კარგად შენახვის ბიზნესი - კვირის პალიტრა

კარგად შენახვის ბიზნესი

"სამაცივრე მეურნეობა დღეს საკმაოდ მომგებიანი საქმეა"

პროდუქციამ რომ ჩვენამდე საღი, პირვანდელი სახით მოაღწიოს, ერთ-ერთი ძირითადი პირობა მისი სათანადოდ შენახვაა. სამრეწველო და კომერციული სამაცივრე სისტემები, კონტროლირებადი ატმოსფერო, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც პროდუქციას ხანგრძლივად ინახავს - გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს ამ სფეროში არსებული ვითარება გააცნო.

გიორგი კანდელაკი (კომპანია "კლიმატის" დირექტორი): "ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე ათი წელია არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის სამაცივრე მეურნეობების 60-70% ჩვენი შერჩეული და დამონტაჟებული სამაცივრე სისტემებითაა აღჭურვილი. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, ორ საქმეს ვემსახურებოდით - ვაშენებდით სამაცივრე მეურნეობებს და ვაწვდიდით და ვამონტაჟებდით შესაბამის აღჭურვილობას. ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა დაიწყო. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი იყო სოფელ ნატახტარში ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა. დაახლოებით, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება - სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა და ტექნოლოგიური აღჭურვა ერთმანეთისგან გაგვემიჯნა, ასე უფრო ადვილი იქნებოდა გამართული მენეჯმენტის წარმართვა. დღეს კომპანია "კლიმატი" მომხმარებელს სთავაზობს სამაცივრე დანადგარების მიწოდებასა და მონტაჟს. ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიამ მისია შეასრულა. შესაძლოა ასეთი მეურნეობა ბევრი არ არის, მაგრამ რაც არის, ყველა თანამედროვე და მოდერნიზებულია.

სამაცივრე სისტემები, რომელსაც კომპანია "კლიმატი" მომხმარებელს სთავაზობს, საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში. ისინი გათვლილია მაქსიმალურ ენერგოეფექტურობაზე და, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს პროდუქტის უსაფრთხოდ შენახვისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა იტალიური "ტექნობლოკი". ეს მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი სამაცივრე დანადგარების მწარმოებელია. ჩვენ მათი ოფიციალური წარმომადგენელი ვართ როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად ამიერკავკასიაში. გარდა ამისა, კომპანია "კლიმატი" არის ჰოლანდიური კომპანია "ბესელინგ გრუპის" წარმომადგენელი, რომელიც აწარმოებს ე.წ. კონტროლირებადი ატმოსფეროს სისტემებს, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივად შენახვისთვის. ეს საკმაოდ მაღალხარისხიანი და ძვირად ღირებული სისტემებია და მასზე ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.

როცა სამაცივრე ბიზნესს იწყებ, ტექნოლოგიებში თანხების დაზოგვა არ ღირს. მეწარმეს დღეს 500-1000 დოლარის დაზოგვით ხვალ, შესაძლოა, ათეულ ათასობით დოლარის პროდუქტი ერთ დღეში გაუფუჭდეს. თუმცა არიან მომხმარებლებიც, ვისთვისაც დაბალი ფასია განმსაზღვრელი.

ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც ინდუსტრიული სამრეწველო მეურნეობების სისტემებით აღჭურვას, ასევე სუპერმარკეტებისთვის სამაცივრე დანადგარების მიწოდებასა და მონტაჟს, მათ შორისაა კედლის მაცივრები, დახლმაცივრები და სხვ..

სამაცივრე მეურნეობა, როგორც ბიზნესი, დღეს საკმაოდ მომგებიანი საქმეა. თუმცა მოთხოვნის გასაზრდელად ამ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არ არის საკმარისი არსებული სამაცივრე ინფრასტრუქტურის სრულად დატვირთვისთვის. დღეისთვის ეს ბიზნესი ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის შენახვაზე მუშაობს, მაგრამ სრულად ათვისებული ჯერ არც ეს ბაზარია. თუმცა ბოლო დროს აღსანიშნავია მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა სამაცივრე მეურნეობების მოწყობაზე. ეს ზოგადად ქვეყანაში დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. რაც უფრო გაიზრდება ამ სფეროში კონკურენცია, მით უფრო გაიაფდება სამაცივრე მეურნეობაში პროდუქციის შენახვა და გლეხიც მისთვის ხელსაყრელ დროს შეძლებს, უფრო ძვირად გაყიდოს ჭირნახული.