როგორ ჩამოვართვათ მეწარმეებს მილიონები - კვირის პალიტრა

როგორ ჩამოვართვათ მეწარმეებს მილიონები

"სასამართლოებში დაუწერელი მზა ნორმები მოქმედებდა, ვინმესთვის დარეკვაც კი აღარ სჭირდებოდათ"

წართმეული ქონებისა და ბიზნესის დასაბრუნებლად პროკურატურაში შესული განცხადებების რაოდენობამ, კარგა ხანია, 10 ათასს გადააჭარბა. ათასობით ბიზნესმენი მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, საჩივრები შედის სასამართლოებში, იქმნება ბიზნესმენთა დაცვის ორგანიზაციები. იუსტიციის სამინისტრო „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის“ შექმნაზე მუშაობს, თუმცა შედეგი იგვიანებს, ამიტომ უკმაყოფილება და იმედგაცრუება იმატებს. როგორ უნდა მოიქცნენ ბიზნესმენები ასეთ ვითარებაში და როგორ უნდა დაიბრუნონ ნაციონალური ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესი, ამ საკითხებზე ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ვესაუბრებით.

- სამართლიანობის აღდგენის კავშირები თუ სხვადასხვა ფედერაცია ამაო იმედების მიმცემია. შეცდომა იყო ილუზიის შექმნა, თითქოს ხელის ერთი აქნევით ყველა ყველაფერს დაიბრუნებდა. ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს და ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან როგორც ბიზნესმენები, ისე მთლიანად საზოგადოება, უკეთესია. შეუძლებელია, ხელისუფლებამ მოიგონოს მექანიზმი, რომლითაც ცხრა წლის განმავლობაში დათესილ ბოროტებას ექვს თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში აღმოფხვრის. თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ პროცესების ელვისებურად განვითარების შესაძლებლობას და ამას ღიად გამოვხატავდი მედიით, მათ შორის თქვენთანაც.

- რატომ პირდებოდა ახალი ხელისუფლება ხალხს იმას, რისი გაკეთებაც არ შეეძლო?

- ვფიქრობ, მთავრობამ უკვე გააკეთა მთავარი - ნება გამოავლინა. ხელისუფლებამ თქვა, რომ კომპეტენტური უწყებების კარი ყველასთვის ღიაა, მოიტანეთ განცხადებები, დაასაბუთეთ მომხდარი უკანონობა და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური მთავრობა უნდა იქცეოდეს, დამნაშავეებს დავსჯით, დაზარალებული კომპენსაციას მიიღებს. თუ რომელიმე პოლიტიკოსმა, დივიდენდების მისაღებად, ამ ნების სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა, ეს მას უნდა მოჰკითხოთ. ჩვენი საზოგადოებაც, ტრადიციულად, მაქსიმალისტია და განწყობებიც შესაფერისია.

ადვოკატებმა კარგად ვიცით, რა პერსპექტივა ჰქონდა ნაციონალური ხელისუფლების დროს რომელიმე სახელმწიფო მოხელის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საქმის წარმოებას. შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. გნებავთ, საგადასახადო დავებისას. კლიენტს მოჰყავდა ბუღალტერი, ფინანსისტი, გვაძლევდა ყველა საჭირო დოკუმენტაციას, მტკიცებულებას, დადიოდი საჩივრის განმხილველი ერთი ორგანოდან მეორეში, შედეგი კი არ ჩანდა - რადგან ხელისუფლების ნება იყო ასეთი. პატრულის თანამშრომლიდან დაწყებული, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელითა და პროკურორით დამთავრებული, ყველა მართალი იყო, ტყუოდა მხოლოდ მოქალაქე, ბიზნესმენი. ასეთი იყო გენერალური ხაზი, რომელსაც სასამართლოები მიჰყვებოდნენ. დღეს სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა. აღარ არსებობს ეგრეთ წოდებული „უსტანოვკები“ პროკურატურასა და სასამართლოში. დღევანდელი „უსტანოვკა“ არის კანონი და როგორ გამოვიყენებთ მას, ეს უკვე ადვოკატებისა და იურისტების კომპეტენციაზეა დამოკიდებული.

- რომელი „უსტანოვკები"?

- ადეიშვილის პროკურატურის დაუწერელი ნორმები. ანუ ყველა ადგილობრივმა პროკურორმა და მოსამართლემ წინასწარ იცოდა, როდის რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. სასაცილოა, როდესაც დღეს კითხულობენ, როგორ ხდებოდა მოსამართლეებსა და პროკურორებზე ზეწოლა და იგონებენ ათასგვარ ზღაპარს. რეალობა გაცილებით მარტივი გახლდათ: არავის არავისთან დარეკვა არ სჭირდებოდა, არსებობდა წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო ჩარჩოები. ვინაიდან ეს რეკომენდაციები არაოფიციალური იყო, მათ ე.წ. უსტანოვკებს ეძახდნენ. მაგალითად, გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე პროკურორმაც და მოსამართლემაც იცოდნენ, რომ წინასწარი პატიმრობა აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ, ხოლო მერე საპროცესო შეთანხმებასა და პირობით მსჯავრს ბრალდებულის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებდნენ, თუ ეს უკანასკნელი (იმისგან დამოუკიდებლად, სინამდვილეში იყო თუ არა დამნაშავე) აღიარებდა ბრალს, მოინანიებდა და ჯარიმას გადაიხდიდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა მტკიცებულებებს, სისტემა ყოველთვის მართალი იყო.

- გამოდის, ბიზნესმენებმა, რომლებმაც მილიონობით ლარი იზარალეს, ახლა ხანგრძლივ სამართლებრივ პროცედურებს უნდა მიმართონ. ამასობაში დრო გადის და სანამ სასამართლო განხილვები ყველა ინსტანციაში დასრულდება, მათ ქონებას ახალი მეპატრონეები სხვებზე გადააფორმებენ. სად არის აქ გამოსავალი?

- გამოსავალი არის კანონში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიზნესმენების დიდი ნაწილი კომუნისტური ეპოქის "ცეხავიკობის" მენტალიტეტს ვერ გასცდა. არაერთ ქართველ მილიონერს ვიცნობ, რომელიც ბიზნესს ისე აკეთებს, იურისტი არ ჰყავს. ამას განვლილმა ცხრაწლიანმა პერიოდმაც შეუწყო ხელი, რადგან ადვოკატის ინსტიტუტი მიზანმიმართულად სუსტდებოდა და ბიზნესმენმაც იცოდა, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა კანონში კი არ უნდა ეძებნა, არამედ სახელმწიფო უწყებებსა და პროკურატურაში. დღეს, როცა სახელმწიფოს დამოკიდებულება შეიცვალა, ბიზნესმენებმა უნდა გააკეთონ მარტივი რამ - ნახონ კარგი იურისტები და კანონით დადგენილ პროცედურებს მიმართონ. გარწმუნებთ, არსებული კანონმდებლობაც სავსებით საკმარისია წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება სადავო ქონების გასხვისებისგან დაცვას, ამისთვის არსებობს ძალიან იაფი და ეფექტური პროცედურა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს სულ 50 ლარი ღირს. ასე რომ, წუწუნსა და მოთქმას ყველამ თავი დავანებოთ, ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ და სასურველი შედეგიც აუცილებლად დადგება.

რეიტინგი

- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი რეიტინგის თანახმად, საკუთრების უფლების დაცვის ხარისხით საქართველომ 140 ქვეყანას შორის 128-ე ადგილი დაიკავა და შესაძლო 7 ქულიდან მხოლოდ 3,1 მიიღო.

- რეიტინგში, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოს ჩამორჩნენ რუსეთი, უკრაინა, ვენესუელა, ჰაიტი, ზიმბაბვე, ბურუნდი და სხვ.