დავით ნარმანია: არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა
08-04-2013
დავით ნარმანია: არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა
"ჩვენი რესურსების დიდი ნაწილი დაწყებული პროექტების დაფინანსებაზე მიდის"

მინისტრთა კაბინეტმა გასულ კვირაში დაამტკიცა რეგიონებში განსახორციელებელი 510 პროექტი. პროექტების ფონდში სულ ამგვარი 651 პროექტია და მათთვის 201 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას განმარტებით, ძველ პროექტებთან ერთად, დაწყებულია ახლებიც, ამასთან, არც ერთ საერთაშორისო დონორს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია.

- რეგიონული განვითარების სამინისტროში 200-ზე მეტი ერთობლივად, პარალელურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტია. 1-ელი იანვრიდან, ერთი მსხვილი პროექტი - მარაბდა-კარწახის
რკინიგზა - ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით. ყველა სხვა პროექტი ჩვენთან დარჩა. ძალიან ბევრ პროექტს ხარვეზები ჰქონდა, ზოგიერთი გამოვასწორეთ, თუმცა, კიდევ ბევრია გამოსასწორებელი. თავის დროზე ბევრი კარგი პროექტი იყო ინიცირებული, მაგალითად, ავტომაგისტრალის მშენებლობა. მაგრამ სამუშაოები ჩქარა სრულდებოდა და ამიტომ საჭირო ხარისხს ვერ ვიღებდით. ცალკეული პროექტი სამართლებრივი პრობლემებით
დაგვხვდა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვები, დარღვეული იყო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ წესები. აქამდე რაც შევძელით, გამოვასწორეთ.

- რამე ისეთი დაგხვდათ სამინისტროში, რაც გამოუსწორებელია?

- ეს არის ცალკეული უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაო. ეს ეხება ზოგან გზებს, ზოგან კი - მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, მათ ვეღარაფერს ვუშველით. მაგალითად, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაგებული გზის ერთი მონაკვეთი კახეთში უხარისხოა და აღარაფერი ეშველება. დახარჯულია რესურსი, გაკეთებულია უხარისხოდ და მალე ხელახლა გასაკეთებელი გახდება. ასევე, 14 თვის წინ დაგებული გზა ქუთაისის შესასვლელში, სამტრედიის მხრიდან, თავიდან გასაკეთებელია. არის უხარისხოდ შესრულებული სხვა პროექტებიც.

- თქვენ უშუალოდ ხართ ჩართული წლევანდელი სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. თუ არის ზარალი საბოლოოდ დათვლილი და რა თანხაა საჭირო სამუშაოების დასასრულებლად?
- ზარალის მოცულობა, მიახლოებით, 6 მილიონ ლარამდეა, რომლის ერთი ნაწილიც აჭარაში ნაპირდაცვით სარეაბილიტაციო სამუშაოებს დასჭირდება. დანარჩენი სახურავების შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯებია. რესურსები გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა. გადახურვა 15 აპრილისთვის დასრულდება. აჭარის ტერიტორიაზე ნაპირგამაგრებით სამუშაოებს, ელექტრობოძების აღდგენას და ასე შემდეგ, ცოტა მეტი დრო დასჭირდება. მაგრამ ტურისტულ სეზონამდე ეგეც მოესწრება.

- წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ გაგრძელდება და რომლის დასრულებას აპირებთ?
- ყველა პროექტი გრძელდება და ამას, მგონი, მეათასედ ვიმეორებ. ეს იმის გამოც არის გამოწვეული, რომ პრეზიდენტი ყოველდღიურად იმეორებს, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერდაო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა. გადავხედეთ ზოგიერთს, როგორიცაა „ოქროს ქვიშები“ და სხვა ძალიან ძვირი პროექტები. მსგავსი მშენებლობის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. სანაცვლოდ იქ ჭოროხის ქვიშა-ხრეშოვანი მასა იქნება გამოყენებული, რითაც 80 მილიონი ლარი დაიზოგება.
თბილისის ხიდის მხოლოდ პროექტი არსებობდა, ის არ იყო დაკონტრაქტებული და არც ფული გამოყოფილა. ამასთან, მერიისგან მივიღეთ სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლების 500-ზე მეტი ხელმოწერა, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ დრო გვჭირდება დამატებითი შესწავლისთვის. ხიდი რომ ავაშენოთ და პრობლემები შეიქმნას, პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება და არა გიგი უგულავას, რომელიც იმ დროისთვის ქალაქის მერი აღარ იქნება. ასეთი მასშტაბური ხიდის აშენებას, სულ ცოტა, ორი-სამი წელი სჭირდება.

- ახალი პროექტების შესრულება თუ დაიწყო?

- ახალ პროექტებს შორისაა წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება 25 მუნიციპალიტეტში, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთი. ერთი თვის წინ დაკონტრაქტდა ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალის ნაწილი და ავანსიც გავეცით - 23 მილიონი ლარი. კიდევ არის რამდენიმე, შედარებით ახალი მცირე პროექტი, რომლებზე მუშაობაც მიმდინარეობს. წლეულს ბევრი გარდამავალი პროექტი გადმოგვყვა 2012-დან. ისინი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. 2012 საარჩევნო წელი იყო და წინა ხელისუფლებამ ძალიან დიდი ვალდებულებები იკისრა. ეს პროექტები რომ არ შევაჩეროთ, ჩვენი რესურსების დიდი ნაწილი სწორედ მათ დაფინანსებაზე მიდის. ამასთან, ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან 2014 წლის გეგმებზე.

- საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან დამოკიდებულება დაფინანსების ზრდისკენ ან შემცირებისკენ ხომ არ შეცვლილა?
- დაფინანსების შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა. ყველა დონორთან გვაქვს ურთიერთობა. ვიყავი ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში. ჩემი მოადგილე იმყოფებოდა მანილაში - აზიის განვითარების ბანკში. აქაც ვხვდებით მათ წარმომადგენლებს. უკვე შემდგომი სამი წლის სამოქმედო გეგმებზე ვმუშაობთ, თუმცა, მომლაპარაკებელი ორგანო ფინანსთა სამინისტროა, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ჩვენ ვიწყებთ კონკრეტულ საქმიანობას.
არც ერთ საერთაშორისო დონორს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია. ჩვენი პოლიტიკაა, დონორების გამოყოფილი რესურსებიდან მეტი შედეგი მივიღოთ, თანხები ვხარჯოთ ეფექტიანად და რაც შეიძლება გავზარდოთ ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი. ჩვენი ბიუჯეტის 2/3 დონორების მიერ ფინანსდება, 1/3-მდე არის საბიუჯეტო თანადაფინანსება.

- თქვენი ინიციატივით, ბიზნესმენებმა 70% ადგილობრივი მუშახელი უნდა დაასაქმოს. ეს რეგულაცია საქმეს ხომ არ გაურთულებს ბიზნესს? იქნებ ადგილობრივ არ არის საჭირო სპეციალისტი ან უცხოელი ნაკლებ ფასად თანხმდება მუშაობას?
- არა, ამის საფრთხე ნამდვილად არ დგას. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ 70% მაინც ადგილობრივი კადრი უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია დანარჩენი 30% ვინც სურს, ის დაასაქმოს. ჩვენი მთავარი ინტერესია, ადგილზე დარჩეს ის შემოსავალი, რასაც დასაქმებულები იღებენ. არავის ვემტერებით, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების დასაქმება ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. ძალიან ბევრი სახელმწიფო აკეთებს ასე.
ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი ტექნიკური სამუშაოებია და მას მაინცდამაინც მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება. როცა საინჟინრო გადაწყვეტებზეა საუბარი, სწორედ ამისთვის ვუტოვებთ იმ 30%-იან არჩევანს, რომ კომპანიამ შესაბამისი პერსონალი დაიქირავოს.

- სამინისტროში როგორ ხდება ახალი კადრების შერჩევა?

- ძალიან მალე ვაპირებთ კონკურსის გამართვას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება განცხადების შემოტანა და საჯარო კონკურსში მონაწილეობა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სამინისტროს სისტემაში დასაქმდნენ.

- კონკურსი ვის შეეხება?

- ეს იქნება ყველასთვის, მინისტრისა და მოადგილეების გარდა.

- გამოდის, მთლიანად იცვლებიან თანამშრომლები?

- ნაწილი, ალბათ, ძველი დარჩება, ვინც კონკურსში გავა და შესაბამისი კვალიფიკაცია აღმოაჩნდება. ნაწილი კი ახალი კადრებით შეივსება. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ვალდებული ვართ, საჯარო კონკურსი მოვაწყოთ. აქ კონკურსი არასდროს გამართულა და ვინც აქ მუშაობს, ყველა მოვალეობის შემსრულებელია... კონკურსი ამ გაზაფხულზე მოეწყობა. სხვა სამინისტროებშიც კონკურსები უნდა გაიმართოს.
goga
13 აპრილი 2013 18:47
ბატონი ნარმანია კარგ ხელფას გებულობს რა ეჩქარება პროექტების დროულად დაწყება ხალხი უმუშევარია და მშიერია. თქვენც მაგრები ხართ ჟურნალისტები მატყუარა მინისტრებს კიარა ხალხში გადით და გაიგეგეთ რა უჭირთ ხალხს
goga
13 აპრილი 2013 18:27
ოქტომბრის მერე რომ გაჩერდა სამუშაო მის მერე უმუშევარი ვარ არც ნამუშევარი რაც მერგებოდა დგემდე არ ამიGია რაც იYო განუკიტხაობა ადრე იგივე ხდება
Zura
11 აპრილი 2013 17:52
Oqtombris mere arcerti samushao ar ari da mxolod dampirebebi mesmis. Var,ekskavatoris operatori da am saqmis kargad gamegeba,msxvil kompaniebshi vmushaobdi da dadebiti rekomendaciebi maq ubralod mteli es tveebi yvelaferi gacherebulia. Samushao gvinda,dapirebebi ki ara.

რედაქტორის რჩევით