ზემოგება, თუ ვაი მოსაკრებლისგან?
15-04-2013
ზემოგება, თუ ვაი მოსაკრებლისგან?
"თუ ეს სიახლე დადებით შედეგს არ მოიტანს, შესაძლოა გადაიხედოს"

ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდის განზრახვამ მინერალური და მტკნარი წყლის კომპანიების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მსხვილი კომპანიები მოსაკრებლის გაზრდას უარყოფითად აფასებენ: „ბორჯომის“, „საირმისა“ და „ნაბეღლავის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილება ყველაზე მეტად მათი პროდუქციის ექსპორტზე აისახება. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, მინერალურ წყალზე მოსაკრებელი სამჯერ, ხოლო მტკნარ წყალზე - ორჯერ გაიზრდება. მედიით გავრცელდა ცნობები, რომ მუშაობას აჩერებს კომპანია „ფლატე", წარმოების შეწყვეტის საფრთხეზე ალაპარაკდნენ „რაჭის წყლებშიც".
როგორც მინერალური, ასევე მტკნარი წყლის ბიზნესში მომუშავე კომპანიები ირწმუნებიან, რომ სიახლე პრობლემებს შეუქმნის მათ საქმიანობას როგორც საგარეო, ასევე შიდა ბაზარზე. ამასთანავე, მოსაკრებლის გაზრდა ემთხვევა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის ამოქმედებას, ეს კი, მათი მტკიცებით, მძიმე ფინანსურ დარტყმას მოასწავებს.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებებიც. ბევრი ფიქრობს, რომ
ერთ ლიტრ წყალზე მოსაკრებლის 2-3 თეთრით გაზრდა მათ ბიზნესს ნამდვილად არ დააზარალებს, რადგან ამ სფეროში მინიმალური მოგება, სულ მცირე, 50 თეთრია. სოციალურ ქსელებში კი ასეთ არგუმენტსაც წააწყდებით: "შეადარეთ ფასები ჩვენთან და ევროპაში, სადაც თანამშრომლების ხელფასიც მეტია, გადასახადიც, წყალი კი - გაცილებით იაფი!"

საკითხავია, გამოიწვევს თუ არა მოსაკრებლის გაზრდა პროდუქციის გაძვირებას? როგორც კომპანია "წყალი მარგებელის" ("ნაბეღლავი") პრესსამსახურში გვითხრეს, ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ ამ თემაზე საუბრისგან. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ კანონში ცვლილება ჯერ მიღებული არ არის - ამ საკითხზე პარლამენტმაც უნდა იმსჯელოს და კიდევ ბევრი რამ რჩება გასარკვევი, ხოლო ფასებზე მსჯელობა შესაბამისი გათვლებისა და ანალიზის გარეშე შეუძლებელია. „საირმის" წარმომადგენელმა მაკო ჭალაგანიძემ კი გვითხრა: "გადასახადების გაზრდა, ბუნებრივია, არ იწვევს ბიზნესის განვითარებას და არ არის მისთვის სტიმულის მიმცემი. ჩვენი კომპანია ბიზნესგეგმის გადახედვასა და კონკურენტული გარემოს ხელახალ შეფასებას დაიწყებს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის საფუძველზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებსაც, ამ ეტაპზე კი ფასების ზრდაზე ლაპარაკი ძნელია".

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - გადასახადის ზრდა, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე, რაც საბოლოოდ ფასზე ახდენს ზეგავლენას. მოსაკრებლის გაზრდის შემთხვევაში კომპანიებს მოუწევთ წყლის ფასის გაზრდა, ხოლო კითხვას, თუ ვინ გადაიხდის გაზრდილ ფასს, ერთადერთი ლოგიკური პასუხი აქვს - რა თქმა უნდა, ჩვენ. ამას ვერ დააფინანსებს სახელმწიფო, ეს მას არც ევალება, კომპანიები კი მოგებაზე უარს არ იტყვიან და შესაბამისად, სხვაობას რიგითი მომხმარებელი გადაიხდის.

- ეს კომპანიები 1 ლიტრ წყალში 1 თეთრს იხდიდნენ, ახლა კი 3 თეთრის გადახდა მოუწევთ, როგორ ფიქრობთ, ეს მათ მოგებასთან შედარებით უმნიშვნელო თანხა არ არის?

- ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის, მინერალური წყლის ფასს ბაზარი აწესებს. ზემოგების თემა, მე პირადად, ხელოვნური მგონია. ზემოგებაზე საუბარი მაშინ შეიძლება, როცა ლაპარაკია მონოპოლისტურ მდგომარეობაზე, მაგრამ იქ, სადაც ბაზარზე ფასს მოთხოვნა-მიწოდება აწესებს, ამ თემაზე მსჯელობა, ცოტა არ იყოს, უადგილოდ მიმაჩნია. "ბორჯომი" 1 ლარის ნაცვლად 1,20 ლარი რომ გახდეს, მთავრობა ამ ფასს ვერ შეცვლის.

მეც მგონია, რომ წყალზე გადასახადის ორ-სამჯერ გაზრდა ამ ბიზნესს არ დააქცევს, მაგრამ მოსაკრებლის გაზრდა გასაყიდ ფასზე აისახება. აუცილებლად უნდა შევეხოთ შედარებით პატარა კომპანიებს, რომლებსაც ბრუნვაც ნაკლები აქვთ და მცირედი რყევაც კი მტკივნეულია. კანონმდებლებმა შესაძლო მოგებაცა და დანაკარგიც კარგად უნდა დაითვალონ, კონსულტაციები გაიარონ ბიზნესთან და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღონ.

თემურ მაისურაძე (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - ამაზე მსჯელობა სამი წლის წინ დაიწყო - ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულებით, გაძვირება ძალაში 2013 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო. ვფიქრობ, ეს საკითხი შესწავლას კიდევ მოითხოვს. ნებისმიერი ცვლილება ბიზნესში იწვევს ან დადებით, ან უარყოფით შედეგებს, რაც აისახება ბიზნესზეც და ბიუჯეტზეც. მართალია, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ წყალი საქართველოში ასე ძვირი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება დადებით ფისკალურ შედეგს არ მოიტანს, შესაძლოა, ის კიდევ გადაიხედოს. საერთოდ, წყალსა და წყლის რესურსებთან დაკავშირებით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამ საკითხზე პარლამენტი უკვე მუშაობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ერთი მხარე მოგებული დარჩეს, ხოლო მეორე - დაზარალებული. ყველაფერი საფუძვლიანი განხილვისა და გაანალიზების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით