თევზის ბიზნესი კონკურენციის ოკეანეში
08-04-2013
თევზის ბიზნესი კონკურენციის ოკეანეში
"საბოლოოდ, გავრისკეთ და არ ვნანობთ - მაღაზია მუშაობს, ქსელის გაფართოვებასაც ვფიქრობთ"

რთულ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილება და კრედიტით დაწყებული თევზის ბიზნესი - გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, გასულ კვირაში თევზის სპეციალიზებული მაღაზია "აკვარიუმის" დამფუძნებლებს უმასპინძლა. 40-ზე მეტი სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტები, მომსახურება თევზის დაჭრიდან მის შეწვა-მოხარშვამდე, და თევზის ადგილობრივად მოშენების განზრახვა - "ბიზნესფაილმა" მომხმარებელს კიდევ ერთი მცირე ბიზნესი წარუდგინა. მომხმარებელთა ფედერაციის
თავმჯდომარე მადონა კოიძემ კი მომხმარებელს რამდენიმე რჩევა მისცა, რომელიც თევზის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

ლელა ჩაჩუა (თევზის სახლ "აკვარიუმის" ხელმძღვანელი):
"ბიზნესის დაწყება რთულ ვითარებაში გადავწყვიტეთ. მე და ჩემს მეუღლეს შვილი გვყავდა საოპერაციოდ გერმანიაში, სადაც სუპერმარკეტში ვნახეთ თევზის განყოფილება და თევზის სპეციალიზებული მაღაზიის გახსნის იდეა გაგვიჩნდა.
მით უფრო, რომ მაშინ საქართველოში ასეთი მაღაზია არც არსებობდა.

არანაირი საკუთარი ფინანსური რესურსი არ გვქონდა და საქმე კრედიტით დავიწყეთ. იდეიდან გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვე გავიდა. ჯერ ერთი, ბანკიდან სესხის აღება არცთუ ადვილი აღმოჩნდა და იმაზე ფიქრიც არ გვაძლევდა მოსვენებას, შევძლებდით თუ არა დაწყებული საქმით კრედიტის გადახდას. საბოლოოდ, მაინც გავრისკეთ და არ ვნანობთ - მაღაზია მუშაობს, სამომავლოდ ქსელის გაფართოებასაც ვფიქრობთ, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას და სხვ.

თევზისა და ზღვის პროდუქტების გაყიდვა სეზონურობაზეა დამოკიდებული. რატომღაც მომხმარებელი საქართველოში ზაფხულში ძალიან ცოტა თევზს მოიხმარს. ვფიქრობ, ეს შენახვის არასწორ პირობებს უკავშირდება, რაც სამწუხაროდ, ხშირია ბაზრებსა და ბაზრობებზე. ჩვენთან კი თევზს ყველა წესისა და ნორმის დაცვით ვინახავთ, ამიტომ მისი შეძენა თამამად შეიძლება წლის ნებისმიერ დროს. მოხმარება იზრდება მარხვისას და ყველაზე მაღალი საეკლესიო დღესასწაულებზეა.

გარდა ფართო ასორტიმენტისა, მომხმარებელს სრულ მომსახურებას ვთავაზობთ: ვეხმარებით პროდუქციის შერჩევაში, ვუჭრით თევზს, შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია შევწვათ, მოვხარშოთ ან მისთვის სასურველი ნებისმიერი სახით მივართვათ.

რაც შეეხება ხელშეწყობას, ჩვენისთანა მცირე ბიზნესს მძიმე ტვირთად აწევს მაღალი საპროცენტო განაკვეთები კრედიტზე. რადგან საკუთარი კაპიტალი არ გვაქვს, ფინანსურად დამოკიდებული ვართ ბანკზე და შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს საპროცენტო სარგოსთვის ვიხდით. იაფი კრედიტის პირობებში კი ბიზნესის გაფართოებასა და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდით".

მადონა კოიძე (მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე): "თევზის შენახვას განსაკუთრებული პირობების დაცვა სჭირდება. შენახვის ვადაც ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული. მაგალითად, შებოლილი თევზის შენახვის ვადაა 7 დღე (0-დან -2 გრადუსამდე), ან 14 დღე (-3-დან -5 გრადუსამდე). გაყინული თევზის შენახვის ვადა 2-6 თვემდე მერყეობს, თუ -18 გრადუსზეა გაყინული. უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს, თუ ის გაყინულია -30 ან -31 გრადუსზე. მაგრამ აქაც პრობლემებია. ჯერ ერთი, გაყინულ პროდუქტზე მომხმარებელი ვარგისიანობის ვადას ვერ პოულობს, რადგან ის ყუთზეა დატანილი, რომლის ნახვის შესაძლებლობა ხშირად არ აქვს. გარდა ამისა, არ არის გარანტია, რომ თევზი ტრანსპორტირებისას არ გალღობილა. ამის შემჩნევა ძნელია, თუმცა არის რამდენიმე ნიშანი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა. მაგალითად, ნედლ თევზზე თითით დაჭერისას ღრმული არ უნდა დარჩეს და ის მაშინვე უნდა ამოივსოს. ფარფლი სხეულს ადვილად არ უნდა სცილდებოდეს. თევზს არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული კანი, თვალები უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე, ლაყუჩები კი - ვარდისფერი. კუდი არ უნდა იყოს მშრალი და აპრეხილი. არ უნდა ჰქონდეს მძაფრი, ამიაკის სუნი".

აკაკი ტოროტაძე (თევზის სახლი "აკვარიუმის" მარკეტინგის მენეჯერი):
"საქართველოში თევზის ბიზნესი ნაკლებად განვითარებულია, მათ შორის სარეწაო საქმე, საკონსერვო წარმოება... შესაბამისად, ძირითადად იმპორტზე ვმუშაობთ, თევზი ნორვეგიიდან და კანადიდან შემოგვაქვს. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მომხმარებელი ნაკლებად ეტანება თევზსა და ზღვის პროდუქტებს, დასავლეთ საქართველოში კი მოთხოვნა უფრო მეტია. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს კიდეც, ამას რა დაკვირვება უნდოდა, აქამდეც უნდა სცოდნოდათო, მაგრამ გულახდილად გეტყვით, როცა ეს საქმე დავიწყეთ, ბიზნესში არავითარი გამოცდილება არ გვქონდა. გამოგიტყდებით, მაღაზიისთვის ფართიც არა კომერციული გათვლებით, არამედ სახლთან ახლოს ვიქირავეთ. ახლა ვფიქრობთ, რომ მსგავსი სავაჭრო ობიექტი დასავლეთ საქართველოში უფრო იმუშავებდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე, აუცილებლად გავხსნით იქ მაღაზიას.

დასაწყისისთვის დავინტერესდით, რას სთავაზობდა ბაზარი მომხმარებელს და შევეცადეთ, პროდუქციის სრული სპექტრი შეგვეთავაზებინა: ცოცხალი თევზი, ნედლი თევზი, გაყინული, შებოლილი, მზა პროდუქტები და სხვ. ასეთი მრავალფეროვანი ასორტიმენტი შეიძლება მხოლოდ ბაზრობებზე იყოს, სადაც თევზი ჰიგიენური ნორმების დაუცველად იყიდება და ამიტომ მათ კონკურენტებად ვერ მივიჩნევთ.

ჩვენი პროდუქცია გათვლილია როგორც დაბალშემოსავლიან, ასევე მაღალშემოსავლიან სეგმენტებზე. მაგალითად, ყველაზე იაფი და თან გაყიდვის ლიდერი პროდუქტი "მოივაა". ჩვენთან ეს თევზი 1 კგ 3,20 ლარი ღირს, რაც ბაზრობის ფასზე, დაახლოებით, 40 თეთრით იაფია. კალმახი, შესაძლოა, სხვა მაღაზიაში ან ბაზრობაზე უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ აქ უკვე დიდი ყურადღება ექცევა ხარისხს. ჩვენთან ბორჯომის კალმახია, რომელიც ძალიან განსხვავდება გორის კალმახისგან და, შესაბამისად, 3-4 ლარით უფრო ძვირიც ღირს.

არ გამოვრიცხავთ, რომ ბიზნესის განვითარებასთან ერთად, სამომავლოდ თევზის წარმოებასაც მივყოთ ხელი. ვფიქრობთ, ადგილობრივი პროდუქტი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება ფასითაც და ხარისხითაც".
უძლევი
10 აპრილი 2013 15:02
თევზეულით ხორცის ჩანაცვლება ჯანმრთელობას უწყობს ხელს. თევზი მალე მზადდება ვიდრე ხორცი, ნაკლები ენერგია ჭირდება და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ზოგი თევზის სახეობა. მაღაზიაში თევზის სარგებლობის შესახებ ბროშურების კუთზე და თევზის რეცეპტები დაეხმარება თევზის პოპულარიზაციას და გაყიდვებს.

რედაქტორის რჩევით