რატომ არ მცირდება ბენზინის ფასი - კვირის პალიტრა

რატომ არ მცირდება ბენზინის ფასი

კონკრეტული ჯგუფების ინტერესები თუ კონკურენციის დეფიციტი?!

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი შემცირდა ლონდონში დაახლოებით $10-ით ($108,52-მდე/ბარელზე), ხოლო ნიუ-იორკში $5-ით ($92,52-მდე /ბარელზე). თუმცა წლის დასაწყისიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე საპირისპირო ტენდენცია შეინიშნებოდა, ნავთობის ფასი მხოლოდ იმატებდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი Pლატტს-ის მონაცემებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ნავთობის ფასის კლების შესაბამისად, შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე. დღეს საქართველოში ბენზინის საშუალო ფასი 2,10-2,20 ლარს შორის მერყეობს, დროდადრო ღირებულება 5-10 თეთრით მცირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ წლევანდელი 13 თებერვლის მდგომარეობით, ბენზინის ფასი $973-ს შეადგენდა ტონაზე. მათივე თქმით, საწვავის ფასის კორექტირება დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე სტატუს კვოს შენარჩუნებასა და მაღალ ფასად შეძენილი პროდუქციის შედარებით დაბალფასიანით ჩანაცვლების ვადაზე. "საქსტატის" მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 2013 წლის იანვარ-თებერვალში ბენზინის ფასი 2,6%-ითაა შემცირებული.

ბენზინის ფასის რეალურ კლებას ანტიმონოპოლიური სამსახურის გააქტიურება შეუწყობს ხელს, - ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამ განცხადებით ხაზი გაუსვა, რომ საწვავის გაიაფებისთვის მთავარია კონკურენციის ხელშეწყობა არა მხოლოდ საწვავის იმპორტიორებს შორის, არამედ ზოგადად ქართულ ბაზარზე. "ანტიმონოპოლიური სამსახური დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია. საქართველოს პარლამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე. ამ ინსტიტუციური პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, ვფიქრობ, წინსვლა კიდევ უფრო დიდი იქნება", - განმარტა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ბენზინის ფასის კლებას რეალურად მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე და ამბობს, რომ ერთი შეხედვით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, რომ საქართველოში კონკრეტული ჯგუფები ამ ბიზნესით დაინტერესდნენ, რის შედეგადაც კონკურენცია გაიზრდება. თუმცა აღნიშნული საქმის წამოსაწყებად საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო, ქართული ბანკები კი შესაბამის კრედიტებს არ იძლევა. დემურ გიორხელიძეს ასევე დიდ პრობლემად მიაჩნია აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა. "ეს არის რამდენიმე მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი კომპანია ბაზარზე ვერ შემოდის. ის ვერ შეძლებს რეალური კონკურენციის გაწევას იმ მონოპოლიური ჯგუფებისთვის, რომელთაც ამ ბაზარზე უკვე რამდენი წელია, ფეხი მყარად აქვთ მოკიდებული", - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარი ჯერ ისევ მონოპოლისტების ხელშია, რომლებიც ბენზინზე ფასს არ შეამცირებენ.

"თავისუფლად შეიძლება, ბენზინი 1,60 ლარი ღირდეს. ამის დასტურად შემიძლია შემოგთავაზოთ ერთგვარი ექსპერიმენტი - გადავიდეთ აზერბაიჯანში და იქ ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე შევიძინოთ ბენზინი, ჩამოვიდეთ საქართველოში და აქ საბაჟოზე გადავიხადოთ ყველა ის გადასახადი, რასაც ბენზინის შემოტანისას ეს კომპანიები იხდიან, ამას დავუმატოთ საკმაოდ სოლიდური მოგება და ვნახავთ, რომ მისი ფასი 1,60 ლარს არ გადააჭარბებს", - განმარტავს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტი საშიშროებას ახალი ხელისუფლების სხვადასხვა წრეშიც ხედავს და აცხადებს - ეს იმდენად მომგებიანი ბიზნესია, რომ განსაზღვრული სახის ცდუნებას არ გამორიცხავს. "შესაძლოა, ვინმემ ძალიან უპასუხისმგებლოდ ახსენოს რომელიმე მინისტრის გვარი და ამით ისარგებლოს. ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს ჩემი ანალიზი და რამდენიმე ინფორმაცია, რომლებსაც ამ ეტაპზე არ დავაკონკრეტებ. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, არსებობს რეალური საფრთხე, ამ ბიზნესში წილები ხელახლა გადანაწილდეს", - დასძენს დემურ გიორხელიძე, რომელიც უფრო კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნებას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც დაზუსტებული ცნობები ექნება.

ბენზინის ფასებთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიას კომენტარი ვთხოვეთ. "გალფისა" და "ლუკოილის" ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბენზინის ფასები თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე. რაც შეეხება ექსპერტის მოსაზრებას წილების ახალ გადანაწილებაზე, ამას ორივე კომპანიის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ამის საპირისპიროდ, ისინი დადებითად აფასებენ საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივებს, აგრეთვე მთავრობის მხრიდან ბიზნესსექტორის პრობლემებით დაინტერესებასა და ბიზნესმენებთან ხშირ შეხვედრებს. კომპანია "გალფის" განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს გაერკვეს, რა პრობლემებია ამ სფეროში. "ამაზე მეტყველებს ღია ფორმატის ხშირი შეხვედრები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ ბიზნესსექტორთან", - აცხადებენ "გალფში".

ხელისუფლების მხრიდან აქტიურ კომუნიკაციაზე საუბრობს "ლუკოილის" დირექტორის მოადგილე შავლეგო მიშველაძეც. მისი თქმით, ბოლო დროს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გააქტიურება და ბიზნესის წარმომადგენლებთან ხშირი შეხვედრები ძალიან კარგია, მეტიც, ამ შეხვედრებმა უკვე არაერთი რეალური შედეგიც გამოიღო. რაც შეეხება ბენზინის ფასებს, მისი განცხადებით, გარდა მსოფლიო ბაზრის ფასებისა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვალუტის კურსის ცვალებადობაც.

ამ ეტაპზე ბენზინის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. თუმცა, თუ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება, ხელისუფლება კი იმავდროულად კონკურენციის რეგულაციას გაამკაცრებს, არ არის გამორიცხული, ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. შედეგად, ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ, შესაძლოა, ბენზინის ფასი საგრძნობლად შეცვალოს.

ბელა მახარაძე