ყველაზე მდიდრები მსოფლიოში
11-03-2013
ყველაზე მდიდრები მსოფლიოში
"ფორბსმა" წლეულს 200 მილიარდერით მეტი დათვალა

დადგა მარტი და ტრადიციულად, ბიზნესგამოცემა "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა. 2013 წლის რეიტინგში 1426 მილიარდერია - შარშანდელზე 200-ით მეტი. მათი ჯამური ქონება $5,4 ტრილიონია, რაც შარშანდელ მონაცემს $0,8 ტრილიონით აღემატება.
რეიტინგში პირველი კვლავაც მექსიკელი კარლოს სლიმ ელუა $73-მილიარდიანი ქონებით (+$4 მლრდ), მეორე ადგილზე ამერიკელი ბილ გეიტსია $67 მილიარდით (+$5 მლრდ). მეხუთიდან მესამე ადგილზე აინაცვლა ესპანური ბრენდ "ზარას" დამფუძნებელმა ამანსიო ორტეგამ $57 მილიარდით, რომელმაც
$19,5-მილიარდიანი წლიური ნამატით ყველას აჯობა. ყოველდღიურად ის, დაახლოებით, $53 მილიონით მდიდრდებოდა. ფრანგი ბერნარ არნო კი მეოთხე ადგილიდან მეათეზე ჩამოვიდა, რადგან ქონება $41-დან $29 მილიარდამდე შეუმცირდა. თუმცა დანაკარგების მიხედვით ჩემპიონი ბრაზილიელი ეიკე ბატისტაა. შარშან ის მე-7 იყო $30 მილიარდით, ამჟამად კი $10,6 მილიარდით მე-100 ადგილამდეა "ჩაძირული".

რეიტინგში $5,3 მილიარდით 229-ე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შარშან პირველად აღმოჩნდა დასახელებული საქართველოს სახელით და წლეულსაც მილიარდერებში ჩვენი ქვეყნის ერთადერთ წარმომადგენლად რჩება. თუმცა აწ უკვე პრემიერ-მინისტრს ქონება შარშანდელზე $1,1 მილიარდით ნაკლებად შეუფასეს. 2012 წელს კი ის 153-ე ადგილზე იყო.
მილიარდერების სიას აშშ ლიდერობს 442 წარმომადგენლით, აზია-წყნარი ოკეანის აუზში 386 მილიარდერია, ევროპაში - 366, დანარჩენ ამერიკაში - 129, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში - 103. სიაში 240 ახალი სახელია. მათ შორის არიან დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, თითოეული $2 მილიარდით, ისინი 736-ე ადგილს იყოფენ კიდევ 47 პერსონასთან (მათი ბიზნესის ისტორია "ეკოპალიტრამ" წინა ნომერში მოგითხროთ).

პირველ ათეულში ახალი სახეები ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები არიან, რომლების მე-6 ადგილს იყოფენ $43 მილიარდით. თითოეული მათგანი წლის განმავლობაში $9 მილიარდით "დამძიმდა". ათეულში შეაღწია ლილიან ბეტანკურმაც, რომელმაც შარშანდელი მარტის $24 მილიარდს კიდევ ექვსი "იარდიც" წაუმატა. მან პირველად გაასწრო თანამემამულე არნოს და საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

"ფორბსმა" ცალკე გამოყო პლანეტის უმდიდრესი 14 ქალბატონის რეიტინგი, რომლებიც საერთო სიის ლიდერთა ასეულში მოხვდნენ. პირველი ათეულის ერთადერთ ქალს, ლილიან ბეტანკურს მე-2 ადგილზე კრისტი უოლტონი და ოჯახი მოჰყვება $28,2 მილიარდით, რომელიც საერთო სიაში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო ქალბატონიც უოლტონია, ოღონდ ელისი, $26,3 მილიარდით (3/16 ადგილი). აღსანიშნავია, რომ საერთო სიის მეორე ათეულში კიდევ ორი მამაკაცი უოლტონია და ამ სანათესავოს საერთო სიმდიდრე რიტეილის კომპანია "უოლ-მარტია". სულ 1426 მილიარდერს შორის 138 ქალია, რაც შარშანდელ შედეგზე 34-ით მეტია.

2013 წლის მილიარდერთა რეიტინგის პირველი ათეული


1. კარლოს სლიმ ელუ და ოჯახი. ქონება - $73 მილიარდი. ასაკი - 73 წელი. შემოსავლის წყარო - კომუნიკაციები. მექსიკა.
2. ბილ გეიტსი. ქონება - $67 მილიარდი. ასაკი - 57 წელი. შემოსავლის წყარო - "მაიკროსოფტი". აშშ.
3. ამანსიო ორტეგა. ქონება - $57 მილიარდი. ასაკი - 76 წელი. შემოსავლის წყარო - Zara. ესპანეთი.
4. უორენ ბაფეტი. ქონება - $53,5 მილიარდი. ასაკი - 82 წელი. შემოსავლის წყარო - Berkshire Hathaway. აშშ.
5. ლარი ელისონი. ქონება - $43 მილიარდი. ასაკი - 68 წელი. შემოსავლის წყარო - Oracle. აშშ.
6-7. ჩარლზ კოხი. ქონება - $34 მილიარდი. ასაკი - 77 წელი. შემოსავლის წყარო - დივერსიფიცირებული. აშშ.
6-7. დევიდ კოხი. ქონება - $34 მილიარდი. ასაკი - 72 წელი. შემოსავლის წყარო - დივერსიფიცირებული. აშშ.
8. ლი კა-შინგი. ქონება - $31 მილიარდი. ასაკი - 84 წელი. შემოსავლის წყარო - დივერსიფიცირებული. ჰონკონგი.
9. ლილიან ბეტანკური და ოჯახი. ქონება - $30 მილიარდი. ასაკი - 90 წელი. შემოსავლის წყარო - "ლორეალი". საფრანგეთი.
10. ბარნარ არნო და ოჯახი. ქონება - $29 მილიარდი. ასაკი - 64 წელი. შემოსავლის წყარო - LVMH. საფრანგეთი.

რედაქტორის რჩევით