა კვიპროსისა და ევროკავშირში გაწევრების საკითხებში დათმობაზე დაიყოლიოს. ენერგოექსპერტები ფიქრობენ, რომ შარშანდელი ცივი ზამთრის გამოცდილება ევროპის ქვეყნებს აიძულებს, პროექტის დაჩქარებისთვისაც გააქტიურდნენ და "ნაბუკოს" დასაფინანსებელი თანხები დროულად მოიძიონ. პროექტის მარშრუტისთვის კი საქართველოს ტერიტორია ხელსაყრელია. ეს დერეფანი კონსორციუმის წევრებს დროსა და მილიონობით თანხას უზოგავს.
23 ნოემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მზადაა, თურქეთს გაზზე ფასი დაუკლოს. მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იქნება. აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის ხელმძღვანელ როვნაგ აბდულაევის თქმით, ტარიფი ორივე მხარეს უნდა აწყობდეს და თურქეთის შიდა ბაზარზე არსებულ ფასზე დაბალი არ უნდა იყოს. ფასზე შეთანხმების შემდეგ კი სხვა საკითხების მოგვარებაც მოხერხდება. ბაქოში ამბობენ, რომ ყველა პუნქტის გავლას დიდი დრო დასჭირდება, რადგან თითოეული შეთანხმება ყურადღებით შესწავლას მოითხოვს.

ნონა ქვლივიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით