საქართველოსთვის უპრეცედენტო, შეღავათიანი აგროსესხების პროექტი ამოქმედდა - კვირის პალიტრა

საქართველოსთვის უპრეცედენტო, შეღავათიანი აგროსესხების პროექტი ამოქმედდა

ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ბედის ანაბრად იყო მიტოვებული. წლების განმავლობაში დარგს სახელმწიფოსაგან რეალური მხარდაჭერა არ ჰქონია, რაც აისახა კიდეც მის მდგომარეობაზე. დღეს ეს დარგი უკვე პრიორიტეტულად არის აღიარებული. შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთმილიარდიანი ფონდი, დამტკიცდა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი და პირველი სამუშაოებიც დაიწყო. ცნობილი გახდა ისიც, რომ შეღავათიან აგროსესხებს ბანკები იმავე პირობებით გასცემენ, როგორც სტანდარტული მსესხებლების შემთხვევაში, თუმცა ამ კრედიტების უპირატესობა შეღავათიანი პერიოდი და დაბალი საპროცენტო განაკვეთი იქნება.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გასაცემი სესხების პირობები მიზნობრიობაზე იქნება დამოკიდებული.

- 5000 ლარამდე, 6-თვიანი, 0%-იანი სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის გაიცემა, რომელთა მეურნეობების ტექნიკური აღჭურვა მწირია, უმეტესწილად ხელის იარაღებით მუშაობენ და არც კრედიტის აღების შესაძლებლობა აქვთ. უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ისინი საწარმოო საშუალებებს შეიძენენ (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები), გარდა სასუქებისა.

- სესხი 5000-დან 100.000 ლარამდე, 8%-იანი, არაუმეტეს 2 წლისა - ეს სესხი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვისაა. საპროცენტო განაკვეთის ნაწილს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად კრედიტი 24 თვემდე ვადით გაიცემა (სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა და სხვ.); 18 თვემდე ვადით - მეცხოველეობისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ხოლო მემცენარეობისთვის - 12 თვემდე.

- 1 მილიონ ლარამდე სესხი 3%-იანი, არაუმეტეს 7 წლისა, გაიცემა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის - შემნახველი, სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობებისა და გადამმუშავებელი წარმოებების გასავითარებლად. აგრეთვე, ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებულთა გადაიარაღებისთვის 7 წლამდე ვადით სესხები $30-დან $600 ათასამდე მოცულობით გაიცემა.

პროექტში 11 კომერციული ბანკი და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც აგროსესხების გაცემისას უპირატესობას გამოცდილ ფერმერებს მიანიჭებენ. კრედიტის მისაღებად ფერმერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიმდინარე ბიზნესი და თავის საქმეში კარგად უნდა ერკვეოდეს. გარდა ამისა, სესხის ასაღებად დასჭირდება კარგად ჩამოყალიბებული და რაციონალური ბიზნესგეგმა. საკრედიტო რისკების შესაფასებლად ბანკები ყოველ განაცხადს შეისწავლიან, თუმცა პროექტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ განსაკუთრებული რისკები არ შეიქმნება.

შალვა ფიფია (სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე): - სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნისთანავე გაჩნდა კითხვა: დაფინანსების მისაღებად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერის პროექტი? დაფინანსებას კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოახდენენ, ფონდი კი ამ კრედიტებზე შეღავათიან პირობებს განაპირობებს. დაფინანსების ძირითადი კრიტერიუმებია სასოფლო-სამეურნეო პროფილი და პროექტის მომგებიანობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამომხმარებლო კრედიტები, რომლებიც გაიცემა 24 თვემდე ვადით.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს, 8%-ზე მეტი არ იქნება, თუმცა ხშირ შემთხვევაში განაკვეთი უფრო დაბალიცაა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მილიარდიანი ფონდის დაფინანსების წყარო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი. ფონდში თანხებს კერძო დონორები მოიზიდავენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფონდის საქმიანობა სასურველ ნაყოფს გამოიღებს.

- ცნობილია, რომ ბანკები სტარტაპების (საქმიანობის ხანმოკლე ისტორიის მქონე კომპანიები) დაკრედიტებას თავს არიდებენ. ფონდის მონაწილეობა გაანელებს მათ სიფრთხილეს?

- ფონდი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელმაც ეს პროექტი უნდა განახორციელოს, ცდილობენ, ფინანსური რისკები იმ დონემდე შეამცირონ, რომ ბანკებისთვის შედარებით რისკიანი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესების დაფინანსებაც მისაღები გახდეს. საპროცენტო განაკვეთის ნაწილის დაფარვის გარდა სხვა მეთოდებსაც მივმართავთ, მთავარია, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეტალები დაზუსტებული და შეთანხმებულია.

ლევან კალანდაძე (ეკონომიკის ექსპერტი): - ხელმისაწვდომი სესხების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია ბიზნესისთვის. საკრედიტო რესურსის სიძვირე ბიზნესის კეთებას ძალიან აძნელებს. სასტარტო კაპიტალის მოზიდვა მცირე და საშუალო ბიზნესს იმიტომ არ შეუძლია, რომ ჩვენი საბანკო სისტემა სტარტაპებს პრაქტიკულად არ აფინანსებს. ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია, ამიტომ საინვესტიციო ფონდის შექმნას საინტერესო მოვლენად მივიჩნევ - მეწარმეს სახსრების მოზიდვის ალტერნატივა უჩნდება. თუ ყველაფერი სწორად წარიმართა, მერწმუნეთ, ეს პროექტი შესაძლებელია გახდეს წარმატებული და ეკონომიკის განვითარება საგრძნობლად დააჩქაროს. თან ამ საქმეში საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებიც ჩაერთნენ.

სტარტაპების თემა მტკივნეულია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ ყველა სფეროში: საკრედიტო რესურსზე წვდომა თითქმის ნულოვანია. რა შეიძლება გაკეთდეს? მაგალითად, უცხოეთში არსებობს საინტერესო გამოცდილება, რაც გამოიხატება ბიზნესის თანამონაწილეობით კრედიტით სარგებლობისას. სესხი სრულად კი არ აფინანსებს ბიზნესპროექტს, არამედ მხოლოდ მის ნაწილს. რისკების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს 30, 60 ან 70%... ბევრი სხვა მოდელიც არსებობს, რომელთა გამოყენება შეიძლება. ფონდმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს რისკფაქტორები - სესხი უნდა გაიცეს, თუ უზრუნველყოფილი იქნება მისი დაბრუნება და ფერმერის მიერ დამატებით შემოსავლის მიღება, რაც ხელს შეუწყობს მას, რომ საქმიანობა მომავალშიც განაგრძოს.

ხათუნა ჩიგოგიძე