"300-ლარიანი ბარიერი ბიზნესს ამუხრუჭებს"
11-03-2013
"300-ლარიანი ბარიერი ბიზნესს ამუხრუჭებს"
გადაცემა "ბიზნესფაილი" ყოველ სამშაბათს რადიო "პალიტრასა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია-განვითარებას ემსახურება. მორიგი გამოშვების თემა იყო საფოსტო გზავნილებისა და ამანათების ბიზნესი. საუბრობენ "კამარა ექსპრესის" დირექტორი თეა ზერეკიძე და "გლობალ ტრანსპორტერის" მენეჯერი დავით ბერიშვილი.

თეა ზერეკიძე: - საფოსტო გზავნილებისა და ამანათების ბიზნესმა განვითარება საქართველოში, დაახლოებით, 2003-2004 წლიდან დაიწყო. ბევრს უნდოდა, უცხოეთიდან შემოსული პროდუქტი, ფეხსაცმელი იქნებოდა ეს ტანსაცმელი, პარფიუმერია, ელექტროტექნიკა თუ ავტონაწილები, პირველი ხელიდან, ხელსაყრელ
ფასად შეეძინა. ეს სურვილი და გადამზიდავი კომპანიების შექმნა ამანათების ბიზნესის განვითარების წინაპირობა იყო. ამ საქმით მეც დავინტერესდი, შევქმენი ვებგვერდი და მომხმარებელს პირობები გავაცანი. თავიდან ბევრს ეშინოდა, რომ თანხის გადახდის შემდეგ გამოწერილ ნივთს დაკარგავდა, მაგრამ ნელ-ნელა ნდობა მოვიპოვეთ. ყველას ვურჩევთ, ინტერნეტში გადაამოწმოს ინფორმაცია იმ მაღაზიის სანდოობის
შესახებ, საიდანაც პროდუქტის გამოწერას აპირებს. რეკომენდაციას არასდროს ვუწევთ ჩინურ მაღაზიებს. თუ მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქტი არ ჩამოუვა ან მის ნაცვლად სხვა პროდუქტს მიიღებს, ზარალს ვანაზღაურებთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველაზე გამოცდილ სატვირთო ავიაკომპანია "კარგო ლუქსთან" და ვიცით, რომ ამანათები საიმედო ხელშია. გამონაკლისი რომც მოხდეს და ტვირთი დაიკარგოს, კლიენტი მაინც არ დაზარალდება, დანაკარგზე პასუხს ჩვენ ვაგებთ.

დავით ბერიშვილი:
- ჩვენი ბაზარი სხვა ქვეყნებთან შედარებით პატარაა, თუმცა გარემო საკმაოდ კონკურენტულია. ამანათების იმპორტირებას დაახლოებით ათი კომპანია ახდენს. ტარიფები ძირითადად სტანდარტულია, კონკურირებას აქციებითა და მუდმივი კლიენტების წახალისებით ვცდილობთ. პრობლემა იქმნება, როდესაც ბაზარზე ახალი, გამოუცდელი კომპანია ჩნდება და დაბალი ფასებით თავის დამკვიდრებას ცდილობს. ის მოგვიანებით ხვდება, რომ ხარჯი მეტი აქვს, ვიდრე შემოსავალი და მუშაობას აჩერებს, მაგრამ ამასობაში ბაზარზე ვითარებას აფუჭებს. სახელმწიფო ბიზნესის განვითარებისთვის ხელს გვიწყობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ 300 ლარამდე ღირებულების ტვირთი არ ექვემდებარება განბაჟებას. ეს მომხმარებელს დისკომფორტს უქმნის. ის გამოსავალს ეძებს და პოულობს კიდეც: გამოიწერს ერთ ამანათს, დაელოდება ჩამოსვლას და შემდეგ იწერს მეორეს. 1500 ლარის საქონლის შემოტანა მაინც რომ შეიძლებოდეს განუბაჟებლად, ეს მომხმარებელსაც სასიკეთოდ წაადგებოდა და ჩვენთვისაც უკეთესი იქნებოდა. იმედია, ეს საკითხი ადრე თუ გვიან მოგვარდება.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით