ბანკებმა სააკაშვილს უგანეს?! - კვირის პალიტრა

ბანკებმა სააკაშვილს უგანეს?!

"სბერბანკს" შეუძლია საქართველოს მთელი საბანკო სექტორი იყიდოს"

პრეზიდენტმა ბანკებს "გადაუარა"

პრეზიდენტის განცხადებას ბანკების გაყიდვის თაობაზე ეკონომიკის ექსპერტებმა გამაოგნებელი და კატასტროფული უწოდეს. რომ არა ბანკების მყისიერი რეაქცია, სადაც მათ პრეზიდენტის სიტყვები უარყვეს, სააკაშვილის ამ განცხადებას შესაძლოა ფინანსური ინსტიტუტების რღვევა გამოეწვია.

პრეზიდენტის განცხადებით, "ლიბერთი ბანკი", რუსეთის სახელმწიფო ბანკმა "სბერბანკმა" იყიდა, ხოლო "თიბისი ბანკის" შეძენაზე "ალფა-ბანკმა" გამოხატა ინტერესი. სააკაშვილს არც "ქართუ" გამორჩენია, "გაზპრომის" ფულით რომ არის შექმნილი, ყველამ ვიცითო. მისი ინფორმაციით, საქართველოს საბანკო ბაზარზე "გაზპრომბანკიც" აპირებს შემოსვლას.

პრეზიდენტის განცხადებას "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი, ლადო გურგენიძე და "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მყისიერად გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილმა მოიბოდიშა და დასძინა, რომ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა. თუმცა ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ. საქართველოში ბანკის შეძენის შესახებ ინფორმაცია არც "ალფა-ბანკმა" დაადასტურა. თუმცა, ცნობილი გახდა ერთი საინტერესო დეტალი: 2-3 თვის წინ საქართველოში რუსეთის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ერევანში დაბადებული გარეგინ ტოსუნიანი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას "საქართველოს ბანკების ასოციაციაშიც" ადასტურებენ და ამბობენ, რომ მისი ჩამოსვლის მიზანი ჩვენი საბანკო სექტორის გაცნობა, შესწავლა და ანალიზი იყო. საქართველოს შემდეგ "რუსეთის ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ერევანსა და ბაქოში გაემგზავრა.

ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში: - ჩემი ვარაუდით, ეს ინფორმაცია ზედა სახელისუფლებო ან საბანკო წრეებში მუსირებდა და პრეზიდენტმაც, რუსეთზე, როგორც მტრის ხატზე საუბრისას, ამ დაუზუსტებელი ინფორმაციით ვითარება უფრო გაამწვავა და თქვა, რომ საქართველოს ბანკები ხელში უვარდება რუსეთის მსხვილ, მათ შორის სახელმწიფო ბანკებს. შევეცადე გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ რუსეთის საბანკო წრეებშიც კი ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. "სბერბანკმა" ბოლო დროს მართლაც იყიდა რამდენიმე ბანკი სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ როგორც ირკვევა, საქართველო მის გეგმაში არ შედის. მერწმუნეთ, თუ "სბერბანკმა" დააპირა საქართველოში ფინანსური ინსტიტუტების ყიდვა, შეუძლია მთელი ჩვენი საბანკო სექტორი იყიდოს და კიდევ დარჩება მადა დაუკმაყოფილებელი.

საბედნიეროდ, პრეზიდენტის ამ განცხადებას მეანაბრეების პანიკა არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობაში ნდობა არც ისე მაღალია. ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს ბანკები ვეღარ იარსებებდნენ. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს და იმ საბანკო უწყებებს, რომლებიც მანამდე პრეზიდენტის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდნენ, ახლა უგანეს...

- რამდენად შესაძლებელია, რომ "სბერბანკს" ან "გაზპრომბანკს" აინტერესებდეს საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტირება?

- საქართველოში რუსეთის ბიზნესის მომსახურებას "ვითიბი" ბანკიც ჰყოფნის. თუ რუსული ინვესტიციები გაიზრდება, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთს დასჭირდება დამატებითი საბანკო სტრუქტურების ოპერირება ჩვენს ბაზარზე. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რამაც შესაძლოა მომავალში რუსეთის საბანკო გიგანტების შემოსვლა განაპირობოს. ყველა მსხვილი ინვესტორი ასე იქცევა - აზერბაიჯანმა და თურქეთმაც მხოლოდ იმიტომ გახსნეს აქ ბანკები, რომ თავიანთ ბიზნესს მოემსახურონ. იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ რუსეთის საბანკო გიგანტები საქართველოს ბაზარზე დიდი რაოდენობით მეანაბრეების მოსაზიდად შემოვლენ და საცალო ბაზარზე იმუშავებენ. ეს მათთვის არახელსაყრელი ბიზნესია. რუსეთიდან შემოსულია მხოლოდ სახელმწიფო ბანკი "ვითიბი", კერძო ბანკებმა ვერც გარისკეს აქ შემოსვლა.

"სბერბანკი"

"სბერბანკი" ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია როგორც რუსეთის, ასევე დსთ-ის ქვეყნებში. მისი დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკია.

"ალფა ბანკი"

"ალფა ბანკი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ბანკია რუსეთში, რომელიც 1990 წელს დაარსდა. სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს, 465 ფილიალი და განყოფილება აქვს როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ალფა-ბანკის" აქციების 99%-ს რუსული ღია სააქციო საზოგადოება "აბ ჰოლდინგი" ფლობს, ხოლო 1%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული CAPITAL HOLDINGS (CYPRUS) LIMITED-ი.

"გაზპრომბანკი"

"გაზპრომბანკი" ერთ-ერთი მსხვილი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია რუსეთში, რომელიც 3 მილიონ ფიზიკურ და 45 ათას იურიდიულ პირს ემსახურება. მის აქციონერებს შორისაა სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" - 35,54%-იანი წილით და არასახელმწიფო საპენსიო ფონდი "გაზფონდი" - 47,38%-იანი წილით. "გაზპრომბანკის" აქციონერებს შორისაა "ვნეშეკონომბანკი" დაახლოებით 10%-ინი წილით.