რამდენად რეალურია საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენება?!
25-03-2013
რამდენად რეალურია საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენება?!
ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის მოწინავე ქვეყნების (ფინეთი, ირლანდია, სინგაპური, ჰონკონგი, სამხრეთი კორეა...) გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ ქვეყნებმა თვალში საცემ წინსვლას მეცნიერებასა და განათლებაზე დამყარებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებით მიაღწიეს. გადაწყდა, რომ ამგვარი ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბება საქართველოში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა იქცეს. ინოვაციათა შესწავლისა და განვითარების საბჭო პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საბჭო ყველა ინოვაციურ წინადადებასა და სამეცნიერო ნაშრომს განიხილავს.

ინოვაცია დანერგილი სიახლეა, რომელიც ხარისხობრივად აუმჯობესებს საწარმოო პროცესებს, პროდუქციის ხარისხს და რომელსაც ბაზარი ითხოვს.
ინოვაციური ეკონომიკა კი ინოვაციების ნაკადს ეფუძნება - მუდმივ ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, მაღალტექნოლოგიური პროდუქციისა და თვით ტექნოლოგიების ექსპორტს. შემოსავლის უმეტესი ნაწილი ნოვატორთა და მეცნიერთა ინტელექტს მოაქვს და არა ინდუსტრიულ წარმოებებს ან კაპიტალის კონცენტრაციას. ამგვარი მიზნის დასახვა საკმაოდ თამამი და ამბიციური განაცხადია.

ზურაბ ტყემალაძე (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის
კომიტეტის თავმჯდომარე):
- ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა აუცილებლად მიგვაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა. დაიზოგება წარმოების ხარჯები, გაიზრდება შრომის ნაყოფიერება... საამისოდ საქართველოს ძალიან კარგი რესურსი აქვს, რომლის გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია. ინოვაციათა შესწავლისა და განვითარების საბჭოს ხელმძღვანელად თემურ მაისურაძე დავნიშნეთ, რომელიც ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც გახლავთ. მას ბევრი საინტერესო გამოგონება აქვს დაპატენტებული საქართველოში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

თემურ მაისურაძე (ინოვაციური ეკონომიკის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი): - ბოლო წლებში საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე, სამწუხაროდ, აღარავინ ზრუნავს. ქართველი გამომგონებლების ნაშრომები დიდი წარმატებით ინერგებოდა და ინერგება საზღვარგარეთის ქვეყნებში. მსგავსი რამ ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა, მაგალითად, მე და ჩემმა ძმამ გამოვიგონეთ ავტომობილის მბრუნავი ფარები. ეს გამოგონება შემდეგ წარმატებით გამოიყენეს იაპონელებმა. საქართველოშია გამოგონებული ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც შემდეგ წამყვანმა საავტომობილო კომპანიებმა დანერგეს. საქართველო ვერ იყენებდა ამ დიდ პოტენციალს და ავტორებიც იძულებული ხდებოდნენ, თავიანთი სიახლეები იდეის დონეზე, ძალიან იაფად გაეყიდათ. განვითარებულ ქვეყნებში კი ლიცენზიები იყიდება და ამით სახელმწიფოც დიდ სარგებელს ნახულობს. სურვილი მაქვს, საქართველოში დადგეს დრო, როცა ქვეყანა თავისი ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებას შეძლებს.

საბჭოთა პერიოდში გამოგონებათა რიცხვი საქართველოში ხუთჯერ მეტი იყო, ვიდრე 1990 წლის შემდეგ. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა, 2007 წელს თუ 250-მდე გამოგონება აღირიცხა, ახლა ეს რიცხვი 140-მდე დავიდა. კიდევ ერთ მაგალითი: აშშ-ში მხოლოდ უნივერსიტეტებში დაპატენტებული გამოგონებებით ამ სასწავლებლებს დაახლოებით $2,3 მილიარდის შემოსავალი აქვთ, ხოლო საწარმოებისთვის მოცულობა ასეულობით მილიარდს უტოლდება. საქართველოში კი უნივერსიტეტებს საერთოდ არ აქვთ პატენტები და განაცხადების 98% ფიზიკურ პირებზე მოდის... თუ საბჭოთა კავშირში პირველი ვიყავით, ახლა მხოლოდ ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს ვუსწრებთ.

სომხეთსა და აზერბაიჯანშიც უკეთესი მდგომარეობაა, არადა, ამ ქვეყნებს ყოველთვის ვუსწრებდით. არა მხოლოდ ჩვენი საბჭო, პარლამენტი და მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ დიდ საქმეში - სწორედ ეს იქნება ჩვენი სამუშაო გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანი.

დღევანდელ მსოფლიოში ინდუსტრიული ეკონომიკა უკვე შეცვალა ინოვაციურმა. ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ. ამისთვის არსებობს შესაბამისი ფონდები. როგორც წესი, საინტერესო ინოვაციებს კერძო პირებიც აფინანსებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებიც. როცა პატენტი იყიდება, ამით სახელმწიფოც გვარიან მოგებას იღებს - იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და სხვ. ახლავე რომ დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა, ჩემი აზრით, სამ-ოთხ წელიწადში უკვე ვიგრძნობთ პირველ შედეგებს. ინოვაციური ეკონომიკა წყალივით და ჰაერივით გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ყოველთვის მაჩანჩალა ეკონომიკის ქვეყნად დარჩება.

ვაჟა ბერიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში):
- ყველა მოწინავე ქვეყნის ეკონომიკა დაფუძნებულია ახალ ცოდნაზე, ახალ ხედვებზე, ახალ ტექნოლოგიებზე. მომავალი მხოლოდ იმ ქვეყანას აქვს, რომელიც ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას განავითარებს. შეგახსენებთ - ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმიანა და მერე რატომღაც ამ იდეის განხორციელება ბენდუქიძეს გადაულოცა. თუმცა მთავარი ის არის, რომ ინოვაციური ეკონომიკის შექმნის იდეა სახელმწიფო რანგშია აყვანილი. ეს გზა აირჩია ყველა ქვეყანამ, რომელთა მიღწევებიც შთამბეჭდავია, მათ შორის, ომის შემდგომმა იაპონიამ და კონსერვატიულმა ინგლისმაც. რაც უფრო ადრე დაიწყება ინოვაციური ეკონომიკის რელსებზე გადასვლა, მით უკეთესი. ვფიქრობ, ხუთი-ათი წელიწადია საჭირო ქვეყნის დასაფუძნებლად ინოვაციურ მიდგომებზე. ახლახან გამოქვეყნებულ გაეროს კვლევაში საქართველო, ადამიანური რესურსების მხრივ, განვითარების მაღალი დონის მქონე ქვეყნებს მიაკუთვნეს. ჩვენი მეცნიერების დონე ბოლო წლებში დაკნინდა და ქვეყნიდან უამრავი ნიჭიერი, პერსპექტიული ადამიანი წავიდა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ინტელექტუალური შესაძლებლობები გაეროში აღიარეს. ჩვენი მეცნიერები თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობენ და დიდ წარმატებებს აღწევენ, საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი, რომ ინოვაციური ეკონომიკის გზას დაადგეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
leri
01 აპრილი 2013 02:37
ჩვენ გვაქვს უნიკალური ინოვაციური ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში, სამწუხაროდ არც ძველ და არც ახალ მთავრობას ეს არ აინტერესებს. ერთ-ერთი მათგანი არის სასუქ-პრეპარატი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან იგი ერთდროულად არის:სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალება, ნიადაგის გამაუმჯობესებელი,იმუნიზატორი, სტრესების მომხსნელი და ა.შ.ამავე დროს იგი არის უდიდესი რესურსო დამზოგველი და ეკოლოგიურად უსაფრთხო. შედარებისათვის გეტყვით, მცენარეთა გამოკვებისათვის 1 ჰექტარზე საჭიროა 70 ტონა ტორფი, ამ რაოდენობით კი შესაძლებელია იმდენი სასუქის წარმოება, რაც საკმარისია 100000 ჰექტარის გამოსაკვებად. კახეთის დაზიანებული ვენახების აღსადგენად 2-3 მილიონი ლარის სასუქის შეტანა იყო საკმარისი რომ ვენახები წელსვე აღდგენილიყო.
ლექსო
30 მარტი 2013 11:33
ქართველ მეცნიერებს მართლაც გააჩნიათ დიდი სამეცნიერო პოტენციალი, მაგრამ საზღვარგარეთ მუშაობენ. მეც იძულებული ვარ საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ვიმუშაო და ჩემი გამოგონებები მათ გადავცე. ბატონ ბიძინას მოვუწოდებ მარტო აკადემიკოსებს ნუ აფინანსებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არაფრის მაქნისია და ახალგაზრდა მეცნიერებს მიაქციოს ყურადღება
qiziyeli
29 მარტი 2013 07:24
როგორ და რა უნდა გაკეთდეს, იქნებ ეს დაგეწერათ

რედაქტორის რჩევით