როგორ მოვახდინოთ ეკონომიკური სასწაული - კვირის პალიტრა

როგორ მოვახდინოთ ეკონომიკური სასწაული

ლი ბიონგ ჩულის სამხრეთკორეული ბიზნესიმპერია

სიტყვა "სამსუნგი" კორეულად "სამ ვარსკვლავს" ნიშნავს. როგორც ამბობენ, ეს სახელი კომპანიის ფუძემდებელმა ლი ბიონგ ჩულმა თავისი სამი ვაჟიშვილის პატივსაცემად შეარჩია. მათგან უმცროსი - ლი კუნ ჰი, ყველა აღმოსავლური ტრადიციის დარღვევით, მამის შექმნილ კომპანიას 2008 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფირმის თავდაპირველ ლოგოტიპებზე მართლაც იყო გამოსახული სამი ვარსკვლავი, მხოლოდ 1993 წელს შეცვალეს იგი დახრილი, ცისფერი ელიფსით, შიგნით ჩაწერილი ფირმის სახელწოდებით. ახალი ემბლემა აღმოსავლურ ფილოსოფიასაც უკავშირდება - ელიფსი სივრცეში მოძრაობის, განახლებისა და სრულყოფის სიმბოლოა.

დღეს ძნელია მრეწველობის ისეთი დარგის მოძებნა, სადაც "სამსუნგის" ქვედანაყოფები არ იყო ჩართული. ამ ბრენდით მზადდება ყველაფერი, მიკროტალღური ღუმლებიდან და ტოსტერებიდან, ციფრულ ფოტოკამერებამდე თუ სტერეოსისტემებამდე, ავტომობილებიდან - საოკეანო გემებამდე და თვითმფრინავებამდე.

სამხრეთი კორეის შიდა ბაზარზე "სამსუნგ გრუპი" ცნობილია ფინანსური ოპერაციებით, სადაზღვევო თუ დაცვის სამსახურებით. ჯგუფი ქვეყნის ბიუჯეტის დიდ ნაწილს აყალიბებს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი მუშაობს, ქალაქ სუვონს კი, სადაც კომპანიის შტაბ-ბინაა, დიდი ხანია, სამსუნგ-სიტის ეძახიან. ახლა ძნელი დასაჯერებელია, რომ კომპანიის დამაარსებელ ლი ბიონგ ჩულს მთავრობა დიდად არ სწყალობდა და ციხეშიც კი იჯდა.

ბრინჯის მეწისქვილე

ლი ბიონგ ჩული 1910 წლის 12 თებერვალს დაიბადა კორეის ქალაქ ტეგუს ახლოს. მამამისი შეძლებული მიწათმფლობელი გახლდათ, რომლის ფულის წყალობითაც ჩულმა ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნებულმა, საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა. 1936 წელს ბრინჯის წისქვილი და მცირე სავაჭროც გახსნა. იმ დროისთვის კორეა იაპონიის კოლონია იყო და ამდენად, ქვეყანაში კერძო მეწარმეობა ადვილი არ გახლდათ. მიუხედავად ამისა, ჩულმა მალევე (1938 წ.) იპოვა საექსპორტო გზა ჩინეთისა და მანჯურიისკენ. ბაზარს აწვდიდა ბრინჯს, შაქარს, ხმელ თევზს და დააარსა "სამსუნგ ტრეიდინგ კომპანი".

მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიისთვის ომის გამოცხადების შემდეგ, ამერიკელები კორეის ნახევარკუნძულზე გადმოსხდნენ. მანამდე კი იქ ლი ბიონგმა საკესა და ლუდის დიდი ქარხანა გახსნა. მის საქონელს ამერიკელი ჯარისკაცები ძალიან ეტანებოდნენ და კორეელის საქმეც წინ მიდიოდა. მაგრამ 1950 წელს კომუნისტური ჩრდილოეთი კორეისა და პროამერიკული სამხრეთის რეჟიმების შეჯახება ლის ბიზნესმა ვეღარ გადაიტანა - ამერიკელები წავიდნენ, სამოქალაქო ომის გამო კი "სამსუნგის" საწყობები გაიძარცვა და დაიწვა, ისევე როგორც კომპანიის ქარხნები.

სასარგებლო ნაცნობობა

არსებობს ლეგენდა, რომ საკუთარი დამწვარი სახლის ნანგრევებში ლი ყუთში გადამალულ ფულს წააწყდა, რითაც ახალი საქმეები წამოიწყო - საფეიქრო ფაბრიკა, შაქრის ქარხანა, მოგვიანებით სადაზღვევო ბიზნესი. სამამულო მწარმოებლის სტატუსისა და ძვირფასი საჩუქრების წყალობით, მან პრეზიდენტ ლი სინ მანთან დაახლოება მოახერხა და 50-იანების ბოლოს ლი ბიონგ ჩული უკვე ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი და უმდიდრესი ადამიანი იყო. ის სწრაფად მდიდრდებოდა. კორეაში მაშინ საშუალო თვიური შემოსავალი $80-ს უტოლდებოდა.

იმ დროისთვის დედაქალაქ სეულში არ იყო მუდმივი ელექტროენერგია, დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდათ, წყალგაყვანილობის შესახებ კი ბუნდოვანი წარმოდგენაც არ ჰქონდათ. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალებით დაამხეს, ლი ბიონგი კი ციხეში გამოკეტეს ჩამოგდებულ პრეზიდენტთან ახლო ნაცნობობის გამო.

ახალმა პრეზიდენტმა პაკ ჩონგ ჰიმ სამრეწველო და ეკონომიკური რეფორმები დაიწყო. რეფორმატორებმა დაასკვნეს, რომ სტაბილური ეკონომიკა მსხვილ კონცერნებს უნდა დამყარებოდა, მაგრამ მათი მოკლე დროში შექმნა უძნელესი საქმე იყო. ამიტომ ქვეყნის გამოჩენილ ბიზნესმენებს სახელმწიფომ კრედიტები და სესხები მისცა. ისინი სახელმწიფომ შეკვეთებითაც უზრუნველყო. სამართლებრივმა და საგადასახადო შეღავათებმა საშუალება მისცა მომცრო კომპანიებს, ვეებერთელა კონგლომერატებად გაზრდილიყვნენ.

იღბლიან მეწარმეთა შორის აღმოჩნდა ლი ბიონგ ჩულიც. იგი საკნიდან პირდაპირ კორპორაცია "სამსუნგის" ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ასე შეიქმნა 30 მსხვილი კომპანია, მათ შორის "დეუ", "ჰიუნდაი", "გოლდსტარი" (LG) და სხვ. ეკონომიკა ყოველწლიურად 6%-დან 14%-მდე იზრდებოდა, ექსპორტი - 30%-ით. 1969 წელს "სამსუნგი" და იაპონური "სანიო" გაერთიანდნენ და შავ-თეთრი ტელევიზორების წარმოება დაიწყეს. ამ თანამშრომლობამ საფუძველი დაუდო "სამსუნგ ჯგუფის" ერთ-ერთ უმსხვილეს სექტორს - "სამსუნგ ელექტრონიკსს".

1961 წელს, მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ჩული კვლავ შერისხეს, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ახალი მმართველები დაარწმუნა, კორეის მეწარმეთა ფედერაციის თავკაცად დაენიშნათ! ფედერაციის წევრებისთვის სარფიანი შეღავათები მოქმედებდა, "სამსუნგს" კი ყველაზე მსხვილ პროექტებს ავალებდნენ.

ლის ოჯახმა სასუქის უმსხვილესი ქარხანა ააგო აზიაში, გამოუშვა გაზეთი, რისთვისაც მთავრობამ ქაღალდის ერთადერთი კომბინატი გადასცა. კომპანიამ დაიწყო გემების, სასტუმროების, უნივერსიტეტების, საავადმყოფოების მშენებლობა. ისინი არ დააკმაყოფილა "სანიოს" მუშაობამ და სხვა პარტნიორები მოძებნეს, ააგეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანა და სარეცხ მანქანებსა და მაცივრებსაც "შეუტიეს". როცა 1977 წელს "სამსუნგის" პროდუქციის ექსპორტმა $100 მილიონს გადააჭარბა, აშშ-ში მისი სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა. 70-იანების ბოლოს "სამსუნგი" ქვეყანაში საოჯახო ტექნიკისა და ელექტრონიკის მთავარი ექსპორტიორი იყო.

ხელახლა "დაბადება"

1987 წლის 19 ნოემბერს ლი ბიონგ ჩული გარდაიცვალა და მისი ადგილი ვაჟიშვილმა ლი კუნ ჰიმ დაიკავა. ამ დროს სამხრეთ კორეაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და კომპანიაც წაგებაზე გავიდა. ლი კუნ ჰი ხედავდა, რომ მამის აწყობილი იმპერია თვალწინ ხუხულასავით ენგრეოდა, ამიტომ უკიდურეს რეფორმებს მიმართა... როცა "ბინძური ფონდების" საქმემ ორი ექსპრეზიდენტი და ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კონცერნის ხელმძღვანელი განსასჯელთა სკამზე დასვა, ლი კუნ ჰიმ "სამსუნგის" 1800 ხელმძღვანელი შეკრიბა და კომპანიის ხელახლა დაფუძნება გამოუცხადა. "უნდა შევცვალოთ ყველაფერი, - ჩვევები, აზროვნების წესი, დღის განრიგი... მოკლედ, ყველაფერი, ცოლ-შვილის გარდა", - გაიხუმრა მან. რეფორმების შედეგად განახევრდა შვილობილი კომპანიების რიცხვი, უარყოფილ იქნა ტრადიციული კორეული მენეჯმენტი - სამუშაოდ აყვანა სამუდამოდ, დაწინაურება ნამსახურობის წლების მიხედვით, ხელმძღვანელ ადგილებზე მხოლოდ ოჯახის წევრების დანიშვნა, უფროსების წინაშე უმცროსი ნათესავებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვა. ლი კუნ ჰიმ პირველ ადგილზე ნაწარმის ხარისხი წამოსწია.

1983 წელს გამოვიდა პერსონალური კომპიუტერი (მოდელი SPC-1000). ერთი წლის შემდეგ ინგლისში გაიხსნა წარმომადგენლობა, აშშ-ში - ვიდეომაგნიტოფონების ქარხანა, დამთავრდა მიკროტალღური ღუმლების მსოფლიოში უდიდესი ქარხნის მშენებლობა.

1986 წელს "სამსუნგმა" კორეაში მიიღო "წლის საუკეთესო კომპანიის" პრიზი, გამოუშვა მეათმილიონე ფერადი ტელევიზორი, გახსნა წარმომადგენლობები კანადასა და ავსტრალიაში, კვლევითი ლაბორატორიები კალიფორნიასა და ტოკიოში. 1988 წელს - წარმომადგენლობა საფრანგეთში.

1989 წელს "სამსუნგმა" საპატიო მე-13 ადგილი დაიკავა მსოფლიოში ნახევარგამტარების გამოშვებაში, გახსნა ქარხნები ტაილანდსა და მალაიზიაში. 1991 წლისთვის ექსპორტმა $4 მილიარდს მიაღწია. 1992 წელს კორპორაციამ ქარხნები აამუშავა ჩეხოსლოვაკიასა და ჩინეთში. 1995 წელს გაყიდვამ $5 მილიარდი შეადგინა, გახსნა განყოფილება Mukoonhwa Factory, სადაც აქტიურად იყენებენ ინვალიდთა შრომას. 1996 წელს "სამსუნგ ელექტრონიკსი" გახდა მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელიც ISO-140001 სტანდარტს შეესაბამებოდა...

ბიზნესგამოცემა "ფორბსის" ბოლო, 2012 წლის აპრილის 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის რეიტინგში "სამსუნგ ელექტრონიკსი" 26-ე ადგილზეა $161,96 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და 101,4 ათასი თანამშრომლით. ამ კომპანიის გარდა, რეიტინგში მოხვდა ჯგუფის წევრი კიდევ შვიდი(!) ფირმა, რომლებიც არა მხოლოდ ელექტრონიკის, არამედ სამშენებლო, საინჟინრო, სადაზღვევო, ფინანსურ და სხვა სფეროებში საქმიანობენ. სულ "სამსუნგი" 80-მდე კომპანიას აერთიანებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ