სამიზნე - ბიზნესი
30-11-2009
მაკონტროლებლებს აღარავინ აღრიცხავს


ხელისუფალთ უყვართ შეხსენება, რომ საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველოში ბიზნესის წარმოება გაცილებით ადვილია, ვიდრე, მაგალითად, საუდის არაბეთში, ტაილანდში, იაპონიაში, ბელგიაში, გერმანიასა და რეფორმებით ცნობილ ესტონეთშიც კი. გადასახადების შემცირება და ნებართვის აღების გამარტივება შესაძლოა ბიზნესისთვის ერთგვარი შეღავათი მართლაც არის, მაგრამ გადავწყვიტეთ, სხვა მხრიდან შეგვეხედა ბიზენსის წარმოების სიმარტივისთვის და გაგვერკვია, რეალურად რამდენი მაკონტროლებელი და მარეგულირებელი ჰყავს დღეს ბიზნესს საქართველოში.

უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაკონტროლებელი ორგანოების რეესტრს დღეს საქართველოში არავინ აწარმოებს.
მაკონტროლებლების სრული ნუსხა არც იმ ორგანიზაციებს აღმოაჩნდათ, რომლებიც საქართველოში ყველაზე მსხვილ ბიზნესებს აერთიანებენ და არც მათ, ვინც ქვეყნის ეკონომიკის კვლევით იწონებს თავს. 2008 წლამდე მაკონტროლებლების რეესტრს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებდა, მაგრამ სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეს სამსახურები აღარ აღინუსხება. შესაბამისად, საქართველოში
ბიზნესის დაწყება შესაძლოა იოლია, მაგრამ ვინ და როდის დაგადგება თავს, ზუსტად არავინ იცის.
2004 წლისთვის საქართველოში 30-მდე მაკონტროლებელი და მარეგულირებელი უწყება არსებობდა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა ხსენება ახლა შესაძლოა ღიმილის მომგვრელიც იყოს. მაგალითად, ფასების სახელმწიფო ინსპექცია, თესლეულისა და სარგავი მასალების ხარისხის ინსპექცია და სხვ. მას შემდეგ მაკონტროლებლების უმეტესობა გაუქმდა, მათ შორის ანტიმონოპოლიური სამსახურიც. "ეკოპალიტრა" შეეცადა გაერკვია, ვის მიუწვდება დღეს ხელი კერძო სექტორის კონტროლზე და აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი არცთუ ცოტაა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ფინანსური პოლიცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ენიჭება ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის უფლება. თანამშრომლებს აქვთ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება. სამსახური უშუალოდ ფინანსთა მინისტრს დაექვემდებარება.
შემოსავლების სამსახური. თავის მხრივ, მას ექვემდებარება საბაჟო და საგადასახადო სამსახური, აუდიტის სამმართველო. უფლება აქვს ჩაატაროს ბიზნესის კამერალური შემოწმება ინფორმირების გარეშე, აწარმოოს მიმდინარე საგადასახადო პროცედურები, სალარო აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით და სხვ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
გარემოს დაცვის ინსპექცია. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, უფლება აქვს შეამოწმოს და დააჯარიმოს ბიზნესი (თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გარემოსდაცვით ფაქტორებთან. მაგალითად, ცემენტის მწარმოებელი ქარხანა).
გარემოს დაცვის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. წარმართოს მოკვლევა და გამოავლინოს კანონდარღვევა. მაგალითად, ხის გადამმუშავებელი საამქროდან ამოიღოს დიდი რაოდენობით უკანონოდ მოჭრილი და გადამუშავებული ხის მასალა და სხვ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტო. უფლება აქვს, წარმართოს მონიტორინგი, სასურსათო პროდუქციის საკონტროლო შესყიდვა, ლაბორატორიული შემოწმება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის მიმართოს. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, უფლება არ აქვს, იგივე ზომები სურსათის მწარმოებელ საწარმოში მიიღოს - სააგენტოს უფლებამოსილება მხოლოდ ბაზარზე უკვე გასაყიდად გამოტანილ პროდუქციაზე ვრცელდება. მცენარეთა დაცვის თვალსაზრისით, ახორციელებს ფიტოსანიტარიულ კონტროლს და ქვეყანაში ვეტარინარიის კეთილსაიმედოობის შენარჩუნებაზე ზრუნავს (დაავადებების პრევენცია და სხვა).
2004 წლიდან გაუქმდა კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური და კვების პროდუქტების ხარისხის ინსპექცია.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. წამლის ხარისხის კონტროლთან ერთად, ზოგადად სამედიცინო ბიზნესის მაკონტროლებლის ფუნქციები აქვს (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება და ნებართვების გაცემა). ამ სამსახურის მიერ ხდება ჰიგიენური ნორმების, მათ შორის, სანიტარიული ნორმების დადგენა სამრეწველო საწარმოებისთვის. ცალ-ცალკეა სანიტარიული წესები რძის მრეწველობის საწარმოებისთვის, მეღვინეობის საწარმოებისათვის, სასმელი და მინერალური წყლის დამმუშავებელი და ჩამომსხმელი საწარმოებისთვის და სხვა.

დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ყველა პირი, რომელიც საქმიანობს ან აპირებს საქმიანობას მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია რეგულირების საფასური გადაიხადოს, რომელიც კომპანიის შემოსავლების 1%-ს შეადგენს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ საფასური ცალ-ცალკე არის განსაზღვრული რეგულირებადი სფეროებისთვის და ისინი პროდუქტის ტარიფში აისახება. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა, ასევე მათი მოქმედების შეჩერება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოდიფიცირება და გაუქმება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (გაუქმდა 2007 წ.)
საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (პრეზიდენტის პირადი მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა 2007 წ.)

საქართველოს ეროვნული ბანკი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო აკონტროლებს - კომერციულ ბანკებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს; ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს; სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს.

მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური
მერიის ზედამხედველობის სამსახური. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევების გამოვლენა, გარე რეკლამის განთავსების ფაქტების, დედაქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების, კეთილმოწყობის წესების დაცვის კონტროლი, გარევაჭრობის წესების დარღვევის გამოვლენა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით