"შავი ხვრელები"საგადასახადო კანონმდებლობაში
30-11-2009
ხარვეზები კანონში და არასწორი ინტერპრეტირება ბიზნესს აზარალებს

საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, ამიტომ ახლა მხოლოდ უცხოური ინვესტიციები თუ გვაცოცხლებს, -ამას მთავრობის მეთაური ამბობს. ხელისუფლებაში არ მალავენ, რომ ქვეყანაში ინვესტიციებმა საგრძნობლად იკლო და პრივატიზაციის გეგმაც ჩავარდა. ახლა ქვეყანაში ფულის შემოსვლის ორი წყარო არსებობს - დონორი ორგანიზაციები და არაბული ქვეყნები. ამიტომაც არის, რომ სამთავრობო დელეგაციები არაბულ ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ. ახლახან ყატარიდან ჩამოსულ პოტენციურ ინვესტორებს ხელისუფლებამ ხელშეუხებლობის გარანტიები და ფულის ჩასადებად უძრავი
ქონება შესთავაზა. სხვებს ინვესტირებისთვის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების ქსელს სთავაზობენ. ინვესტორები ალბათ მიიღებენ გარანტიებს, რომ მათ ფულსა და ბიზნესს არავინ შეეხება, მაგრამ როგორ გაიტანენ ბიზნესიდან საკუთარ წილს, თუ ოდესმე ამის სურვილი გაუჩნდებათ, ინვესტორებს წარმოდგენა ნაკლებად ექნებათ. თუ საგადასახადო კანონმდებლობასაც გავითვალისწინებთ, დიდია შანსი, რომ ხელშემშლელმა
ფაქტორებმა იჩინოს თავი.

საგადასახადო ორგანოებს ბიზნესის დატერორებაში სწორედ კანონმდებლობა ეხმარება. უფრო ზუსტად, საგადასახადო კოდექსში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და კანონის არასწორი ინტერპრეტირება.
ინვესტორმა არ იცის, შემოტანილი კაპიტალის გატანა რომ დასჭირდეს, ამას როგორ მოახერხებს. პრობლემები სწორედ ამ დროს შეიძლება შეექმნას. საინვესტიციო კომპანია "ონკორ ინტერნეიშენელის"დამფუძნებელი გია ამზაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში ფულის ჩადებისგან თავი იმის გამო შეიკავა, რომ არ იყო გარკვეული, კომპანიიდან წილის გატანას როგორ შეძლებდა.
დავით ასლანიშვილი ("საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+"-ის დამფუძნებელი): "წილის გატანა განსაკუთრებით რთულია შპს-დან. მოწილეს საწარმოდან ფული თუ გააქვს, შედარებით მარტივადაა საქმე, მაგრამ თუ ტექნოლოგია შეიტანა, საწარმოს შენობა უყიდა, კაპიტალის გატანისას პრობლემები ექმნება. ინვესტორმა აუდიტი უნდა მოიწვიოს, ამორტიზაციის თანხა დაითვალოს, გაითვალისწინოს, რა აქტივით და როგორ შევიდა საწარმოს წილში და სხვ. იმდენად ცვალებადი საგადასახადო რეჟიმი გვაქვს, ინვესტორი დაზღვეული არაფრისგან არის. საგადასახადო კანონმდებლობაში იმდენი ცვლილება შედის და ისეთი სისწრაფით, თანაც გადასახადის ნორმა, რეჟიმი შესაძლოა ინვესტორის შემოსვლის შემდეგ ისე შეცვალონ, რომ მას სულ სხვა რეჟიმში მოუწიოს მუშაობამ".
კომპანიიდან წილის გატანისას პრობლემების წინაშე ადგილობრივი მეწარმეებიც აღმოჩნდნენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში წელიწადზე მეტია შპს "ფარმაკონი 11"-ის საქმე იხილება. აფთიაქის მეწილეებმა 100%-იანი წილი სამ მოწილე სუბიექტზე უძრავი ქონების ფორმით გადაანაწილეს. საგადასახადომ ეს საქონლის მიწოდებად ჩაუთვალა და "ფარმაკონ 11"-ს დღგ-ის, მოგების გადასახადისა და ჯარიმის სახით 301 ათასი ლარი დაარიცხა. პარტნიორების მიერ შენატანის (უძრავი ქონების) უკან დაბრუნება, საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, დღგ-თი არ იბეგრება, არც ერთობლივ შემოსავალში ითვლება და არც მოგების გადასახადით იბეგრება, მაგრამ საგადასახადო სამსახურმა თანხის გადახდა მაინც დააკისრა. ახლა ერთ-ერთი მეწილე ნოდარ ბეგიაშვილი დავას თუ წააგებს, ქონებას ჩამოართმევენ და სახელმწიფო აღმაშენებელის 147 ნომერში არსებულ 175 კვ.მ. შენობას აუქციონზე გაიტანს. თუ ამ ქონებას, რომლის საბაზრო ფასი 300 ათასს ანუ თითქმის საგადასახადოს მიერ დაკისრებულ თანხას უტოლდება, აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდება, რაც ხშირად ხდება, მას სახელმწიფო დაისაკუთრებს.
როინ მიგრიაული (იურისტი): "ინვესტორმა კომპანიიდან წილის გატანა თუ მოინდომა, წესით ჩვენი კანონმდებლობა არ ბეგრავს, მაგრამ უსინდისო ინსპექტორმა შეიძლება დაბეგროს. თუ სახელმწიფოს ინტერესი გაუჩნდა ამ ქონების მიმართ, დაბეგრავენ და შემდეგ შენ უნდა ამტკიცო სასამართლოში, უნდა გადაიხადო თუ არა. კანონში წერია, რომ კომპანიაში წილის შეტანა არ იბეგრება, მაგრამ გატანაზე ეს არ წერია. არ იცით, საგადასახადო კოდექსი როგორაა დაწერილი? ეს რომ პირდაპირი ნორმით იყოს განსაზღვრული, პრობლემა არ იქნებოდა. გაუცნობიერებელი ადამიანი კითხულობს ერთ მუხლს და ჰგონია, რომ ისეა, როგორც წერია, მაგრამ იბეგრები თუ არა, ეს რომ გაიგო, რამდენიმე გვერდი უნდა წაიკითხო. ასეთი საგადასახადო კოდექსი აწყობს ინსპექტორს. 50/50-ზეა -ან დაბეგრავს, ან არა. მას აქვს საშუალება, დაბეგროს ან არ დაბეგროს, რადგან ცალსახად არ არის მითითებული. მეწარმეს კარგი საგადასახადო ექსპერტი და კარგი ადვოკატი უნდა ჰყავდეს და ფულიც უნდა დახარჯოს, ინსპექტორს სიმართლე რომ დაუმტკიცოს. ერთეულები არიან ქვეყანაში, ვინც საგადასახადო კოდექსი კარგად იციან. კოდექსი გაიძულებს, სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლო..."
საგადასახადო სამსახურები გადასახადის გადამხდელების მიმართ ბოლო დროს განსაკუთრებით აგრესიული გახდნენ. გამკაცრებულ ადმინისტრირებაში მათ კანონმდებლობაც ეხმარებათ. კომპანიები აღნიშნავენ, რომ საგადასახადოს აგრესიულ მოქმედებასთან ერთად, მათ ბიზნესს საკანონმდებლო ხარვეზები და კანონის არასწორი ინტერპრეტირება აზარალებს.

ნონა ქვლივიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით