ასფალტის მანქანა არ გამოირთვება - კვირის პალიტრა

ასფალტის მანქანა არ გამოირთვება

"საგზაო სამუშაოები მალე თავსაც კი მოგაბეზრებთ"

ქვეყნის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებთათვის, ერთ-ერთი მუდმივი პრობლემა მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაა. ბოლო დროის პოლიტიკური ცვლილებებისა და ახლად მიწურული ზამთრის შემდეგ, აქტიური საგზაო სამუშაოები ჯერჯერობით არ შეინიშნება. "ეკოპალიტრა" შეეცადა მთავრობის გეგმების გარკვევას საავტომობილო გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის კუთხით, სად რა სამუშაოები წარიმართება, აგრეთვე, რა ბედი ელის ჩქაროსნული გზის მშენებლობას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.

ზაქარია ხუნძაყიშვილი (საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე): - წლის განმავლობაში 250 კმ გზის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. შესრულების გრაფიკები მკაცრად გაკონტროლდება. საგზაო სამუშაოები უფრო თვალში საცემი გახდება გამოდარების კვალობაზე და მეტიც, განსაზღვრული დროით დისკომფორტსაც კი შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს. ამისთვის ბოდიშს წინასწარ ვუხდით.

ზამთარში გზებზე აქტიური სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან გზის დაგების ტექნოლოგია ყველა სეზონზე არ არის გათვლილი.

- ამჟამად რა საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს და გაგრძელდება თუ არა ავტობანის მშენებლობა?

- რა თქმა უნდა, გრძელდება და თანაც დიდი მოცულობით. ხელოვნური ნაგებობები შენდება და გზის საფარი ეწყობა ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქუთაისის შემოვლით და სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე, რუისი-აგარის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, თბილისის შემოვლით გზაზე. ხოლო სვენეთი-რუისის მონაკვეთზე, გორის გვირაბების პორტალებზე, ფერდობები თანამედროვე ტექნოლოგიით ეწყობა და ლიახვის ხიდების გასწვრივ სარეგულაციო კედლები შენდება. რაც შეეხება ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტს, ანუ ახალ 18-კილომეტრიან მონაკვეთს, განსახლების გეგმა მთავრდება და იწყება პირველი ექვსი კილომეტრის მშენებლობა. საერთაშორისო სატენდერო პროცედურები დასრულდა და მშენებლობა იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზეც. მოცულობითა და ბიუჯეტით ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. მომზადდა და ამჟამად განიხილება აგარა-ზემო ოსიაურის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, მის ფარგლებში ექვსი ახალი ხიდი უნდა აიგოს.

- ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია არანაკლები მნიშვნელობისაა...

- ამ დროისთვის მიმდინარე სამუშაოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ შედარებით დიდი პროექტებით შემოვიფარგლოთ. გომი-საჩხერის გზაზე 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც სამ სოფელს: გორისას, მერჯევსა და წითელ სოფელს გაივლის, ვმსჯელობთ სხვა მონაკვეთების რეაბილიტაციაზეც. მდინარე ჭოროხზე 473-მეტრიან, 8-მალიან ხიდს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. მალე დაიწყება სამუშაოები წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის გზის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც არხილოსკალოსა და ქვემო ქედს აკავშირებს. იგოეთი-ახმაჯის 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც იწყება, თუმცა ამ გზის ბოლო სამ კილომეტრს ვერ განვაახლებთ, რადგან კონფლიქტის ზოლშია მოქცეული.

მხოლოდ გამოდარებას ელოდება გუდაური-კობის 11,3-კილომეტრიანი მონაკვეთი. იქ ბეტონის გზას დავაგებთ. ამ საკმაოდ დიდი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ელის ორ ისტორიულ თაღოვან ქვის ხიდს, რომლებიც 1864 წელსაა აშენებული, აგრეთვე სამ არსებულ გვირაბს. ამ მონაკვეთზე ერთი ახალი ხიდიც აშენდება.

გარდა ამისა, ცხადდება ტენდერები სხვა გზებზე და ძალიან დიდი სამუშაოები სრულდება, რათა საგზაო პროექტები, გამოდარებასთან ერთად, დროულად დაიწყოს და შემოდგომამდე რაც შეიძლება მეტი გზის დაგება მოესწროს.