ერთი ბიზნესის ორი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

ერთი ბიზნესის ორი სიცოცხლე

წლების წინ წარუმატებლად დაწყებული საქმე გამოცდილებად იქცა და სარფიან წამოწყებას დაუდო საფუძველი. გასტრონომია "იტალიანას" საქართველოში იტალიური კვების პროდუქტები შემოაქვს და ყიდის. კომპანია ბაზარზე ჯერ მხოლოდ ერთი თვეა არსებობს, მაგრამ მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მცირე ბიზნესმა ე.წ. პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. გასტრონომია "იტალიანას" წარმომადგენელს გასულ კვირას რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV-"-ის ეთერში გადაცემა "ბიზნესფაილმა" უმასპინძლა.

ნინო კილასონიძე (გასტრონომია "იტალიანას" დამფუძნებელი): "ბიზნესში პირველად 1998 წელს შევაბიჯე. მაშინაც და ახლაც იტალიელი კომპანიონი მყავს და მასთან ერთად გადავწყვიტე თბილისში იტალიური სამზარეულოს პოპულარიზაცია. აბანოთუბანში, ჭრელი აბანოს გვერდით, ტრატორიის ტიპის იტალიური რესტორანი გავხსენით და "მამა როზა" დავარქვით. დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ ასეთი რესტორნის გახსნა ადგილობრივი ბაზრისთვის ცოტა ნაადრევი იყო. ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები იყვნენ და იმ დროის იმდენი უცხოელი ნამდვილად არ იყო, რომ რესტორანს სრული დატვირთვით ემუშავა. ამ გადასახედიდან, მაშინ პიცერია უფრო გაამართლებდა, რაც შემდეგ ბაზრის ამ მიმართულებით განვითარებამაც დაადასტურა.

"მამა როზამ" ცოტა ხანს იარსება და დაიხურა. მას შემდეგ დრო გავიდა, ადგილობრივი ბაზარი შეიცვალა, მომხმარებელიც უფრო გათვითცნობიერებული გახდა და გადავწყვიტეთ, იტალიური სამზარეულოს ბიზნესისთვის მეორე შანსი მიგვეცა. თბილისში, ჯერ მხოლოდ საცდელად, იტალიაში წარმოებული პროდუქტის პატარა მაღაზია გავაკეთეთ. პირველ რიგში შემოვიტანეთ კარგი ძეხვეული, რაც საქართველოში, ვფიქრობ, დეფიციტურია. გასტრონომია "იტალიანას" ასორტიმენტი იტალიური ყველის ნაირსახეობებით გავამდიდრეთ. აქვე უნდა გითხრათ, რომ თუ იტალიიდან 30 სახეობის ძეხვეული შემოგვაქვს, მხოლოდ 15 სახეობის ყველის იმპორტს ვაწარმოებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველოში, ქართული ყველის ბევრი კარგი სახეობა გვაქვს. იტალიიდან ასევე შემოგვაქვს იტალიური "პასტა" ანუ მაკარონი, ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა სახის სოუსი, სულ 200-მდე დასახელების პროდუქტი.

მომხმარებელს ნამდვილად არ ვუჩივით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც ბაზარზე ვართ. მაღაზიაში მოდიან როგორც იტალიური სამზარეულოს გურმანები, ასევე ისინი, ვისაც ახლა სურს შეიცნოს იტალიური კულინარია. მათ ჩვენი კონსულტანტები ეხმარებიან, აძლევენ რჩევას, რომელი პროდუქტი რა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება, რა რასთან და როგორ მივირთვათ და სხვ. სხვათა შორის, მაღაზიის გახსნისას, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოწვეული გვყავდა იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც ჩვენს კონსულტანტებს ტრენინგი გაუმართა და რამდენიმე დღე თავად ემსახურებოდა მომხმარებელს.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ ბიზნესის განვითარებაზეც ვფიქრობთ. იმის მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა იტალიურ პროდუქტზე, შესაძლოა, ადგილობრივად მცირე წარმოებაც გავხსნათ, სადაც იტალიურ ცომეულს ვაწარმოებთ.

პროდუქციის უმეტესობა, რომელიც იტალიიდან ჩამოგვაქვს, მალფუჭებადია, ამიტომ ხარისხის შენარჩუნება და შენახვის პირობების ზედმიწევნით დაცვა ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა. პირველ რიგში ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამციროთ ტრანსპორტირების ხანგრძლივობა და პროდუქცია თვითმფრინავით ჩამოგვაქვს. იქ შენარჩუნებულია კონკრეტული პროდუქციის შენახვისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი. ფასებს რაც შეეხება, ჩვენი პროდუქცია "პრემიუმ" კატეგორიას ეკუთვნის და ფასიც შესაბამისი აქვს. მაგალითად, 1 კგ ყველის ან ძეხვეულის ფასი იწყება 22 ლარიდან და 120 ლარსაც კი აღწევს. გვაქვს ასევე ექსკლუზიური პროდუქტი, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე სხვა სავაჭრო ქსელში ვერ ნახავთ".

გიორგი აბაშიშვილი ("ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მკვლევარი): "კონკრეტულ სამომხმარებლო სეგმენტზე გათვლილი ბიზნესის წარმოება ხშირად ამართლებს და ამის ბევრი კარგი მაგალითი არსებობს. ვფიქრობ, ცნობადობის ზრდისთვის ამ კომპანიას სწორედ კონკრეტულ სამომხმარებლო სეგმენტზე გათვლილი სარეკლამო კამპანიის წარმართვა სჭირდება. ეს შესაძლოა იყოს როგორც ინტერნეტრეკლამა სოციალურ ქსელებში, ან სხვა თემატური ვებგვერდების საშუალებით, ასევე რადიორეკლამა, რომლის მსმენელი ძირითადად საქმიანი ადამიანები არიან. ამგვარი მიდგომა საგრძნობლად გაზრდის გასტრონომია "იტალიანას" მომხმარებელთა რაოდენობას. ზოგადად თბილისის ბაზარს ახასიათებს ერთი საინტერესო ტენდენცია: კონკრეტულ მიზნობრივ სეგმენტზე გათვლილი კარგი პროდუქციის შესახებ ხმა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ამ შემთხვევაში კომპანიამ არჩევანი ხარისხზე გააკეთა და არ ღირს გაყიდვების თვალსაზრისით შედარება იმ კომპანიებთან, ვისთვისაც ბიზნესის მთავარი ნიშა დაბალი ფასია. გასტრონომია "იტალიანამ" სხვა სამომხმარებლო სეგმენტთან მისასვლელი გზები უნდა ეძებოს. წარმატებისკენ მიმავალი ეს გზა ცოტა შორია, მაგრამ სტაბილური. რაც შეეხება ევროკავშირის ბრენდ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას, რომელსაც "იტალიანა" მომხმარებელს სთავაზობს, მათ მიმართ ნდობა, ხარისხის თვალსაზრისით, ძალიან მაღალია".