პარკეტიდან - ფერმაში, ამერიკის გავლით - კვირის პალიტრა

პარკეტიდან - ფერმაში, ამერიკის გავლით

"სოფლის მეურნეობაში უდიდესი პრობლემა ირიგაციის არარსებობაა"

გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, თბილისიდან ახალციხეში გადაბარგებული ახალგაზრდა ფერმერის, ნინო ზამბახიძის აგროისტორია შესთავაზა მსმენელსა და მაყურებელს. როგორ აღმოჩნდა თბილისელი გოგონა სოფელში და როგორ გახდა ფერმერი - "ბიზნესფაილი" კიდევ ერთი საინტერესო და წარმატებული ბიზნესისტორიის მემატიანე გახდა.

ნინო ზამბახიძე (ფერმერი): - 90-იან წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ამერიკაში, რაც დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო ჩემთვის. მაშინ 16 წლის ვიყავი. ოჯახს ძალიან უჭირდა, პროფესორების ოჯახში გავიზარდე და რა შემოსავალი ექნებოდათ. უნდა მემუშავა, რომ მშობლებს დავხმარებოდი. ჩემი პირველი სამსახური ფაქსის აპარატთან დგომა და შეტყობინების მიღება იყო. მახსოვს, ამ საქმეს დიდი გულისყურით ვეკიდებოდი, თან მიკვირდა, როცა ცარიელ ფურცელზე უცებ ინფორმაცია ჩნდებოდა. გარდა ამისა, ამერიკიდან საქართველოში ჯინსებს ვგზავნიდი, მამაჩემის მეგობარი კი ყიდდა. საქართველოში დაბრუნებულმა მცირე ბიზნესი წამოვიწყე, პატარა ჯიხურში ვყიდდით მზა ყავას.

სოფლის მეურნეობაში კურიოზულად აღმოვჩნდი. ჩემი ბიზნესპარტნიორი ახალციხეში წავიდა სათევზაოდ, იქ დათვრა და ორი ძროხა იყიდა. დამირეკა, აი, ორი ძროხა გვეყოლება და სოფლის რძე და ყველი გექნებაო. მალე მივხვდით, რომ აზრზეც არ ვართ, რა ვუყოთ ამ ძროხებს: ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ, ახალციხიდან კი გვირეკავენ, რომ საქონელს საკვები და მოვლა სჭირდება. ვერ წარმომედგინა, რომ ორ ძროხას ამდენი ინვესტიცია დასჭირდებოდა. ძროხებს იდეები მოჰყვა... "ათასწლეულის გამოწვევის პროექტში" დავწერეთ საგრანტო წინადადება რძის მიღება-გადამუშავებაზე. ყველა საჭირო ფაქტორი გავითვალისწინეთ, თანაც გიჟ ენთუზიასტებად ჩაგვთვალეს და როგორც ექსპერიმენტს, ისე აღგვიქვამდნენ. ამ პროექტით $125 ათასის გრანტი მივიღეთ და რძის გადამმუშავებელი ქარხანა ავაწყვეთ.

გასაღების ბაზრის ძიებისას ბევრი ვირბინეთ, ავაწიოკეთ, თუ ვინმეს ვიცნობდით. ცოტა რომ შევგულიანდით, სესხი ავიღეთ და კომბინირებული საკვების ქარხანა გავაკეთეთ, საკვებს ვამზადებდით და მოსახლეობას რძეში ვუცვლიდით. შემდეგ ჩვენ თვითონაც შევიძინეთ ძროხები. სოფელმა უკვე მართლა ჩაგვითრია. ამდენ ნაშრომ და ნაწვალებ საქმეს ადვილად ვეღარ ელევი ადამიანი. 2007-ში ახალციხეში წავედი და დღემდე იქ ვარ. 15 ჰექტარი მიწა ავიღეთ, სადაც ერთწლიანი კულტურები მოგვყავს. იქვე პატარა ტბა გავაკეთეთ და თევზსარეწის მოწყობა და აგროტურიზმის განვითარება გვინდა.

- ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეც ბრძანდებით. რა ამოცანა აქვს ამ ორგანიზაციას ან რას სთავაზობთ ფერმერებს?

- სოფელში დამკვიდრებამდე 5-6 წლის განმავლობაში ბევრი და დიდი პრობლემის გადალახვამ მოგვიწია. ყავის ბიზნესში ჩართული "სვეცკი" თბილისელი გოგო აღარ ვიყავი: ბოტები ჩავიცვი, ჯიპის საჭეს მივუჯექი და ფერმერის ამპლუაში დავიწყე საკანონმდებლო, ტექნოლოგიური თუ საკადრო რესურსების შესწავლა. მეურნეობა მქონდა, გავლენიანი სანაცნობო წრე მყავდა, მაგრამ ბევრ პრობლემას მაინც ვერ ვუმკლავდებოდი. საქართველოში ყველის ტექნოლოგი რომ ვერ ვიპოვეთ, თურქეთში წავედი და თავად ვისწავლე ყველის დამზადების ტექნოლოგია. შემდეგ, პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა რომ გადავწყვიტე, ჯერ სურსათის უვნებლობის, შემდეგ კი ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერი გავხდი. გრანტი რომ მოიპოვო, თანამედროვე ბაზარზე რომ გახვიდე და დამკვიდრდე, ძალიან ბევრი ეტაპის გავლა გიწევს.

დღეს აგროსექტორში, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, აუცილებელია კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიების ფლობა. წარმოვიდგინე, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს ფერმერს, რომელიც საკუთარ მეურნეობასაა მიჯაჭვული და სოლიდარობის გრძნობა გამიჩნდა. ამასობაში სხვა ფერმერებიც გავიცანი, რომელთაც უჭირდათ პრობლემებთან გამკლავება და ერთად გადავწყვიტეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დაარსება.

გვყავს მეცხვარეობაში ჩართული, კენკრის ბაღების, მეღორეობის წარმომადგენლები, მეთხილეები, მემანდარინეები, მეკარტოფილეები, ფიზიკური პირები, რომლებიც იურიდიულად დარეგისტრირებული არ არიან. გვყავს ფერმერები როგორც ერთი ჰექტარი მიწით, ასევე 200 ჰექტარის მფლობელები. მალე დასრულდება ჩვენი ვებგვერდი, რომელიც ხუთ ენაზე იქნება: სომხურად, აზერბაიჯანულად, ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ჩვენი ფერმერები სხვადასხვა ეროვნების არიან და გვინდა, ყველასთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს, არსებობდეს ორგანიზმი, რომელიც ყველაზე ერთნაირად იზრუნებს.

- ძირითადად, რა უშლის ხელს მეურნეობების რენტაბელობას ან როგორ უნდა დაგეხმაროთ ხელისუფლება?

- ყველაზე დიდი პრობლემა ირიგაციის არარსებობაა - ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში ძალიან ბევრი მიწა ურწყავია და ამინდზე ვართ დამოკიდებული. არის დაუდევრობის ან არასწორი მენეჯმენტის პრობლემაც. ბოლო წლებში სამცხე-ჯავახეთში დონორებმა 9 მილიონი დაახარჯეს ირიგაციას, არადა, პრობლემები კვლავ რჩება. ხშირად გრანტით დაფინანსებული მეურნეობა პროექტის დასრულებასთან ერთად იშლება. მოგებაზე ვერ ან არ გადადიან და ისევ ახალ დონორებს ელოდებიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ფერმერები თანადაფინანსების შემთხვევაში უფრო მოუვლიან და გაუფრთხილდებიან მეურნეობასაც და ტექნიკასაც.

ფერმერის წინაშე ბევრი რისკია. როცა არ არის ირიგაცია და ქარსაცავები, ამინდზე ხარ დამოკიდებული და არ იცი, როდის გაგინადგურებს ყველაფერს სეტყვა ან ქარი, რასაც ვერაფერს მოუხერხებ, ყველაფერს სასწორზე დებ. ჩემი და ჩემი პარტნიორის სახლები იპოთეკით დავტვირთე სესხის ასაღებად. მაქვს მიწები, ქარხანა, მაგრამ ბანკს მაინცდამაინც ვაკეში ან ვერაზე უნდა სახლი, რათა ადვილად და კარგად გაყიდოს. იყო დრო, საერთოდ ვერ ვყიდდით პროდუქციას პოლიტიკური ფაქტორების გამო. ომის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა სესხის გადახდა. ბანკის პროცენტი ცალკე თემაა. წარმოიდგინეთ, რა მოგება უნდა ჰქონდეს ფერმერს, რომ წლიური 36% გადაიხადოს.

ძალიან მნიშვნელოვანია კოოპერატივები, როცა ფერმერები ერთად ხნავენ, თესავენ, რისკსა და მოგებას ინაწილებენ. ამის კარგი მაგალითია ესპანური "კოპოლივა". ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი ორგანიზაციაა, რომელიც ფერმერული მცირე ჯგუფების გაერთიანებებისგან წარმოიშვა, შემდეგ გაიზარდა და სხვა გაერთიანებებს შეუერთდა.

ბევრი რამაა გამოსასწორებელი: მიწის გადასახადი, პირველადი წარმოების საკითხები, სურსათის უვნებლობის კანონის ძალაში შესვლა და სხვ. ბუნებრივია, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება.

მე რასაც ვისურვებდი ჩემთვისაც და სხვა ფერმერებისთვისაც, პირველ რიგში, იაფი სესხია. ამაზე საუბრობს ახალი მთავრობა, რაც მისასალმებელი და ძალიან კარგი პროექტია. 3%-იანი სესხით ძალიან ბევრი ჩემნაირი ადამიანი ბიზნესს უფრო განავითარებს. ისინიც, ვინც მეურნეობა დაბანდების შემდეგ შეაჩერეს ბანკის მაღალპროცენტიანი სესხის გამო, მუშაობას განაგრძობენ. აუცილებელია სადაზღვევო მექანიზმების ამუშავებაც ფერმერზე გათვლილი პირობებით.

სხვა დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდობა მეტად დაინტერესდება. ზოგადად, ახალგაზრდები მეურნეობების წარუმატებლობას რომ ხედავენ, რეგიონის დატოვებას ცდილობენ. ფერმერულ მეურნეობას ვერ აღიქვამენ მომგებიან წარმოებად. აგროსექტორი თუ ბიზნესად იქნება აღქმული, რეგიონების ახალგაზრდობასთან ერთად, ძალიან ბევრი ქალაქელი წავა სოფელში ბიზნესის საკეთებლად და მეურნეობებიც განვითარდება.