"გადახდა უნდა ვალსაო..." - კვირის პალიტრა

"გადახდა უნდა ვალსაო..."

დაუფარავენ თუ არა მომმარაგებელ კომპანიებს წლობით დაგროვებულ დავალიანებებს

ოთარ შამუგია, ევგენი ფიჩხაია, ზაურ მერაბიშვილი, შპს "კანტი", შპს "მითანა", შპს "ახალი პურის კომბინატი" - ეს იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სააქციო საზოგადოება "პოპულის" სასამართლოში ედავებიან. დავის საგანი კი, უმეტეს შემთხვევაში, დავალიანებაა, რომელსაც საქართველოში ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი წლების განმავლობაში არ უხდიდა პროდუქციის მიმწოდებლებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიმწოდებლები "პოპულის" რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ედავებიან. "პოპულის" მოვალეთა შორის არიან ასევე "ბარამბო", "ბერტა", "კოკა-კოლა ბოტლერს ჯორჯია" და სხვ.

"წლებია, "პოპული" დავალიანებას არ იხდის. უამრავი ხალხი ჰყავს მომდურებული. ჩვენმა კომპანიამ, დაახლოებით, 5 წლის წინ შეიტანა პროდუქცია "პოპულის" ქსელში. თავიდან გვაძლევდნენ გაყიდული პროდუქციიდან მიღებულ თანხას, შემდეგ კი გადახდა შეწყვიტეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წარმოუდგენელი შეღავათები მოგვთხოვეს, ე.წ. პროდუქციის "გაყინვაზე" დაგვითანხმეს - თავიდან სარეალიზაციო ქსელში განსაზღვრული რაოდენობის პროდუქცია შეგაქვს, საიდანაც შემოსავალს არ ითხოვ და რისი ვალიც მუდმივად ექნება ქსელს. მაგალითად, ქსელში 1000 ლარის პროდუქცია შეიტანე სარეალიზაციოდ და რაც უნდა მოხდეს, იქიდან ამონაგები არ უნდა მოითხოვო. რეალურად რომ დათვალო, რამდენი მიმწოდებელი ჰყავდა "პოპულის" და რამდენისგან ექნება ეს "გაყინული პროდუქცია" დატოვებული, გამოდის, რომ მილიონები ჰქონდა ნასესხები უპროცენტოდ და უვადოდ. რა არ ვცადეთ, მაგრამ "პოპულის" ჩვენი ფული ვერაფრით გადავახდევინეთ. არადა, იმ დროს "პოპული" სუპერმარკეტების ერთადერთი ქსელი იყო საქართველოში, ამიტომ მიმწოდებლები ყველანაირად ვცდილობდით, მასთან საქმე არ გაგვეფუჭებინა, რადგან პროდუქციის გაყიდვის სხვა ასეთი ეფექტური საშუალება, ფაქტობრივად, არ გვქონდა. "პოპული" კი ამით სარგებლობდა.

ფიჩხაია ახლა უჩივის "პოპულის", თავად კი, როცა ამ ქსელის გენერალური დირექტორი იყო, დავალიანებას არ იხდიდა. შემდეგ სერბები შევიდნენ "პოპულის" მენეჯმენტში და იმედი ჩაგვესახა, რომ საქმე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ იმათაც წინამორბედებივით განაგრძეს მუშაობა. შემდეგ "პოპული" "იოლი გასტრონომიამ" შეიძინა, რომელსაც, თავის მხრივ, ლიტვური ბიზნესჯგუფი მართავდა, მაგრამ ისინიც თაღლითები აღმოჩნდნენ. ვითომ ვალების დაფარვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს: გრაფიკს მოგცემთ, ოღონდ პროდუქციის შემოტანა განაახლეთო. შევიტანეთ პროდუქცია, მაგრამ ნაკისრი ვალდებულება არც "იოლმა" შეასრულა. ამასობაში უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა. აღარ სჯეროდათ ჩვენი. ვერაფრით გაეგოთ, ერთხელ რომ არ გადაგვიხადა "პოპულიმ" მიწოდებული პროდუქციის ფული, მეორედ რატომ ვენდეთ და შევიტანეთ. ვისაც ხარისხიანი და, შესაბამისად, ძვირად ღირებული პროდუქცია შემოგვაქვს, სუპერმარკეტების ქსელი ჩვენთვის, ფაქტობრივად, გაყიდვის ერთადერთი საშუალებაა", - გვითხრა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, რომელსაც დღეს "პოპულის" წინააღმდეგ დავა აქვს სასამართლოში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე თვის წინ მოვალეთა ჯგუფმა წერილობით მიმართა "პოპულის" და დავალიანების დაფარვა მოითხოვა. "პოპულის" მევალე კომპანიებში ამბობენ, რომ მათ საპასუხო წერილი "იოლი გასტრონომიისგან" მიიღეს, რომელსაც ხელს კომპანიის გენერალური დირექტორი საულიუს ვაიტკევაციუსი აწერს. როგორც წერილშია ნათქვამია, რომ მათ კარგად იციან, რომ "პოპული" ყოველთვის პრობლემური გადამხდელი იყო, მაგრამ პირობას დებენ, რომ დროთა განმავლობაში ყველა ვალს დაფარავენ. წერილს კი საინტერესო მინაწერი აქვს: რამდენიმე თქვენგანთან საერთოდ გავწყვეტთ თანამშრომლობას და თქვენს პროდუქციას სხვა პროდუქციით ჩავანაცვლებთო. წერილი 2012 წლის 9 აგვისტოთი თარიღდება, თუმცა როგორც "პოპულისა" და "იოლი გასტრონომიის" მევალე კომპანიებში ამბობენ, მას შემდეგ მოვალისგან თეთრიც არ მიუღიათ.

ცოტა ხნის წინ კი „პოპულისა“ და „იოლი სუპერმარკეტის“ მენეჯმენტში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა და მათი მართვა მსხვილმა ევროპულმა საინვესტიციო ფონდმა - SEAF-მა (Small enterprise assistance found) ჩაიბარა. გაცხადდა, რომ ფონდი სოლიდურ თანხებს მოიზიდავს კომპანიის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.

SEAF-ი საინვესტიციო მენეჯმენტ-ჯგუფია, რომელიც განვითარებადი და გარდამავალი ბაზრის 30-მდე ქვეყანაში 28 მსხვილი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით ახორციელებს ინვესტირებას, კაპიტალდაბანდებას და ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. SEAF-ის ჯამური კაპიტალდაბანდება მსოფლიოს მასშტაბით $740 მილიონს შეადგენს.

"ეკოპალიტრა" "პოპულისა" და "იოლი სუპერმარკეტის" მენეჯმენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში SEAF-ი გეგმავს, დიდი ძალისხმევა მოახმაროს ბაზარზე კომპანიის პოზიციების გამყარებას, ბაზრის სოლიდური წილის მოპოვებას, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სავაჭრო ქსელის გაფართოებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საწყის ეტაპზე კი ფონდის ერთ-ერთ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა მომწოდებლებთან აქტიური მოლაპარაკებების გაგრძელება, მათი ნდობის აღდგენა და სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების განხილვა იქნება.

დღეს „პოპულისა“ და „იოლი სუპერმარკეტის“ ქსელი 69 სავაჭრო ობიექტს მოიცავს.

ესბენ  ემბორგი (სს „პოპულისა“ და შპს „იოლი სუპერმარკეტის“ აღმასრულებელი დირექტორი): „დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მომწოდებლებთან მოვაგვაროთ ვალების პრობლემა, შევავსოთ დახლები, რომელიც ბოლო დროს დაცარიელებული იყო, რის გამოც მომხმარებლების განწყობა "პოპულის" მიმართ არცთუ დადებითია. თუმცა ყველა ღონეს ვიხმართ, რათა რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ ჩვენი მომხმარებლების კეთილგანწყობა და "პოპულისა" და "იოლი სუპერმარკეტის" ქსელი კვლავ გახდეს მათი ყოველდღიური არჩევანი. ამას კი, რა თქმა უნდა, მივაღწევთ მათთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტითა და საუკეთესო საფასო პოლიტიკით. როგორც საინვესტიციო ფონდი, ჩვენ წინა მფლობელთან შედარებით მეტ ფინანსურ რესურსს ვფლობთ, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ქსელის მომგებიანად და ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გადაქცევას, მაქსიმუმ, ექვს თვეში მოვახერხებთ".

P.S. გადაიხდის თუ არა მილიონობით დავალიანებას "პოპულისა" და "იოლი სუპერმარკეტის" ახალი მფლობელი, ალბათ ახლო მომავალში გამოჩნდება. საინტერესოა, როგორ მოახერხებს საინვესტიციო ფონდი მისი ვალებიანი შვილობილი კომპანიების "გატეხილი სახელის" აღდგენასა და მიმწოდებლების ნდობის დაბრუნებას.