არაშვეიცარიელი მესაათის სტანდარტები
01-04-2013
არაშვეიცარიელი მესაათის სტანდარტები
ჰანს ვილსდორფის საათი რჩეულთათვის

საათებზე საუბრისას პირველად "შვეიცარიული" გვახსენდება, მერე კი "როლექსი". თუმცა საათების წარმატებული ბრენდის შემქმნელი წარმოშობით შვეიცარიელი არ იყო. იგი მუშაობდა კომპანიაში, რომელიც საათებს შვეიცარიიდან ინგლისში აწვდიდა. საბოლოოდ ჰანს ვილსდორფმა საკუთარი საწარმოს დაფუძნება გადაწყვიტა და ბაზარზე საუკეთესო გახდა.

"როლექსის" საათი წარმატებას, პრესტიჟს, სიმდიდრეს უკავშირდება. მის შეძენას ყველას ჯიბე ვერ შესწვდება, თუმცა საათი მაინც საყოველთაოდ ცნობილი და ძალიან პოპულარულია. წელიწადში აქ უკვე მილიონამდე საათს ამზადებენ, რაც ნებისმიერ სხვა მარკის
წარმოების მოცულობას ბევრად აღემატება, მაგრამ მოთხოვნა მიწოდებას მაინც ვერ სწვდება. როგორ შეძლო ვილსდორფმა, შეექმნა საათი რჩეულთათვის?

ლუდის მხარშველთა შთამომავალი

გერმანელი ჰანს ვილსდორფი 1881 წლის 22 მარტს ბავარიაში დაიბადა. მშობლები 12 წლისას გარდაეცვალა. ობლებს ბიძა, დედის ძმა ზრდიდა. იგი ლუდის მხარშველთა ცნობილი გვარის - მაიზელთა შთამომავალი
იყო, თუმცა ჰანსს ლუდის ბიზნესი არ აინტერესებდა.

საუკეთესო სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ იგი მარგალიტის იმპორტიორ კომპანიაში მოეწყო. მოგვიანებით კი სკოლის მეგობარმა ჰანსი შვეიცარიული საათების ფირმაში მიიყვანა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყიდდა ნაწარმს. სწორედ იქ დაინტერესდა ყმაწვილი საათის მექანიზმებით და თანდათან მივიდა დასკვნამდე, რომ საკუთარი კომპანია უნდა შეექმნა. 1903 წელს, განსაზღვრული გამოცდილების მიღების შემდეგ, ჰანსი ლონდონში გადაბარგდა, სადაც საკუთარი საქმის წამოწყება გადაეწყვიტა. მან ინგლისელ ქალზე იქორწინა და ბრიტანეთის ქვეშევრდომობა მიიღო. 1905 წელს ჰანსმა შეასრულა განზრახული და ცოლისძმასთან, უილიამ დევისთან ერთად, დააფუძნა კომპანია ჭილსდორფ & Davis-ი.

კომპანია კი შექმნა, მაგრამ ვილსდორფს, ცხადია, არც მზა საათები ჰქონდა და არც საკუთარი წარმოება. ამიტომ შვეიცარიას მიაშურა სანდო მიმწოდებლის მოსაძებნად. ჰანსმა არჩევანი ქალაქ ბილში მდებარე "ჰერმან ეგლერ სუისის" ფაბრიკაზე შეაჩერა. მისი მექანიზმები დიდი სიზუსტითაც გამოირჩეოდა და ადვილი შესაკეთებელიც იყო. შერჩეულმა მექანიზმმა, ხანგრძლივი და გამოწვლილვითი შემოწმების შემდეგ, A კლასის სერტიფიკატი მიიღო - ეს უმაღლეს ხარისხსა და სიზუსტეს ნიშნავდა. საათებს კომპანია "დენისონის" განსხვავებული დიზაინის სამი კორპუსი შეურჩიეს: სპორტული, ყოველდღიური და ოფიციალურ-საზეიმო. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ Aegler-ის მექანიზმი მცირე ზომის იყო - ვილსდორფი ხომ მაჯის საათებს ყიდდა. ამ ნაბიჯს მაშინ ან მეტისმეტად გაბედული ადამიანი გადადგამდა, ანაც შერეკილი - მაჯის საათი მხოლოდ ქალის სამშვენისად მიიჩნეოდა და მოთხოვნილებაც დიდი არ იყო. თუმცა ჰანსს სჯეროდა, რომ მაჯის საათი ყველასთვის სასურველი აქსესუარი გახდებოდა და არც შემცდარა. "ეგლერის" მოწოდებული საათები იუველირებს ეგზავნებოდა, რომლებიც მას ამკობდნენ და კორპუსში სვამდნენ ლოგოტიპებს W&D-ი.

ძალად შვეიცარიელი

სახელწოდება "როლექსი" 1908 წლის 2 ივლისს გაჩნდა, კომპანიის ცნობილი ლოგოტიპი - გვირგვინი კი 1925 წელს დაიბადა. შვეიცარიელ მესაათეთა უმრავლესობა სავაჭრო ნიშნად საკუთარ სახელს იყენებდა, ვილსდორფმა კი სხვაგვარად გადაწყვიტა: "როლექსი" კარგად ჟღერდა ყველა ენაზე, ციფერბლატზეც მშვენივრად თავსდებოდა, ანუ ის კეთილჟღერადია და ადვილად დასამახსოვრებელი.

ჰანსმა თავიდანვე მთელი ძალისხმევა მიმართა საქონლის გაყიდვაზე, მარკეტინგსა და ხარისხზე. მაჯის საათებს, უფრო მცირე ზომების მიუხედავად, ტოლი არ უნდა დაედოთ ჯიბის საათებისთვის. ვილსდორფი დაუღალავად უკიჟინებდა შვეიცარიელ პარტნიორებს, ხარისხის გაუმჯობესებაზე ეზრუნათ, რამდენიმე წელიწადს ლონდონი-ბილის გზაზე იყო გაბმული და კარგი შედეგებიც მიიღო. მსოფლიოში პირველი მექანიზმი, რომელსაც შვეიცარიაში "დროის აღრიცხვის სკოლამ" 1910 წელს ქრონომეტრის სტატუსი მიანიჭა, იყო ფაბრიკა "ეგლერის" ნაწარმი, საგანგებოდ "როლექსისთვის" შექმნილი. ოთხი წლის შემდეგ საათი ლონდონში, ობსერვატორიაში გამოსცადეს ექსტრემალურ პირობებში. მიუხედავად ტემპერატურის საშინელი ცვალებადობისა, საათი ერთი წამითაც არ არეულა. ტესტირებამ გაყიდვაც წაახალისა და მათ რიგებს სამხედროები შემატა.

პირველმა მსოფლიო ომმა აშკარა გახადა მაჯის საათის უპირატესობა. ტყვიის წვიმებში, გაგანია ბრძოლისას, საათის მოსაძებნად სამხედროებს ჯიბეების ჩხრეკა აღარ სჭირდებოდათ. "როლექსი" გადაიქცა "სამეთაურო" საათად და საბოლოოდ დაიმსხვრა ის აზრიც, რომ მაჯის საათის გაკეთება მხოლოდ ქალის საქმეა.

პირველმა მსოფლიო ომმა ყველა სახელმწიფოს დაღი დაასვა. ინგლისშიც 1919 წელს მაღალი გადასახადი დაწესდა იმპორტულ სამრეწველო საქონელზე, შიდა მრეწველობის მხარდასაჭერად. ვილსდორფს სხვა არაფერი დარჩენოდა და ჟენევაში გადასახლდა. გასაკვირი არ არის, რომ "როლექსს", რომელიც დღეს შვეიცარიულ ხარისხთან ასოცირდება, თვით შვეიცარიელები "უცხოურად" მიიჩნევდნენ. ვილსდორფს დიდი ჯაფა დაადგა "მზისქვეშეთში ადგილის დასაკავებლად", სამაგიეროდ, "ეგლერთან" საქმიანი ურთიერთობები გაადვილდა, რასაც ახალი მოდელების შექმნა მოჰყვა.

პირველი წყალგაუმტარი

ომის დროს საათმა "თავი გამოიჩინა", მაგრამ იყო პრობლემებიც. ის მტვერსა და ნესტს ატარებდა. ვერც იქნებოდა ჰერმეტული, რადგან კორპუსის იდეალურად დაკეტვას დასაქოქი თავაკი უშლიდა ხელს. დროთა განმავლობაში კი მტვერი და ნესტი მექანიზმს აზიანებდა. ჰანსსა და მის პარტნიორებს ახალი ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი, რაც მხოლოდ 1926 წელს შეძლეს. დასაქოქი თავაკი ამიერიდან კორპუსში ჩახრახნეს, საათი კი ჰერმეტული გახდა. პირველ წყალგაუმტარ საათს Oyster-ი (ხამანწკა) უწოდეს.

წარმატება დიდი იყო, მაგრამ მოულოდნელ პრობლემებს შეეჯახა. ხალხს ვერაფრით დაეჯერებინა, რომ საათში წყალი არ შევიდოდა. ვილსდორფმა შეიტყო, რომ სწორედ იმ დროს ინგლისელი მოცურავე ქალი მერსედეს გლაიცე ლა-მანშის სრუტის გადაცურვას აპირებდა. უკეთეს შემთხვევას მესაათე ვერ იპოვიდა. 1927 წლის 9 ოქტომბერს, გადაცურვის წინ, ვილსდორფმა პირადად გადასცა გლაიცეს "ხამანწკა" საათი, რომელიც სპორტსმენს 15 საათისა და 15 წუთის განმავლობაში ეკეთა. საფრანგეთის ნაპირზე გამოსული მოცურავის საათი ჩვეულებრივად წიკწიკებდა და ზუსტ დროს აჩვენებდა. ეს საუკეთესო რეკლამა იყო. ჰანსმა 40 ათას შვეიცარიულ ფრანკად სტატია საათის უნიკალურ თვისებებზე ლონდონური "დეილი მაილის" პირველი გვერდზე განათავსა... 1931 წელს შეიქმნა ავტომატური დაქოქვის მექანიზმი. თავაკით კი მფლობელს დროის დაყენებაც შეეძლო. მოდელს Oyster Perpetual-ი უწოდეს (მარადიული ხამანწკა). მალე ის ყველაზე პოპულარული საათი გახდა და კომპანიას სახელი გაუთქვა, როგორც ექსტრემალური პირობებისთვის საუკეთესო საათის შემქმნელს.

მოდის დევნის გარეშე

ძვირფას მარკებს შორის "როლექსი" ხელმისაწვდომობით გამოირჩეოდა და დიდად პოპულარული იყო. მას კლიენტები ადვილად ცნობდნენ განიერი, მრგვალი ციფერბლატითა და საფირმო დაკბილული რგოლით.
ჰანს ვილსდორფი 1960 წელს გარდაიცვალა. კომპანია მან სატრასტო ფონდს ანდო, რომელიც მისი შვილების ინტერესებს იცავდა. ბიზნესმენმა იმაზეც იზრუნა, რომ კომპანია უცხო ხელში არ მოხვედრილიყო. აქციების ფლობის ჭკვიანურად მოფიქრებული სისტემის წყალობით, კომპანიის მცირე ნაწილსაც ვერავინ მიიღებს ყველა მფლობელის თანხმობის გარეშე. კომპანია ღოლეხ შA დღესაც ეკუთვნის ჰანს ვილსდორფის ფონდს, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც საქველმოქმედო და კორპორაციულ გადასახადს არ იხდის.

ახალი მმართველი კომპანიას მხოლოდ 1962 წელს დაენიშნა. ანდრე ჰაინიგერი 12 წელიწადს მუშაობდა ფირმაში და შესანიშნავად იცნობდა ძირითად პრინციპს - მაქსიმალური ხარისხის დაცვას. ამასთან, "როლექსი" არად დაგიდევდათ მოდის ცვალებადობას. "არავითარი ავანგარდი, უცნაური ციფრები, არატრადიციული კორპუსი - არაფერი ისეთი, რაც ათწლეულების შემდეგ მოძველებულის შთაბეჭდილებას დატოვებს", - ამბობდა ჰაინეგერი. ასეთი კონსერვატიულობა წარმატების საწინდარი გახდა.

კომპანია ბაზარს არასოდეს აჯერებს ბოლომდე და ხელოვნურ დეფიციტს ინარჩუნებს. ბრენდი არავის უნაწილებს დასახელებას - მის საფირმო გვირგვინს ვერ ნახავთ სათვალეებზე, ჩანთებზე, ავტომობილებსა თუ სამოსზე. ამზადებს მხოლოდ საათებს, რომლებსაც ყველა დროში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მაჯაზე იკეთებდა და იკეთებს.

კომპანიას 28 ფილიალი აქვს მთელ მსოფლიოში, 4 ათასი ოსტატი კი კლიენტებს 100 ქვეყანაში ემსახურება. წლიური გაყიდვა $4,5 მილიარდზე მეტია.

მოამზადა ნატა ენუქიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით