რეიტინგები: "სამიანი და სიმართლე" - კვირის პალიტრა

რეიტინგები: "სამიანი და სიმართლე"

თვალში ნაცრის შეყრას საქმიანი შეფასებები სჯობს

მსოფლიოს ფინანსურ წრეებში უდიდესი გავლენით სარგებლობენ სარეიტინგო სააგენტოები, რომელთა შეფასებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, ისინი კარნახობენ და აძლევენ მიმართულებას ინვესტორებს, რომელ ფასიან ქაღალდებში დააბანდონ ფული. მსოფლიოში ასამდე სარეიტინგო სააგენტო საქმიანობს, მათგან 15 გამორჩეულია მოცულობით, ხოლო სამი - ყველაზე ცნობილი და გავლენიანია (Standard & Poor’s-ი (S&P), Fitch Ratings-ი და Moody’s-ი).

"ფიჩ რეიტინგზმა", რომელიც 1913 წლიდან წარმატებით ოპერირებს, საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი BB- დაადასტურა. ფონდში ამბობენ, რომ ეს საკმაოდ კარგი შეფასებაა, რაც საგრძნობლად შეუწყობთ ხელს მუშაობაში.

ირაკლი კოვზანაძე (საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი): - სარეიტინგო სააგენტო "ფიჩ რეიტინგზი" აღნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენი საპარტნიორო ფონდის აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სააგენტო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ფონდის მანდატი არის კაპიტალის ინვესტირება ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში და რაკი ქვეყანაში კერძო კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია, ფონდი თავისი ამოცანითა და საქმიანობით ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. საყურადღებოა, რომ საპარტნიორო ფონდის რეიტინგი სახელმწიფოს რეიტინგთან არის გათანაბრებული, რაც საქართველოში მოქმედი კომპანიების უმეტესობისთვის მაქსიმალურად მაღალი შესაძლო რეიტინგია.

სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, საპარტნიორო ფონდის საკრედიტო რეიტინგისთვის დადებითი ფაქტორი იყო სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების შეყვანაც. მიუთითებენ, რომ სახელმწიფოს რეიტინგის ზრდის შემთხვევაში ფონდის რეიტინგიც ავტომატურად ამაღლდება. მაქსიმალური რეიტინგი ფონდის მუშაობის სწორ მიმართულებასა და მის სანდოობას ადასტურებს".

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეფასება როგორც საპარტნიორო ფონდისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის განმარტებით, "ფიჩ რეიტინგზი" ანიჭებს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან რეიტინგებს, აფასებენ, სად არის საინვესტიციო გარემო საკმაოდ კარგი ან არცთუ სასურველი. შეფასებებს შორის საუკეთესოა AAA. ამის შემდეგ მოდის AA. ხოლო BB კი ნიშნავს, რომ საინვესტიციო გარემო ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორც AA-ის შემთხვევაში. BB ამავე დროს აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის მიდრეკილება ეკონომიკური განვითარებისკენ, მინუსი კი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ვითარება ხშირად იცვლება, ფინანსური გარემო სხვადასხვა ფაქტორების გავლენას ექვემდებარება და შესაბამისად, მთლად სტაბილური არ არის.

- ეს შეფასება, ანუ BB მინუსით, კარგია თუ ცუდი?

- მე ვიტყოდი, უფრო საშუალო ეთქმის. საპარტნიორო ფონდი კორპორაციაა, რომელიც სახელმწიფო აქტივებს მართავს, "ფიჩის" კომენტარში კი მითითებულია, რომ ქვეყანაში კერძო კაპიტალის ბაზარი არ არის იმდენად განვითარებული, სამაგიეროდ, განვითარებულია სახელმწიფო აქტივების ბაზარი. ეს ჩანაწერი მინიშნებაა, რომ საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზარი უფრო აქტიური უნდა გახდეს. სახელმწიფოს რეიტინგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა BB- ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მიდრეკილება განვითარებისა და ცვლილებებისკენ, მაგრამ ფინანსური სიტუაცია აქ მტკიცე არ არის. რა თქმა უნდა, BBB რომ მოენიჭებინათ, უკეთესი იქნებოდა, ხოლო ეს მინუსი რომ არ ყოფილიყო - მთლად უკეთესი.

ხათუნა ჩიგოგიძე