"სავახშო ეკონომიკის" საფუძვლები
11-03-2013
"სავახშო ეკონომიკის" საფუძვლები
მევახშეობას სახელმწიფო დაარეგულირებს

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კომერციული ბანკების სესხებით ვერ სარგებლობს - ბანკებისთვის მათი გადახდისუნარიანობა დამაკმაყოფილებელი არ არის. სანაცვლოდ, მევახშეები (კერძო პირები თუ მიკროორგანიზაციები) მათ მაღალპროცენტიან კრედიტებს აძლევენ, თვეში 4-5%-იანი და უფრო მეტი სარგებლითაც. ზოგს გაჭირვება აიძულებს ასეთი ვალის დადებას, ზოგსაც - არასასიამოვნო და სასწრაფო აუცილებლობა. თუმცა მსესხებლები ამით, ფაქტობრივად, ფინანსურ კაბალაში ექცევიან. სადისტურ-ფინანსური "ზღაპარი" ხშირად მთავრდება ცუდად და საბოლოოდ, ადამიანები ბინებსა და სახლებს კარგავენ. ბოლო ოც წელიწადში საქართველოს
იპოთეკური დანაკარგების რამდენიმე მასობრივმა ტალღამ გადაუარა. ამ ტალღებს შორის შედარებითი "სიმშვიდის" პერიოდებშიც, ვახშით უძრავი ქონების დაკარგვა ყოველთვის ხშირი იყო, ხალხმა ამ მიზეზით მეტი ბინა დაკარგა, ვიდრე საბანკო სესხების გადაუხდელობის გამო. თავის მხრივ, პრობლემა საბანკო სესხების სფეროშიც ბევრია, თუმცა სავახშო კაპიტალის მოქმედების შედეგები უფრო თვალში საცემია.

მეორე მხრივ, ვალს ყველა საკუთარი ნებით იღებს. სასწრაფო გადასახდელების გარდა, ზოგიერთი ზედმეტად სარისკო საქმეში ებმება და რეალობას მცდარად აფასებს, ზოგიერთი ოჯახის ქონებას კი უკონტროლო აზარტი იწირავს... არადა, სახელმწიფო ფორმალურად ვერავის დაუშლის ვალის გაცემას ან აღებას. თუმცა მოვლენის ფართო მასშტაბს ის ცალკეული პირების პრობლემიდან საერთო-ეკონომიკური პრობლემის რანგში აჰყავს.

ვალების გამო ჩვენს ქვეყანაში უამრავი უბედურება დატრიალებულა, თვითმკვლელობის მცდელობაც მრავალი იყო. მთავრობაში დაასკვნეს, რომ მევახშეობა უნდა დარეგულირდეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლო გადაწყვეტილებების გამო მოქალაქეთა საკუთარი ბინებიდან გამოსახლებას სამინისტროს საქმიანობის "ყველაზე მტკივნეული ასპექტი" უწოდა. მთავრობა მოსახლეობას საგანგებოდ გააფრთხილებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ და ტელეეთერებში ამ თემაზე სარეკლამო რგოლს დაატრიალებს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და იპოთეკის სამართლებრივი რეჟიმის რეფორმაზე იმუშავებს. მევახშეებს მკაცრი რეგულაციები დაუწესდებათ, რათა სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება ისეთი ადვილი აღარ იყოს, როგორც დღეს არის, შესაძლოა გადაიხედოს ნოტარიუსების როლიც.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი): - მევახშეობის ინსტიტუტმა მართლაც ბევრი პრობლემა შექმნა. ძნელია ურთიერთობა ისეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც ბაზარზე კუსტარულად არიან წარმოდგენილი და ხშირად პატარ-პატარა ჯიხურებშიც კი არიან განთავსებული. ძნელია ურთიერთობა კერძო მევახშეებთან, რომლებიც ასევე ძალიან ძვირად აფასებენ თავიანთ კაპიტალს. წარმოიდგინეთ, ზოგიერთს თვეში არათუ 4-5%, 10%-იც კი აქვს დაწესებული, რაც წელიწადში 120%-ია! თანაც ამ ტიპის სესხებს ძირითადად იღებენ სოციალურად შეჭირვებული ადამიანები, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვთ. მათ ხშირად უწევთ ვალის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით, რომელსაც შემდეგ კარგავენ.

ნებისმიერი ტიპის მევახშეობა, რომელიც არ არის გაფორმებული კონტრაქტით, უკანონოდ ითვლება. ამ სფეროს რეგულაცია განსაკუთრებით ძნელია, იმიტომ რომ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის აღრიცხული და დარეგისტრირებული ეროვნული ბანკის მიერ. თუ ახალი რეგულაციებით მოხერხდება ყველა სუბიექტის ჩარჩოში მოექცევა, ეს საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკსა და მარეგულირებლებს, მათი საქმიანობა აკონტროლონ და მომხმარებელიც გააფრთხილონ, აუხსნან, რა შემთხვევაში როგორ მოიქცეს... დაზარალებული ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია. მართალია, ეკონომიკურ საქმიანობას ვერავის დავუშლით და ვერც პროცენტს დავარეგულირებთ, მაგრამ, უბრალოდ, ადამიანმა უნდა განსაზღვროს შედეგი, რომელიც შეიძლება მის ნაბიჯს მოჰყვეს. ადრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ, მათ შორის მხოლოდ სოლიდურ სუბიექტებს აქვთ გავლილი რეგისტრაცია. ახლა კი ყველა უნდა აღირიცხოს, რაც სწორად მიმაჩნია. კერძო პირებიც უნდა დარეგისტრირდნენ, რადგან რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში აკრძალულია.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში):
- ჩემი აზრით, ე.წ. მევახშეობა ჩვეულებრივი საკრედიტო ურთიერთობაა, რომელსაც არასაბანკო ორგანიზაციები ახორციელებენ. ეს სესხები შინაარსით არაფრით განსხვავდება იმ სესხისგან, რომელსაც კომერციული ბანკი გასცემს. ისინი ბანკების კონკურენტები არიან და ბანკებიც ცდილობენ, უარყოფითი პიარი ააგორონ ამ ბიზნესის წინააღმდეგ. მართალია, სასესხო კაპიტალის ფასი არასაბანკო სფეროში საკმაოდ მაღალია და ხშირად წლიური განაკვეთი 38-40-50%-ია, მაგრამ საბანკო სესხისგან განსხვავებით, აქ გაცილებით მოქნილია პროცედურები, რომლებიც სესხის გაცემას წინ უძღვის. ადამიანი, რომელსაც არ უნდა სესხის ასაღებად ხანგრძლივი საბანკო პროცედურების გავლა, სწორედ ამ ტიპის არასაბანკო არხებიდან იღებს სესხს. ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობაა, მაგრამ თვითონ ხალხი უნდა გაფრთხილდეს. აიღეთ 12%-იანი სესხი, რატომ იღებთ 38%-იანს, თუ იცით, რომ ვერ გადაიხდით? - მგონი, მოსახლეობა კარგად უნდა დაუფიქრდეს ამ კითხვებს. მარტივი შედარება: ბაზარზე არის იაფი პროდუქტებიც და ძვირიც, ვისაც საშუალება არ აქვს, იძულებულია, იაფი შეიძინოს. ფულადი კაპიტალიც პროდუქტია. ეკონომიკურ საქმიანობას კი თანამედროვე სახელმწიფო ვერავის დაუშლის.

მოკლედ

- აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2008-2012 წლებში აღსრულებული საქმეების რაოდენობამ 197 243 საქმე შეადგინა. ციფრი შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა რომ აქ არ ჩანს, საქმეების რა ნაწილი ეხება უძრავ ქონებას.
- 2013 წლის იანვრის ბოლოსთვის, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ანუ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 3 ათასით იყო მომატებული და 78,8 ათასს აღწევდა. რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს ორივე მიმართულებით.

ხათუნა ჩიგოგიძე
david
15 მარტი 2013 21:42
არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რომლებიც "ხიშნიკები" არიან და მათთვის პრიორიტეტულია უძრავი ქონების ფასი და შემდგომ რეალიზაცია, მაგრამ არიან შედარებით "ნორმალურებიც" რომლებზედაც ვერ იტყვი ზემოთ თქმულს, საშინელება არის კერძო მევახშეობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კომერციულ ბანკში გახსნილი საკრედიტო ხაზიდან იღებს 12-13%-იან სესხს და გასცემს 4-5%-ად თვეში და საშუამავლოს იღებს ხშირად 5-12%. დასარეგულეირებელია ეს სფერო კერძო მევახშეობა რასაც პირდაპირ უწყობენ ხელს ზოგიერთი ნოტარიუსი და პოლიციელებიც (ნოტარიუსები კლიენტების დაკერვაში ეხმარებიან პოლიციელები კი გადახდის უუნარო მსესხებლებს ატერორებენ პირდაპირი მნიშვნელობით). მტკივნეული გადაწყვეტილებებია მისაღები და ნაბიჯებია გადასადგამი!!!
xatuna
14 მარტი 2013 12:15
ეს სტატია კი კარგია მარა საბოლოო შედეგი არ ჩანს.ხალხი რას ვიგრძნობთ ვინც ბინების დაკარგვის საშიშროების წინაშე ვდგავართ?

რედაქტორის რჩევით