"ბიუჯეტი ადმინისტრირების გაუმკაცრებლად სრულდება"
11-03-2013
"ბიუჯეტი ადმინისტრირების გაუმკაცრებლად სრულდება"
"წინა ხელისუფლებამ ლიმონივით გამოწურული ეკონომიკა გადმოგვიგდო"

წლეულს თებერვალში, სალარო აპარატებში ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ შარშანდელი თებერვლის მონაცემს თითქმის 2 მილიონი ერთეულით გადააჭარბა, ბიზნესის ბრუნვა გააუმჯობესდა, კომპანიების გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა, ფასები შემცირდა, ექსპორტი გაიზარდა, ბიუჯეტი კი გადაჭარბებით შესრულდა - ის იმ ინფორმაციის ნაწილია, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყება და სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებდნენ. რამ განაპირობა ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესება იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლების წევრები ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ფინანსურ
კრიზისზე ლაპარაკობდნენ - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ფინანსთა მინისტრს შევხვდით.

ნოდარ ხადური (საქართველოს ფინანსთა მინისტრი): "იანვრისა და თებერვლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული, დაახლოებით 22 მილიონი ლარით. მთავარი კი ის არის, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი და მაღაზიებში ჩეკების ამორტყმისა და ბრუნვის მაჩვენებლის,
ასევე საგრძნობი მატებაა.

წინა ხელისუფლებამ ეკონომიკა ლიმონივით გამოწურა და გადმოგვიგდო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 1,5 მილიარდ ლარზე მეტი გადასახადების სახით წინასწარ არის აკრეფილი. მათი ნაწილი, შესაძლოა, ობიექტურადაა გადახდილი, მაგრამ დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ გადაახდევინეს, რომ ბიუჯეტი შეევსოთ. დღეს ეს მსხვილი კომპანიები, რომელსაც ზედმეტობა აქვთ, ბიუჯეტში აღარ იხდიან თანხას. ამ ფონზეც კი, ყოველგვარი ზედმეტი გამკაცრებული ადმინისტრირების გარეშე, საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით, ჩვენ ვახერხებთ, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და ხარჯების პრობლემა არ შეიქმნება. ვფიქრობ, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება და, წლის განმავლობაში სულ ცოტა, 6%-იანი ზრდა იქნება. ექსპორტის 25%-ით მომატება ძალიან კარგია, მაგრამ მეტის იმედი გვაქვს, მათ შორის რუსეთის მიმართულებით. ასე რომ, 6%-იანი ზრდა შესაძლოა პესიმისტური მაჩვენებელიც კი აღმოჩნდეს.

- ჩეკების თემა ახსენეთ და ოპოზიციამ მაღაზიებში ნისიების რაოდენობის გაზრდაზე მიანიშნა...
- მეგონა, ზურაბ ჯაფარიძე სერიოზული ეკონომისტი იყო. საინტერესოა, სად და ვინ დათვალა ეს ნისიები? "ნაცმოძრაობის" წევრების მსგავსი გამონათქვამები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ მერე თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა. ცხრა წელიწადი იტყუებოდნენ, ოთხი თვის წინაც ცრუობდნენ, ყველაფერი კარგად არისო. ახლაც იტყუებიან, მაგრამ პირიქით, თითქოს ყველაფერი ცუდად არის. ვიცით, რომ ცხოვრების დონე ორ-სამ თვეში ვერ გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ოპონენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ სამ თვეში რეგრესი შეუძლებელი იყო. ნისია კი ერთი წლის წინაც იყო და ათი წლის წინაც.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი გაზრდილია არა რეექსპორტის ხარჯზე; შემცირებულია ჯართის ექსპორტი და მომატებულია, მაგალითად, ციტრუსის - 600%-ით.

- მცირე და საშუალო ბიზნესი ახსენეთ და მთლიან წარმოებაში, მსხვილ ბიზნესთან შედარებით, მათი წილი მაინც ძალიან დაბალია. გაქვთ გეგმა, რომელიც ამ სეგმენტის განვითარებას წაადგება?

- ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის "ქართულ ოცნების" საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება. რატომღაც ეს ყველას გადასახადების განაკვეთების შემცირება ჰქონია. ჩვენ მივდივართ საგადასახადო კოდექსის გამარტივებისკენ, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება ბუღალტერიის მოსაწესრიგებლად. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა. იქმნება საინვესტიციო ფონდები, მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაც. საკმაოდ დიდი სახსრების მობილიზება ხდება მცირე ფერმერების, გლეხების დასახმარებლად.

- საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით თუ არის რამე კონკრეტული შედეგები?
- ფონდი ახლა იწყებს მუშაობას... სოფლის მეურნეობაში უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები, ქვემო ქართლსა და კახეთში დაწყებულია საგაზაფხულო სამუშაოები და ცოტა ხანში სხვა რეგიონებშიც დაიწყება. ამის შედეგი შემოდგომაზე გვექნება, იმედი გვაქვს, რომ მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც შეეხება სუვერენულ და ახალგაზრდულ საინვესტიციო ფონდებს, ისინი უკვე დაფუძნებულია და სახსრების მობილიზება მიმდინარეობს.

- ბიზნესის რამდენიმე სექტორში მონოპოლიების ზემოქმედების შეკვეცა შეინიშნება, რაც, პირველ რიგში, ბაზარზე მცირე მოთამაშეების შემოსვლას აადვილებს. თუმცა არის სექტორები, სადაც მონოპოლიური სუბიექტები ისევე მყარად გრძნობენ თავს, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში...

- მონოპოლიებთან ბრძოლა, უფრო ზუსტად კი კონკურენციის ხელშეწყობა, არ უნდა იყოს სტიქიური და ამას შესაბამისი კანონმდებლობა, ინსტიტუციური ჩარჩოები სჭირდება. სამწუხაროდ, ძველმა ხელისუფლებამ შვიდი წლის წინ ეს ყველაფერი მოსპო და თავიდან გვიწევს იმის შექმნა, რაც მაშინ უკვე არსებობდა. წინა ხელისუფლებამ, კორუფციას ვებრძვითო და ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმა. გამოდის, ქერტლის საწინააღმდეგო საუკეთესო წამალი გილიოტინა ყოფილა - მოჭრი თავს და ქერტლიც აღარ არის, - დაახლოებით ასე მოიქცნენ. დღეს დაძაბული მუშაობა გვიწევს კანონმდებლობის შესაცვლელად, ამაზე მუშაობს საპარლამენტო კომიტეტი, ეკონომიკის სამინისტრო, კონკურენციის სააგენტო... წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ კონკურენციის ხელშეწყობის სამსახურის აღდგენას.
ხელოვნური მფარველობა მონოპოლიებს აღარ აქვთ და რამდენიმე ბაზარზე ეს უკვე თვალში საცემია. გამოჩნდნენ მცირე მეწარმეები, მათ შორის, ნავთობის, მედიკამენტების სექტორში და ვფიქრობ, რომ ეს საბოლოოდ მოიტანს მომხმარებლების უფლებების უკეთ დაცვას, ფასების შემცირებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.

- ეკონომიკური ამნისტიის პროექტი ჩავარდა, თუმცა ძალიან ბევრი მეწარმე ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საგადასახადო სამსახურებმა უსამართლოდ დაარიცხეს ჯარიმა-საურავები და ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს...

- ეკონომიკური ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა დაწერა და კონსტიტუციის დარღვევით შეიტანა საქართველოს პარლამენტში, იყო მოპარული ქონების "გაპრავების" კანონპროექტი, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ. ფული, რომელიც წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ვიღაცების ჯიბეებში ილექებოდა, პრეზიდენტსა და უმცირესობას სურდა, შერჩენოდათ. რაც შეეხება მეორე თემას, ბევრ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს იმის გამო, რომ საგადასახადო კანონმდებლობას თავის გეგმებს არგებდნენ. ოთხი თვეა, სამინისტროში ვმუშაობთ, ამ ხნის განმავლობაში დავების საბჭოში განხილული საქმეების 67% დასრულდა გადამხდელების სასარგებლოდ. ჩვენ სწორედ ასე ვაპირებთ გაგრძელებასა და ყველა კონკრეტული შემთხვევის შესწავლას. არ შეიძლება ხელის ერთი მოსმით გადაწყვეტილების მიღება.

- დავების განხილვის საბჭო იმ საქმეებსაც შეისწავლის, რაზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს?
- მხოლოდ სასამართლოს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა. მაგრამ დავა თუ ფინანსთა სამინისტროს სისტემაშია, და ასეთი ძალიან ბევრია, მზად ვართ ყველა საკითხის ხელახლა განსახილველად.

- რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდით...
- შეხვედრები მქონდა პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საფრანგეთის ბიზნესფედერაციაში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოში, ფინანსთა სამინისტროში, "სოსიეტე ჟენერალში". ბევრი ინფორმაცია აქვთ საქართველოს შესახებ, აპირებენ ჩამოსვლას, ადგილზე ნახვასა და საინვესტიციო პროცესებში მონაწილეობას. საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში ოფისის გახსნას აპირებს. ყველა ეს პროცესი მეტყველებს, რომ საფრანგეთი, და ზოგადად ევროკავშირი, მონდომებულია, საქართველოს მიმართ მიღებული იყოს კარგი საინვესტიციო გადაწყვეტილებები. ვმუშაობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, წლის განმავლობაში პროგრესი ამ თვალსაზრისითაც იქნება მიღწეული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით