პოლ გალვინის ტოტალური "მობილიზაცია"
18-03-2013
პოლ გალვინის ტოტალური "მობილიზაცია"
როგორ გამოვიდა პირველი მობილური ტელეფონები

"მოტოროლას" დამაარსებელი პოლ გალვინი მარკეტინგის ანაბანას მოსწავლეობისას, სადგურზე პოპკორნის გაყიდვის დროს ეუფლებოდა. ორჯერ გაკოტრებაც მოასწრო, თუმცა მიაგნო საკუთარ ბიზნესსტრატეგიას - პორტატული და ძალიან იაფი ელექტრონიკის გაყიდვას - და წარმატებასაც მიაღწია.

პოლ გალვინი 1895 წლის 29 ივნისს ჰარვარდში, ილინოისის შტატში დაიბადა. საკუთარ ფულს "გემო" ყმაწვილობაშივე გაუსინჯა. ვიდრე მისი ტოლები სკოლის მერხებს უსხდნენ, 13 წლის პოლი ბატიბუტს ჰყიდდა ქალაქის სადგურზე, სეზონის მიხედვით კი ბატიბუტს ჰამბურგერი ან ნაყინი
ცვლიდა. სადგურზევე გაეცნო ბიჭი თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ საფუძველს, სახელმწიფო რეგულაციას - გალვინის ერთ-ერთი "კოლეგა", სადგურის ზედამხედველებს რომ გაჰქცეოდა, კინაღამ მატარებელს ჩაუვარდა...

პოლი 1914 წელს უნივერსიტეტში შესვლამდე, "თავის" ადგილას ვაჭრობდა. ბაკალავრობის მიღების შემდეგ გალვინი ამერიკის არმიაში მოხვდა და ორი წლით პირდაპირ ფრონტზე გაუშვეს ევროპაში. კაპიტნის ჩინით
სამშობლოში დაბრუნებულმა აკუმულატორების ქარხანაში დაიწყო მუშაობა. პოლი საკუთარი საქმის წამოწყების ჟინმა შეიპყრო, მით უფრო, რომ ოჯახსაც მოეკიდა.

პირველი გაკოტრებები

გალვინმა თავის კოლეგა ედვარდ სტიუარტთან ერთად ბატარეების მწარმოებელი კომპანია შექმნა, თუმცა "სტიუარტ-გალვინ ბატერი კომპანიმ" მხოლოდ სამ წელიწადს იარსება და ის მთავრობამ გადასახადების გადაუხდელობის გამო დახურა. სამი წლის შემდეგ, ძველ პარტნიორთან ერთად, პოლმა წარმოება განაახლა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ორი წლით... გალვინი არ ნებდებოდა. უკანასკნელი $750-ით მან აუქციონზე ქსელური კვების წყაროების მწარმოებელი დანადგარი იყიდა. რადგან მეტი ცენტიც არ ებადა, უმცროსმა ძმამ ჯოზეფმა აქტივებს $565 შემატა. ასე მოევლინა ქვეყანას 1928 წელს კომპანია "გალვინი".

1920-იან წლებში ამერიკელებს ორი ნივთი ასულდგმულებდათ - ავტომობილი და რადიო. თუმცა მათი "ნაერთი" წარუმატებელი იყო: გენერატორისა და ჩართვის სისტემის გამო რადიო მანქანაში ძალიან ცუდად მუშაობდა და გადაცემის მოსასმენად ძრავა უნდა გამოგერთო. ძალიან მყიფე იყო რადიოლამპები. მოკლედ, რადიო და მანქანა ერთმანეთს იმდენად ვერ "ეწყობოდნენ", რომ როცა ინჟინერმა უილიამ ლეარმა პოლ გალვინს ავტორადიოს შექმნა შესთავაზა, გალვინმა უარით უპასუხა. თუმცა ნიუ-იორკში ყოფნისას მან განცხადებაში წაიკითხა, რომ $240-ს გადაიხდიდნენ გადაკეთებული რადიომიმღების მანქანაში ჩამონტაჟებისთვის. გალვინი მიხვდა, რომ ამ საქმეს "დიდი ფულის სუნი" ასდიოდა - მაშინ მანქანა $650 ღირდა. პოლს ინჟინერ ლეარის წინადადება სასაცილოდ აღარ ეჩვენებოდა. ჩიკაგოში დაბრუნებულმა, თანამშრომლებს ამოცანად დაუსახა $240-ზე იაფი ავტორადიოს შექმნა. ეს პოლის მმართველობის სტილი იყო.

გალვინი მეწარმის ალღოთი გრძნობდა, რომ საუკეთესო რეკლამა იქნებოდა სიახლის ჩვენება რადიომიმღებების მწარმოებელთა ასოციაციის ყრილობაზე. ახალი ავტორადიოს დემონსტრირებაში მისი მეუღლე ვირჯინიაც მონაწილეობდა. აპარატი მხოლოდ $110 ღირდა... ზოგი იმასაც კი ეჭვობდა, რომ რადიო მანქანის ძრავას დააზიანებდა, თუმცა პოლმა რამდენიმე შეკვეთა მაინც მიიღო. იმ 1930 წელს კომპანიის გაყიდვამ $287 ათასს მიაღწია, თუმცა $37450-ის ზარალი მაინც იყო. გალვინისთვის ეს ბოლო ზარალი გახლდათ. რადიოს მასობრივ წარმოებამდე, გალვინმა მისთვის სავაჭრო სახელი მოიფიქრა. სიტყვა "მოძრაობას" (ინგლისურად მოტიონ) მიუსადაგა მაშინ პოპულარული საოჯახო რადიომიმღების მარკა Victrola და პროდუქცია ბაზარზე Mოტოროლა-ს მარკით გამოვიდა.

უოკი-ტოკი

1936 წლისთვის რადიომიმღები ამერიკელთა ოჯახების ნახევარში იყო. გალვინმა ახალი ბაზრის ძიება დაიწყო. ამ წელს ევროპაში დასვენებისას არმიული რაციების შექმნის იდეა დაებადა. ახალი გერმანული ავტობანების ნახვისას გალვინი მიხვდა, რომ ეს გზები მხოლოდ საავტომობილო კი არა, სამხედრო ტექნიკის სამოძრაოდაც იყო განკუთვნილი. შვებულებიდან ის დაბრუნდა რწმენით, რომ ევროპაში მალე ახალი ომი დაიწყებოდა. მან თავის ინჟინრებს ახალი ამოცანა: არმიისთვის ახალი რადიოს შექმნა დაუსახა. იმ დროისთვის მსოფლიოს არმიებში რადიოსადგურებს იყენებდნენ, იგი გაჭირვებით თავსდებოდა ზურგჩანთაში, თანაც ან უნდა გელაპარაკა, ან გესმინა. პოლმა ამერიკული ჯარისთვის დუპლექსური რადიოკავშირის (როგორც ტელეფონის) შექმნა გადაწყვიტა. 1940 წელს მან კომპანიაში მიიწვია პროფესორი დენიელ ნოუბლი, რადიოკავშირის სფეროში მოდულაციური სიხშირისა და ნახევარგამტარული ტექნოლოგიების კვლევების პიონერი. იმავე წელს დასრულდა მუშაობა არმიის რაცია Handie-talkie-ზე. ახალმა ხელსაწყომ კომპანიას ახალი სამხედრო შეკვეთები მოუტანა. მეორე მსოფლიო ომის წლებში "გალვინის" უმსხვილესი დამკვეთი არმია იყო...

1943 წელს კომპანიამ არმიისთვის პორტატული რაცია ჭალკიე-ტალკიე გამოუშვა. იგი ჯიბის რაციების წინამორბედად იქცა. კიდევ დიდხანს, ყველა სახის ჯიბის რაციას უოკი-ტოკის ეძახდნენ. ომის დროს კომპანიამ 130 ათასი ასეთი რაცია გამოუშვა. როცა 1942 წელს აშშ-ის მთავრობამ სამოქალაქო პირებისთვის ავტომობილების წარმოება აკრძალა, კომპანიის შემოსავალი სამხედრო შეკვეთების წყალობით არ შემცირებულა, პირიქით, 1944 წელს გაყიდვა $80 მილიონამდე გაიზარდა. პოლს არ დავიწყებია, რომ ომი უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა, ამიტომ კომპანიის საწყობში დარჩენილი 125 ათასი ავტორადიო საოჯახო რადიომიმღებად გადაკეთდა და გასაყიდად გავიდა.

მამა და შვილი

ომი დასასრულს უახლოვდებოდა და პოლ გალვინიც, კომპანიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად რამე ახალ პროდუქტს ეძებდა. 1943 წელს მისი ყურადღება ტელევიზიამ მიიპყრო. პირველი ტელევიზორი აშშ-ში 1939 წელს "ამერიკის რადიოკორპორაციამ" დაამზადა. ეკრანის დიაგონალი 25 სმ იყო, აპარატი $300 ღირდა. გალვინმა თავის ინჟინრებს დაავალა, შეექმნათ 17,5 სმ-იანი ტელევიზორი, მაგრამ გაცილებით მსუბუქი და იაფი. 1947 წელს ტელევიზორი "ოქროს მზერა" მზად იყო. პოლმა თანამშრომლებს წარმატება მიულოცა და განაცხადა, რომ აპარატი $179,95 ეღირებოდა, რაც ერთ-ერთმა მენეჯერმა გააპროტესტა - ასეთი ფასი გაყიდვას წამგებიანს გახდისო. გალვინმა მას თავისი "საფირმო" დამბუგველი მზერა სტყორცნა და უპასუხა: "მე ფასი დავასახელე, თქვენ კი ასეთ შედეგს უნდა მიაღწიოთ".

პოლის დაწესებულმა ფასმა ტელევიზორი მართლაც რომ მასობრივ პროდუქციად აქცია. პირველსავე წელს 100 ათასი ტელევიზორი გაიყიდა, 1950 წელს გაყიდვამ $177 მილიონს მიაღწია და იაპონელ კონკურენტებსაც არ უდებდა ტოლს. 55 წლის პოლ გალვინმა დაიწყო ერთადერთი ვაჟის, რობერტის საქმის გამგრძელებლად მომზადება. 26 წლის რობერტი 1948 წელს "მოტოროლას" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 1953 წელს კი - პრეზიდენტი. მამა სიცოცხლის ბოლომდე თვალყურს ადევნებდა შვილის მუშაობას. პოლ გალვინი 1959 წელს გარდაიცვალა და დატოვა კომპანია $225-მილიონიანი წლიური ბრუნვით. "მამას კომპანიის განვითარების კარგად გათვლილი გეგმა არასდროს ჰქონია. ბუნებით იმპროვიზატორი, ახალ-ახალ შესაძლებლობებს პოულობდა", - თქვა ბობ გალვინმა მამის შესახებ.

აპარატების "პირველაღმომჩენი"

1940 წლის არმიული რაცია ჰენდი-ტოკი 2 კგ-ს იწონიდა, მისი შემცვლელი უოკი-ტოკი გაცილებით მინიატურული იყო და ორჯერ მეტ მანძილზეც მოქმედებდა. 1956 წელს "მოტოროლამ" მსოფლიოში პირველი პეიჯერი გამოუშვა, რომლითაც ჯერ საავადმყოფოების პერსონალი და მენეჯერები "შეიარაღდნენ", შემდეგ კი ყველა, ვისაც სურდა, ადვილად დაკავშირებოდა - მღვდლებით დაწყებული, გამოსაძახებელი გოგონებით დამთავრებული.

1970 წლისთვის ფირმამ ბევრისთვის მოულოდნელად ტელევიზორების წარმოება შეწყვიტა და მიკროპროცესორებზე, მოდემებზე, თანამგზავრული სისტემების წარმოებაზე გადაერთო, აგრეთვე დაიწყო მუშაობა მობილურ ტელეფონზე. მოგვიანებით მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება ბიზნესის სახელმძღვანელოებში შევიდა. ათ წელიწადში, 1980 წლისთვის, ფირმის ბრუნვა $796-დან $3,1 მილიარდამდე გაიზარდა. 1983 წელს კი $100 მილიონის დახარჯვის შემდეგ "მოტოროლამ" მსოფლიოს ახალი საოცრება - მობილური ტელეფონი წარუდგინა. მარტინ კუპერის შექმნილი პირველი აპარატი Motorola DynaTAC-ი 1 კგ-ს იწონიდა. ერთ წელიწადში უკვე რამდენიმე ასეული ფიჭური ქსელი მუშაობდა. თუმცა წარმოების პიონერს საბოლოოდ ინტეგრალური სქემების ბიზნესში "ინტელმა" გაასწრო, ხოლო მობილურების ბაზარზე - "ნოკიამ". პოლ გალვინის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, როცა 1969 წელს ასტრონავტებმა პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე, ნილ არმსტრონგის ხმა დედამიწელებმა მკაფიოდ გაიგონეს - მთვარის მოდულზე დაყენებული "მოტოროლას" აპარატურის წყალობით.

ფირმა 2011 წლის იანვარში ორ დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად გაიყო. "ფორბსის" ბოლო, 2012 წლის აპრილის 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის რეიტინგში Motorola Solutions-ი 647-ე ადგილზეა, $16,07-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და 22 ათასი თანამშრომლით. Motorola Mobility კი 1098-ე ადგილზეა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $11,83 მილიარდია და 20,5 ათასი თანამშრომელი ჰყავს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით